ლევან კობიაშვილი: ხორვატების თავდაჯერება უნდა გამოვიყენოთ

AutoSharing Option
ლევან კობიაშვილი ამბობს, რომ ხორვატიის წინააღმდეგ საქართველოს ნაკრების იარაღი, შესაძლოა, ისევ ხორვატების ზედმეტი თავდაჯერება გახდეს. პირველ მატჩში გადამწყვეტი გოლის ავტორი, ბერლინის "ჰერტას" კაპიტანი 3 ივნისის შეხვედრამდე იმედიანად არის განწყობილი.

- ხორვატიასთან მატჩამდე რას ფიქრობ?
- ხორვატები თბილისშიც ზედმეტად თავდაჯერებულები ჩამოვიდნენ და ამის შედეგი იწვნიეს. ახლაც მათი მთავარი მწვრთნელი და ფეხბურთელები ამბობენ, რომ აუცილებლად მოიგებენ, თანაც უფრო თავდაჯერებულები არიან. ვფიქრობ, ეს განწყობა მათ ცუდ სამსახურს გაუწევს, რადგან, ჩემი აზრით, ახლა უფრო შემტევი ფეხბურთელები ეყოლებათ და მიმაჩნია, რომ ეს ჩვენთვის ხელსაყრელი იქნება.
თუ შესაბამის ტაქტიკას დავუპირისპირებთ, შესაძლოა, წარმატებას მივაღწიოთ.

- შენი აზრით, ბუნდესლიგაში დაბრუნებულ ბერლინის "ჰერტას" ღირსეულად გამოსვლა შეუძლია?
- დღეს ბუნდესლიგა ისეთი დონისაა, წინასწარ ვერ იტყვი, ვინ რას მიაღწევს. სეზონის დაწყებამდე ვერავინ წარმოიდგენდა, "ჰანოვერი" და "მაინცი" ასე კარგად თუ ითამაშებდნენ და ევროთასებზე მოხვდებოდნენ. ასე რომ, ყველაფერი შესაძლებელია, თუმცა, თავისთავად ცხადია, ფავორიტებიც ვერ ვიქნებით, რადგან მეორე ბუნდესლიგიდან გადმოვედით.

- რა დონის გუნდია "ჰერტა"?
- ბუნდესლიგის დონეც კარგად ვიცი და, ცხადია, ჩვენი პოტენციალიც. და მეორე ბუნდესლიგაში ბევრი კარგი თამაში ჩავატარეთ, ამიტომ მიმაჩნია, რომ პირველ ბუნდესლიგაში თამაშს ვიმსახურებდით და შევძლებდით. სამეულში ან ხუთეულში მოხვედრას მიზნად ვერ დავისახავთ, მაგრამ არა მგონია, დარჩენისთვის ბრძოლა დაგვჭირდეს, რადგან საკმაოდ სერიოზული გუნდი გვყავს. სამი მოთამაშეც დაგვემატა, ორი "ბაიერნიდან", მეკარე და ნახევარმცველი, რომელმაც იქ მეორე წრე ითამაშა. მიუნხენელებს კი ზერელედ ფეხბურთელი არ აჰყავთ და არ ათამაშებენ. ცხადია, ისინი გუნდს გააძლიერებენ. კიდევ რამდენიმე ფეხბურთელის მოწვევაზეა ლაპარაკი.

- შემთხვევით, რომელიმე ქართველის გადაბირებასაც ხომ არ აპირებენ?
- ამაზე არავის არაფერი უთქვამს, ასეთი ლაპარაკი არ ყოფილა. ვერც იმას ვიტყვი, რომ რომელიმე ფეხბურთელით დაინტერესდებიან, დააკვირდებიან და საქართველოს ჩემპიონატიდან ბუნდესლიგაში მიიწვევენ. ჩვენი ჩემპიონატიდან პირდაპირ ასეთ დონეზე მოხვედრა ძალიან ძნელია. ისე კი, ყველაფერი ეროვნული ნაკრების გამოსვლაზეა დამოკიდებული. მაშინაც ასე იყო, როდესაც გერმანიაში წავედი - აინტერესებდათ, როგორ თამაშობდა ნაკრები და რამდენიმე ახალგაზრდით დაინტერესდნენ. თუ ნაკრები არ გივარგა, ბუნდესლიგის კლუბი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელითაც არ დაინტერესდება.

ახლა ევროპაში წასვლა უფრო გართულდა, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ნაკრების წარმატებული გამოსვლის ფონზე, თუ რომელიმე ახალაგაზრდა ფეხბურთელი გამოჩნდა, მისით აუცილებლად დაინტერესდებიან. არ აქვს მნიშვნელობა, გერმანიაში თუ ევროპის სხვა ქვეყანაში.

- მართალია, რომ "ჰერტასთან" გაფორმებული კონტრაქტის თანახმად, კარიერის დასრულების შემდეგ ბერლინური კლუბის სპორტული დირექტორი გახდები?
- დიახ, მაქვს ასეთი კონტრაქტი. "ჰერტაში" იმიტომაც დავრჩი, რომ ჩემს მომავალზე ვიფიქრე. კონტრაქტით გათვალისწინებული სამი წლიდან ორი გავიდა, როდესაც მისი ვადა ამოიწურება, 36 წლის ვიქნები და, ცხადია, ვფიქრობ, მოთამაშის კარიერას რომ დავამთავრებ, რას ვიზამ.

- კონკრეტულად რას გთავაზობენ?
- სპორტული დირექტორი, მწვრთნელის რანგში თუ მენეჯმენტში, ეს ჩემი ასარჩევი იქნება.

- ალბათ, გერმანია შენთვის მეორე სამშობლოდ იქცა.
- რა თქმა უნდა, იქ უკვე თხუთმეტი წელია ვთამაშობ. რომც არ მინდოდეს, ისედაც შევეგუებოდი. ოჯახი გერმანიაშია, ბავშვები შეეჩვივნენ და ამიტომაც მსურდა გერმანიაში დარჩენა. ოჯახი აქეთ-იქით რომ მოგზაურობს, ახალ ქვეყანასთან და გარემოსთან შეგუება ძნელია. ისიც ძნელია, როდესაც მთელი ცხოვრება ერთ სფეროში საქმიანობ და რადიკალურად განსხვავებული მიმართულებით დასაქმდე. ეს არც მიმაჩნია გამართლებულად, რაშიც პროფესიონალი ვარ და ვერკვევი, იქ უნდა დავრჩე და გამოვადგე ქვეყანა იქნება თუ კლუბი, ვისაც მე დავჭირდები. თუმცა ჯერ კიდევ ფეხბურთელი ვარ, ვთამაშობ და კარიერის დასრულებაზე არ ვფიქრობ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
კონტრშეტევები - აი წარმატების გასაღები!
Tornike
21:16 30-05-2011
0

სიახლეები პოპულარული