თუმცა ხორვატიულ პრესასთან ბილიჩი ოპტიმისტური განწყობით ლაპარაკობს და ქართველებთან რევანშის დიდი იმედი აქვს, მეტიც, წარმატებაში ეჭვი არ ეპარება:
"დარწმუნებული ვარ, რაც თბილისში დაგვემართა, ეს სპლიტში აღარ განმეორდება. საშინაო მატჩი აუცილებლად უნდა მოვიგოთ და მერე შემდგომ წარმატებებზე ვიფიქროთ."
თბილისში განცდილი მარცხი კი ხორვატთა თავკაცმა კიდევ ერთხელ მიაწერა უიღბლობას, ამავდროულად, საკუთარი ფეხბურთელების მიმართ აუგი არ დასცდენია და
"ასეთი სიმწარე ნებისმიერ გუნდს შეიძლება შეხვდეს, მაგრამ, როცა მეტოქეებს საგრძნობლად ჯობიხარ, ვალდებული ხარ, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავო. ყველაფერი ჩვენს ხელთაა და დარწმუნებული ვარ, მიზანს აუცილებლად მივაღწევთ", - აცხადებს ბილიჩი.
რაც შეეხება ტრავმირებულთა სიმრავლეს, ხორვატიის ნაკრების დამრიგებელი მიიჩნევს, რომ ივიცა ოლიჩსა და ივან რაკიტიჩს სრულფასოვანი შემცვლელები მოეძებნებათ: "ორი ვარსკვლავი გვაკლია და ამის ანაზღაურება გაგვიჭირდება, მაგრამ გვყავს მაღალი დონის სხვა ფეხბურთელებიც, რომლებიც მათ არყოფნას არ გვაგრძნობინებენ." ბილიჩს განსაკუთრებით ედუარდოსი ეიმედება. შეგახსენებთ, დონეცკის "შახტარის" ბრაზილიური წარმოშობის ფორვარდმა ტრავმის გამო თბილისური მატჩი გამოტოვა.
ბილიჩმა გუნდის სხვა რგოლებში არსებულ ვითარებაზეც ილაპარაკა. მან აღიარა, რომ მეკარე ვედრან რუნიე ბოლო დროს დამაჯერებლად ვეღარ თამაშობს, მაგრამ იმედი გამოთქვა, რომ საფრანგეთის ნაკრებთან მაღალ დონეზე ჩატარებული მატჩი მას საკუთარი თავის რწმენას დაუბრუნებს. ბილიჩი ჯერჯერობით რუნიეს რეალურ კონკურენტს ვერ ხედავს.
მწვრთნელი დამწუხრებულია იმაში, რომ ვეტერან იოსიპ შიმუნიჩს გერმანულ "ჰოფენჰაიმში" აღარ ენდობიან, რის გამოც ნელ-ნელა ნაკრებშიც კარგავს პოზიციებს. სამაგიეროდ, ძალიან სწრაფად პროგრესირებს ლიონელი დეიან ლოვრენი, რომელსაც დაცვის ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში, შესანიშნავ ფორმაშია ტოტენჰემელი ვედრან ჩორლუკაც. ნახევარდაცვა კი, ბუნებრივია, ხორვატთა უძლიერესი რგოლია...
ბილიჩს ისიც ჰკითხეს, უარყოფითად ხომ არ უმოქმედია ნაკრებზე მისი ასისტენტის, რობერტ პროსინეჩკის სერბულ "ცრვენა ზვეზდაში" წასვლას, რაზეც მან მიუგო, იგი შესანიშნავი სპეციალისტია, მაგრამ სისულელეა იმის თქმა, რომ საქართველოს ნაკრებთან მისი არყოფნის გამო დავმარცხდითო.
ედუარდოს შემდეგ კი ხორვატიის ეროვნულ ნაკრებში კიდევ ერთი ბრაზილიელის გამოჩენაა მოსალოდნელი, ოღონდ საქართველოს წინააღმდეგ არა, უფრო მოგვიანებით. წლებია, ზაგრების "დინამოში" წარმატებით ასპარეზობს 23 წლის თავდამსხმელი სამირი, რომელიც, ხორვატიის მოქალაქეობას თუ მიანიჭებენ, ნაკრებში დამკვიდრების შანსს აუცილებლად მიიღებს.