ალესილები

AutoSharing Option
სულ რამდენიმე საათი და გავიგებთ, შეძლო თუ არა ხორვატიის ნაკრებმა "წლის მატჩის" მოგება. თბილისში განცდილი მოულოდნელი მარცხით გაწბილებულმა ხორვატებმა საქართველოსთან განმეორებითი დაპირისპირება სწორედ ასე მონათლეს.

ამ შეხვედრის ირგვლივ დიდი აჟიოტაჟი კარგა ხანია, დაიწყო, გუშინ და დღეს კი ინტერესმა პიკს მიაღწია. სპლიტის "პოლიუდზე" გასამართი მატჩის ყველა, 30 ათასივე ბილეთი უკვე გაყიდულია, თამაშის შესახებ კი მხოლოდ სპორტული კი არა, არასპორტული გამოცემებიც ინტენსიურად წერენ.

სლავენ ბილიჩს მედიისთვის ვრცელი ინტერვიუ არ მიუცია, მაგრამ ნაკრების ბანაკში მიმდინარე პროცესებს ყოველდღიურად აჯამებს. ხორვატთა თავკაცმა სიახლეებზე გუშინ, 2
ივნისსაც ილაპარაკა. როგორც თქვა, მიკროტრავმა ჰქონია მიუნხენის "ბაიერნის" მარცხენა მცველ დანიელ პრანიჩს, მაგრამ იგი საქართველოსთან თამაშის გამოტოვებას არ აპირებს – თუ ტკივილმა შეაწუხა, გამაყუჩებლით ითამაშებს და ფეხს საზაფხულო არდადეგებზე უმკურნალებს.

ბილიჩს ყოველი შემთხვევისთვის მისი შემცვლელი შეგულებული ჰყავს – თუ პრანიჩმა ვერ ითამაშა, ვედრან ჩორლუკა დაცვის ცენტრიდან მარცხენა ფლანგზე გადაიწევს.

ხორვატიის ნაკრების შეკრება საქმიანად მიმდინარეობს, მაგრამ ბილიჩი ბიჭებს განტვირთვის საშუალებასაც აძლევს. მწვრთნელმა ფეხბურთელებს ოჯახის წევრების ნახვის უფლება მისცა და ზღვაზე საბანაოდ წაიყვანა, მედიას კი ნაკრების საზღვაო "გასეირნების" გაშუქების საშუალება მიეცა.

ხორვატებს თავდაჯერება არ აკლიათ და გამარჯვებაში ახლაც დარწმუნებულები არიან, მაგრამ ისიც იგრძნობა, რომ საქართველოს ნაკრებს ახლა უფრო აფასებენ, ვიდრე მარტში.

ბილიჩის ბოლო კომენტარი კი ასეთია: "ვითარებას საღად ვაფასებ – ხორვატიის ნაკრები ობიექტურად საქართველოზე უკეთესი გუნდია. თამაში ჩვენი კარნახით წარიმართება, მაგრამ ეს არაფრის გარანტიას გვაძლევს. საქართველოს ნაკრები სპლიტშიც სახიფათო იქნება და მხოლოდ დაცვიდან კი არ ითამაშებს, დროდადრო შეეცდება, შეტევაშიც რამე გაახერხოს. ბოლო ხანებში საქართველოს ნაკრების პროგრესი თვალსაჩინოა, იგი სერიოზულ გუნდად ჩამოყალიბდა. ქართველები თავს კარგად იცავენ და ცდილობენ, შეტევაში სწრაფად გადავიდნენ. ჩვენი მთავარი მიზანია, მეტოქეს მოედნის ცენტრი წავართვათ და ბურთის მიღების საშუალება მოვუსპოთ. ვალდებულნი ვართ, თამაშის სადავეები თავიდანვე ხელთ ვიგდოთ და ჩვენი საქმე მშვიდად და მიზანმიმართულად ვაკეთოთ. თბილისში საშინლად არ გაგვიმართლა და გამორიცხულია, იღბალმა ახლაც ასე უმოწყალოდ შეგვაქციოს ზურგი. სასურველია, სწრაფი გოლი გავიტანოთ, მაგრამ თუ ეს ვერ შევძელით, ტრაგედია არ იქნება, ჩვენი უპირატესობა ადრე თუ გვიან ნაყოფს აუცილებლად გამოიღებს".

მწვრთნელზე არანაკლებ ოპტიმისტურ განწყობაზეა ხორვატიის ნაკრების კაპიტანი დარიო სრნა: "საქართველოსთან ჩატარებულ პირველ მატჩში დაშვებული შეცდომების გამეორების უფლება არ გვაქვს და ეს თითოეულ ჩვენგანს კარგად აქვს გაცნობიერებული. დარწმუნებული ვარ, ჩვენს საუკეთესო თამაშს ვაჩვენებთ და გულშემატკივრებს ეფექტური გამარჯვებით გავახარებთ. "პოლიუდზე" ისეთი გარემო იქნება შექმნილი, რომ უხარისხოდ თამაშის უფლება არც გვაქვს."

ხორვატიის ნაკრების წევრებს უნდათ, საქართველოსთან გამარჯვება დრაგო გაბრიჩს მიუძღვნან. შეგახსენებთ, ნაკრებში გამოძახებული ახალგაზრდა ნახევარმცველი ავტოავარიაში მოყვა და კვლავაც კრიტიკულ მდგომარეობაშია.

ხორვატიული პრესა ბილიჩის გუნდის სავარაუდო ძირითად შემადგენლობაზეც წერს. თავს ვერ დავდებთ, რომ საქართველოსთან თამაშს ზუსტად ეს თერთმეტეული დაიწყებს, მაგრამ სავარაუდო შემადგენლობას მაინც წარმოგიდგენთ: რუნიე - სრნა, ჩორლუკა, შიმუნიჩი, პრანიჩი - ვუკოევიჩი, მოდრიჩი - მანჯუკიჩი, ედუარდო, პერიშიჩი - იელავიჩი.

თუ ბილიჩმა მართლაც ამათზე შეაჩერა არჩევანი, გამოვა, რომ თბილისური მატჩის შემდეგ სასტარტოში ერთბაშად შვიდ ფეხბურთელს შეცვლის. საქართველო-ხორვატიის მატჩში ამ თერთმეტეულიდან ძირითადში მხოლოდ რუნიე, სრნამ, ჩორლუკამ და მოდრიჩმა ითამაშეს.

ძირითადში ადგილს კი დაკარგავენ სტრინიჩი, ლოვრენი, დუიმოვიჩი, რაკიტიჩი, პეტრიჩი, კრანჩარი და კალინიჩი. თუმცა ამ შვიდეულიდან ჯანზე მხოლოდ ლოვრენი, დუიმოვიჩი და კალინიჩი არიან. კრანჩარი დისკვალიფიცირებულია, ხოლო სტრინიჩი, რაკიტიჩი და პეტრიჩი ქართველებთან თამაშს ტრავმების გამო ვერ შეძლებენ.

გუშინ, 2 ივნისს საღამოს ხორვატიის ნაკრებმა "პოლიუდზე" ღია ვარჯიში მხურვალე მხარდაჭერის თანხლებით ჩაატარა – სტადიონის ტრიბუნები სანახევროდ შეივსო.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ბურთი მრგვალია, წარმატებას ვუსურვებ საქართველოს ნაკრებს, დიდი გამოცდა ელით.
drinjo
13:01 03-06-2011
0
ალესილები კი არა, ჩვენმა ახალგაზრდულებმა უკვე შეუგდეს ერთი ბურთი! :) და კიდევ აწვებიან. როგორც არ უნდა დამთავრდეს ეს 2 დღევანდელი თამაში, ბიჭებო, ვიცი რომ მომავალი, თან ძალიან მაგარი, ჩვენია! მთავარია სწორი მიდგომა. P.S ჭანტურია მაინც იყო საჭირო.
Tornike
18:23 03-06-2011
0

სიახლეები პოპულარული