დავით კვირკველია: ბერძნები თბილისურ მატჩს უფრთხიან

AutoSharing Option
დავით კვირკველია საბერძნეთის სუპერლიგის "პანიონიოსში" შარშან ზამთარში გადავიდა. ეროვნული ნაკრების შეკრებაზე გამოძახებულ ფეხბურთელი გველაპარაკება ხორვატია-საქართველოს 3 ივნისის სანაკრებო შეხვედრაზე, რას ფიქრობენ ბერძნები საქართველოს ნაკრებზე და როგორ წარიმართა "პანიონიოსში" მისი კარიერა.

- საბერძნეთსა და ახალ კლუბს როგორ შეეწყვე?
- ადაპტაცია არ გამჭირვებია, რადგან ძალიან მეგობრული გუნდი დამხვდა. თითქოს გუნდში კი არა, ოჯახში მოვხვდი, ასეთი რამ იშვიათად მინახავს. ისე კარგად მიმიღეს, თითქოს დიდი ხნის მეგობრები ვიყავით.

- "პანიონიოსი" საბერძნეთის სუპერლიგაში მეათე ადგილზე გავიდა. შენი აზრით, მეტი არ შეგეძლოთ?
- ჩემი მისვლისას გუნდი
გასავარდნ ზონაში, მეთოთხმეტე ადგილზე იყო. ამის გათვალისწინებით, მეათე ადგილი ურიგო შედეგი არ არის. თანაც ჩემპიონატის დასკვნითი ნაწილი ძალიან კარგად ვითამაშეთ, ბოლო შვიდი ტური არ წაგვიგია. საერთოდ კი, მეათე ადგილით კმაყოფილი მაინც ვერ ვიქნებით, ალბათ, მეტიც შეგვეძლო.

- საბერძნეთის ჩემპიონატი 17 აპრილს დასრულდა, ფორმის შენარჩუნება თუ მოახერხე?
- ჩვენ არ გავჩერებულვართ, ვვარჯიშობთ და ამხანაგურ შეხვედრებს ვატარებთ, , ასე რომ, ფორმა არ დაგვიკარგავს.

- ჩემპიონატი ასე ადრიანად რატომ მთავრდება?
- აპრილის ბოლოდან საბერძნეთში საშინლად ცხელა და თამაში არასასურველია. 17 აპრილიდან 20 მაისამდე ოთხი გუნდი ჩემპიონთა ლიგაში გამსვლელ საკვალიფიკაციო პლეი ოფებს თამაშობს.

- "პანიონიოსში" რა პოზიციაზე გათამაშებენ?
- დაცვაში, ნახევარდაცვაში, საყრდენადაც კი.

- საყრდენად?
- დიახ, რა უცნაურად უნდა მოგეჩვენოთ, ასეა.

- როგორც მახსოვს, საყრდენად ბოლოს ივო შუშაკმა გათამაშა თბილისის "დინამოში" ჯანი კარნევალეს "ვიტ ჯორჯიას" წინააღმდეგ. მას შემდეგ, მგონი, საუკუნე გავიდა.
- არ მეგონა, ეს ვინმეს თუ ახსოვდა. სხვათა შორის, ეროვნულ ნაკრებში პირველად სწორედ "ვიტ ჯორჯიასთან" იმ მატჩის შემდეგ გამომიძახა ალექსანდრე ჩივაძემ, როდესაც საყრდენად ვითამაშე.

- საყრდენ ნახევარმცველობას მწვრთნელი ხშირად გავალებს?
- ეს იძულებითი გადაადგილება ორჯერ მოხდა, რადგან ჩვენი ორი ნახევარმცველი დისკვალიფიცირებული იყო და მწვრთნელმა პოზიცია შემიცვალა. უმთავრესად, ფლანგზე მაყენებს.

- ყაზანის "რუბინში" უთამაშებლობა ძალიან ცუდად დაგეტყო ნაკრების თამაშების დროს, ძველი კვირკველას აჩრდილი იყავი. ფორმა თუ აღიდგინე?
- უთამაშებლობის პერიოდში ნაკრებში ჩემი გამოსვლით თავადაც უკმაყოფილო ვიყავი, ვგრძნობდი, რომ მეტი შემეძლო, მაგრამ სასურველ კონდიციებში არ ვიყავი. ასეთ დროს სანაკრებო დონეზე თავის გამოჩენა ძალიან ძნელია. ახლა კი, რა თქმა უნდა, სათამაშო პრაქტიკამ მიშველა.

ეგაა, თავიდან ვერ ვთამაშობდი, რადგან სატრანსფერო ფურცლის გამო პრობლემა შემექმნა. სეზონში სამ კლუბთან კონტრაქტის გაფორმება არ შეიძლება, მე კი გასულ სეზონში ყაზანის "რუბინმა" მახაჩყალის "ანჟიში" გამანათხოვრა, შემდეგ დავუბრუნდი და მეგონა, რუსეთში სეზონის დასრულებასთან ერთად ლიმიტის ვადაც დასრულდა. ამიტომ საბერძნეთში დაუფიქრებლად წავედი, მაგრამ "პანიონიოსში" გადასვლა მესამე ტრანსფერად ჩამითვალეს და თამაშის უფლება არ მომცეს. მხოლოდ სამი ტურის შემდეგ მივიღე სატრანსფერო ფურცელი. არადა, ამ დროს აქ იწერებოდა, თითქოს არ მათამაშებდნენ, უბრალოდ, ვერ მათამაშებდნენ.
ამის შემდეგ სულ ძირითად შემადგენლობაში ვთამაშობდი, თანაც 90 წუთი და ფორმაც აღვიდგინე.

- საბერძნეთისა და რუსეთის ჩემპიონატებს შორის დიდი განსხვავებაა?
- საკამოდ დიდი, რადგან რუსებმა ბოლო წლებში ფეხბურთში იმხელა ფული ჩადეს, ბერძნებს კი არა, სხვა ბევრ ქვეყანას გაუსწრეს და დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ლიგა აქვთ. რუსეთის წლევანდელი პრემიერლიგა ისე დაიწყო, ვეღარ გაიგებ, ვინ ლიდერია, ვინ - აუტსაიდერი. თუნდაც ის რად ღირს, რომ რუსებისთვის მაღალი კლასის ფეხბურთელების მიწვევა უკვე ჩვეული ამბავია, ბერძნებს ინფრასტრუქტურითაც ჯობნიან. საბერძნეთში კი ორი გამოკვეთილი ლიდერია, "ოლიმპიაკოსი" და "პანათინაიკოსი", ზოგჯერ მათ აეკ-ი თუ შეებრძოლება, თორემ ყველამ წინასწარ იცის, რომ ჩემპიონი მათ შორის ერთ-ერთი გახდება.

- საქართველოს ნაკრები მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის ემზადება. რას ფიქრობ მატჩზე და ჩვენს შანსებზე?
- ხორვატებთან თამაში ნებისმიერ ნაკრებს უჭირს, ისინი ყველანაირად ეცდებიან, სასურველ შედეგს მიაღწიონ.

- საბერძნეთიც ჩვენი მეტოქეა და საინტერესოა, ათენში ფრედ დასრულებული შეხვედრის შემდეგ როგორი დამოკიდებულება აქვთ ჩვენი ნაკრების მიმართ?
- არ დაგავიწყდეთ, ათენში ფრის შემდეგ თბილისში ხორვატიას რომ მოვუგეთ. ამ ორმა შეხვედრამ მათი დამოკიდებულება აბსოლუტურად შეცვალა და პატივისცემით განეწყვნენ. ხვდებიან, რომ ჩვენ აღარ გვყავს დაუძლურებული ნაკრები, ისეთი, ადრინდელი თამაშებიდან რომ ახსოვთ. ამბობენ, რომ საქართველოს უკვე ჯგუფის ნებისმიერ ფავორიტთან მოგებაც შეუძლია, ერთგვარად შეშინებულნიც კი არიან.

- ანუ საბერძნეთის ნაკრებს საქართველოსთან უეჭველ ფავორიტად აღარ მიიჩნევენ?
- რა თქმა უნდა, აღარ მიიჩნევენ. კლუბში ბიჭებს რომ ველაპარაკები, ვხვდები, ძველებურად თავდაჯერებულები არ არიან და ამბობენ, რომ საქართველოს, ისრაელს და საბერძნეთს ერთნაირი შანსები გვაქვს. მათ ორი ქულით ჩამოვრჩებით და თავი ქუდში ნამდვილად არ აქვთ. ბერძნებს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა კი სურთ, მაგრამ ბოლო შეხვედრას თბილისში ვატარებთ და ეს ადარდებთ. არავინ იცის, როგორ დასრულდება ეს მატჩი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული