ნაკრების სახლი უკვე დალაგდა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 3 ივნისს ხორვატიასთან გასამართი მატჩისთვის მზადება გუშინ დაიწყო. თავიდანვე ცნობილი იყო, რომ ლეგიონერთა ის ნაწილი, რომელსაც კლუბებში ოფიციალური შეხვედრები აქვს ჩასატარებელი, შეკრებას მოგვიანებით შეუერთდებოდა. ასე რომ, გასაკვირი არ ყოფილა, გუშინდელ ვარჯიშში მონაწილეობა მხოლოდ 19-მა ფეხბურთელმა რომ მიიღო.

გიორგი ლორია, როინ კვასხვაძე, არდალიონ მიქაბერიძე, გურამ კაშია, უჩა ლობჟანიძე, კახა ალადაშვილი, გიორგი ხიდეშელი, გიორგი რეხვიაშვილი, დავით კვირკველია, თორნიკე გორგიაშვილი, ჯაბა კანკავა, მურთაზ დაუშვილი, ირაკლი მაისურაძე, სანდრო გურული, ჯაბა ლიპარტია, ალექსანდრე იაშვილი, გიორგი ადამია, ნიკოლოზ გელაშვილი, ირაკლი მოდებაძე - თემურ
ქეცბაიას განკარგულებაში გუშინ ეს მოთამაშეები იყვნენ.

ნაკრების საწვრთნელ ბაზა "ბასას" რეკონსტრუქცია რამდენიმე თვის წინ ჩაუტარდა და შენობა საფუძვლიანად გარემონტდა. ქეცბაიას გუნდი მაშინ ხორვატიასთან თბილისური დაპირისპირებისთვის ემზადებოდა და იმისთვის, რომ "ბასაზე" ახალდაგებული გაზონი არ დაეზიანებინათ, ნაკრების წევრებმა ეროვნულ სტადიონზე ივარჯიშეს.

ახლა კი, საბედნიეროდ, ქეცბაიას გუნდს უკვე აქვს იმის ფუფუნება, რომ, სადაც ცხოვრობს, საწვრთნელი პროცესიც იქვე წარმართოს - ბაზის გაზონი იდეალურ მდგომარეობაშია. დასრულებულია გვერდით მდებარე ხელოვნურსაფრიანი მოედნის მშენებლობაც, რომელიც ნაკრებს უამინდობისას გამოადგება. "ბასას" კარი საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრებისთვისაც ღია იქნება.

გუშინდელი ვარჯიში კი მსუბუქი იყო, დაახლოებით ერთ საათს გასტანა და გახურების შემდეგ დროის უმეტესი ნაწილი ორმხრივ თამაშს დაეთმო. თამაში ნახევარ მოედანზე, 9X9-ზე გაიმართა, ფეხბურთელებს ბოლომდე მინდვრის ნახევარიც კი არ გამოუყენებიათ - პირითი ხაზის ფუნქციას დამატებით გავლებული წყვეტილი ხაზები ასრულებდა.

ორმხრივი თამაშისას გუნდების შემადგენლობების განხილვას დიდი აზრი არ ჰქონდა, რადგან ახალწვეულები ორივე მხარეს მოხვდნენ და ძნელი წარმოსადგენია, ქეცბაიას რომელიმე გუნდში ოპტიმალური შემადგენლობა ჩაეფიქრებინა - მით უფრო, რომ ნაკრების რამდენიმე ლიდერი თუ ძირითადის სტაბილური წევრი გუნდს ჯერაც არ შეერთებია.

ნუკრი რევიშვილი, კახა კალაძე, ალექსანდრე ამისულაშვილი, ლაშა სალუქვაძე, აკაკი ხუბუტია, ზურაბ ხიზანიშვილი, გია გრიგალავა, გოჩა ხოჯავა, ჯანო ანანიძე, ვლადიმერ დვალიშვილი, დავით სირაძე, მათე ვაწაძე - ეს 12 ფეხბურთელი ნაკრებს ეტაპობრივად შეუერთდება.

გუშინ ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბის წევრებსა და ფეხბურთელებს კომენტარები არ გაუკეთებიათ, სამაგიეროდ, მასმედიის ინტერესი დღეს ამომწურავად დაკმაყოფილდება - "ბასაზე" თემურ ქეცბაიას პრესკონფერენცია გაიმართება და იქვე ნაკრების წევრებთან გასაუბრების საშუალებაც იქნება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული