ქეცბაიამ გია გრიგალავა გამოიძახა

AutoSharing Option
ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ხორვატიასთან მატჩამდელ შეკრებაზე პირველად მიიწვია ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" მცველი გია გრიგალავა.

"ვოლგას" ოფისში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან გიას სახელზე ოფიციალური მიწვევა რომ მიიღეს, თბილისში ასეთი პასუხი დააბრუნეს - გრიგალავას რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებში აქვს ნათამაშებიო, ანუ რატომ უნდა ჩამოვიდესო?

დიდი ხანია, 21 წლის მცველით ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელობა დაინტერესდა. რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშის მიუხედავად, თავად გიას სურდა საქართველოსთვის თამაში. მამამისი, ალეკო გრიგალავა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას იანვარში შეხვდა და შვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენაში დახმარება სთხოვა.

ფეხბურთის
ფედერაციიდან ფეხბურთელს აპრილში დაუკავშირდნენ და საქართველოს პასპორტის დასაბრუნებლად საჭირო დოკუმენტები მოსთხოვეს. წესით, ეს საბუთები "ვოლგაში" კლუბის თანამშრომელს უნდა გაეკეთებინა, მაგრამ თავი არ შეიწუხეს და თავად გიას მოუხდა სირბილი. თუმცა, ყველა საჭირო საბუთი დროულად ვერ შეაგროვა და მათი ფეხბურთის ფედერაციაში გაგზავნა დაუგვიანდა.

ამასობაში, ფეხბურთის ფედერაციაში ეროვნული ნაკრების წევრებისთვის ხორვატიის ვიზები უკვე გააკეთეს, გრიგალავა საქართველოს პასპორტს დღე-დღეზე აიღებს.

ჯერაც უცნობია, იურიდიული საკითხები როდის მოგვარდება და შემდეგ მისთვის ხორვატიის ვიზის გაკეთება მოესწრება თუ არა. თუმცა, გრიგალავა ნაკრების შეკრებაზე მაინც გამოცხადდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული