სლავენ ბილიჩი: პირველ 15 წუთში ორი გოლი კარგი იქნებოდა

AutoSharing Option
შეიძლება ითქვას, მთელი ხორვატია ხვალინდელი მატჩით ცხოვრობს. ხუმრობა ხომ არ არის - ხვალ, 3 ივნისს, ქალაქ სპლიტში მასპინძლებმა ქართველებზე შური უნდა იძიონ.

სლავენ ბილიჩის გუნდი ამ მატჩისთვის კარგა ხანია განსაკუთრებულად ემზადება. თბილისურ თამაშში გაწბილებულ ხორვატ ფეხბურთელებს შეკრება დატვირთული ჰქონდათ - თავდაუზოგავად ივარჯიშეს, სპარინგმატჩები გამართეს, ზღვაშიც კი იბანავეს.

მომავალ მატჩზე სჯა-ბაასი ხორვატულ პრესაშიც არ წყდება. ჟურნალისტებმა სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა ჩამოაყალიბეს... საათებს ითვლიან გულშემატკივრებიც - "პოლიუდის" სტადიონის ბილეთები თითქმის გაყიდულია, რაც მთავარია, ხორვატ ფეხბურთელებსაც და ქომაგსაც, გამარჯვებაში ერთი წამითაც არ ეპარებათ ეჭვი.

აი, რას ამბობს მატჩის წინ სლავენ ბილიჩი: "მე რეალისტი ვარ და მიუხედავად იმისა, რომ ვფიქრობ, თამაში ჩვენი კარნახით წარიმართება, სახიფათო მომენტების შექმნას ქართველებისგან არ გამოვრიცხავ.

კარგა ხანია, საქართველოს ნაკრები სერიოზული და ძლიერი გუნდია. ქართველები კარგად იცავენ თავს და შეტევაშიც სწრაფად ერთვებიან. ჩვენ მათ მოედნის ცენტრში უნდა ვაჯობოთ და ბურთის მიღების საშუალება მოვუსპოთ. ჩვენი მიზანია, მატჩის სადავეები თავიდანვე ხელთ ვიგდოთ და მშვიდად და მიზანმიმართულად გავაკეთოთ ჩვენი საქმე.

კარგი იქნება, თუ მატჩის პირველ 15 წუთშივე ორ გოლს შევაგდებთ, მაგრამ მატჩი 90 წუთს გრძელდება. რა თქმა უნდა, შევუტევთ, თუმცა ზედმეტად აჩქარებაც არ გვმართებს."

კიდევ უფრო რიხით და თავდაჯერებით საუბრობს ხორვატთა კაპიტანი დარიო სრნა:
"საქართველოს ნაკრები ვერაფრით გაგვაკვირვებს, გამარჯვება აუცილებლად ჩვენ დაგვრჩება. შეცდომების გამეორების უფლება არ გვაქვს და საამისოდ, საკმარისი ჭკუა და მტკიცე ხასიათი გვაქვს.

თამაში გადაჭედილ სტადიონზე იქნება - წარმომიდგენია, როგორი ატმოსფერო იქნება 3 ივნისის საღამოს "პოლიუდზე".

დარიოს თქმით, ხორვატთა გუნდმა პარასკევს თავისი საუკეთესო თამაში უნდა აჩვენოს. ამით ფეხბურთელები თავიანთი თანაგუნდელის, ნახევარმცველის დრაგო გაბრიჩისადმი თანადგომასაც გამოხატავენ, რომელიც წინა კვირაში ავტოკატასტროფაში სერიოზულად დაშავების გამო შემადგენლობას გამოაკლდა.

ხორვატული პრესა მომავალ მატჩში სასტარტო შემადგენლობის თემას აქტიურად განიხილავს. ჟურნალისტებს თუ დავუჯერებთ, ბილიჩის გუნდი "პოლიუდზე" ასეთი შემადგენლობით წარსდგება: რუნიე - სრნა, ჩორლუკა, შიმუნიჩი, პრანიჩი - ვუკოევიჩი, მოდრიჩი - მანჯუკიჩი, ედუარდო, პერიშიჩი - ელავიჩი. დაცვაში დეან ლოვრენის გამოჩენასაც არ გამორიცხავენ, რაც დარიო სრნას წინ წაწევის საშუალებას მისცემს.

ერთ-ერთი მორიგი ვარჯიშის შემდეგ სლავენ ბილიჩმა თავის ფეხბურთელებს პლაჟზე განტვირთვის საშუალებაც მისცა. თავდაჯერებული ხორვატების ჭყუმპალაობამ ფოტოკორესპონდენტების თანხლებით ჩაიარა.
მკითხველის კომენტარები / 9 /
შეხედეთ ხორვატებს არაფრად არ გვაგდებენ
alika
14:47 02-06-2011
0
dzalian mechinia xvalindeli tamachis,ar gadagviaron
drinjo
20:33 02-06-2011
0

სიახლეები პოპულარული