ნაკრები პატრიარქმა დალოცა

AutoSharing Option
ეროვნული ნაკრების გუშინდელი ვარჯიში 18-ის ნაცვლად 17 საათზე დაიწყო. მიზეზი ის იყო, რომ 19 საათისთვის ნაკრები სრული შემადგენლობით საპატრიარქოში იყო მიწვეული საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან შესახვედრად. ილია მეორემ გუნდი დალოცა და წარმატებები უსურვა.

"ბასაზე" გამართულმა ვარჯიშმა კი ამჯერადაც დაახლოებით საათნახევარს გასტანა, საქართველოს ნაკრების შემადგენლობა კი უფრო შევსებული იყო. გუნდს დაემატა "კრასნოდარის" ახალგამოჯანმრთელებული კაპიტანი ალექსანდრე ამისულაშვილი და სრული დატვირთვითაც ივარჯიშა, "ვოლგას" ქართველები თბილისში გუშინ, გვიან საღამოს ჩამოვიდნენ, ზურაბ ხიზანიშვილი კი ნაკრებს პირდაპირ ხორვატიაში შეუერთდება.

სამწუხაროდ, გამოირიცხა ხორვატიაში ნუკრი რევიშვილის თამაში. საქართველოს ნაკრების ძირითადი
მეკარე მწვრთნელთა განკარგულებაში კი რჩება, მაგრამ რად გინდა – ხელის თითის იოგი აქვს გაწყვეტილი. თუ მინდვრის მოთამაშისთვის ეს საგანგაშო პრობლემა არ იქნებოდა, გოლკიპერისთვის ეს ისეთი ტრავმაა, რომელიც კარში ჩადგომის საშუალებას არ აძლევს.

ამგვარად, სპლიტში ჩვენი გუნდის კარს გიორგი ლორია დაიცავს. მართალია, მიმდინარე შესარჩევ ციკლში რევიშვილმა ყველა შეხვედრა შეუცვლელად და საიმედოდ ჩაატარა, მაგრამ ამხანაგურ მატჩებში საკუთარი შესაძლებლობები ლორიამაც დაამტკიცა. ყველაზე ეფექტური კი "დინამოს" მეკარე სლოვენიასთან გასვლით შეხვედრაში იყო, სადაც თერთმეტმეტრიანი მოიგერია და გუნდის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წილი დაიდო.

გამოირიცხა ხორვატიაში ნიკოლოზ გელაშვილის გამგზავრებაც. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი "თამაშგარეში" ვარჯიშზე მიღებულმა კოჭის ტრავმამ დატოვა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
მიდით ბიჭებო ბოლომდე! თქვენი იმედი გვაქვს!
bb king
14:35 01-06-2011
0
მთავარია საკუთარ თავში რწმენა ჰქონდეთ ბოლომდე და კონტრშეტევებში ხშირად ჩაერთონ. მაშინ ძალიან ბევრს შეძლებენ
Tornike
14:58 01-06-2011
0

სიახლეები პოპულარული