ხორვატიამდე ძალიან, ძალიან შორია

AutoSharing Option
ხორვატიასთან ჩატარებულ ორ მატჩში მეტოქის კარის ჩარჩოში ბურთი ორჯერ დავარტყით და ორივე გავიტანეთ, რაც ამ გუნდთან ორი გამარჯვების მოსაპოვებლად საკმარისი არ აღმოჩნდა. დასასრული და საზღვარი ყველაფერს აქვს, მათ შორის იღბლის წყალობასაც - ხორვატებმა გუშინ ძალიან ბევრჯერ წაიშინეს თავში ხელი, საქართველოს კარის ძელს ბურთი სამჯერ გაარტყეს, მაგრამ ყველაფერი ლოგიკურად დაასრულეს და “წლის მატჩის” მოგებით ნანატრი რევანში იზეიმეს.

ცხელ გულზე დასკვნების გაკეთება ყოველთვის ძნელია. ქომაგთა აზრიც, ალბათ, ორად გაიყოფა და კითხვაც დაისმება - ჰქონდა თუ არა თემურ ქეცბაიას სხვა არჩევანი გარდა იმ
ტაქტიკისა, რაც გუშინ ვიხილეთ? შეეძლო თუ არა საქართველოს ნაკრებს ყრუ დაცვიდან ხანდახან მაინც ამოსვლა და შეტევაში ბედის ცდა? ამ კითხვებზე პასუხის გაცემა თქვენთვის მოგვინდვია, ჩვენ კი მხოლოდ იმას ვიტყვით, რომ ფეხბურთში სასწაულები არცთუ ხშირად ხდება, გუშინ საქართველოს ნაკრები კლასით ორი თავით მაღლა მდგომ მეტოქესთან დამარცხდა და თამაშმა, დრამატული შინაარსის მიუხედავად, ნაღდად ვერ დაგვიტოვა ისეთი სიმწარე, როგორიც თუნდაც ისრაელში განცდილმა მარცხმა.

ისღა დაგვრჩენია, ხორვატთა თბილისში ძლევით დავკმაყოფილდეთ, ვაღიაროთ, რომ სლავენ ბილიჩის გუნდამდე ძალიან ბევრი გვიკლია და შედარებით რეალურ მიზნებზე ვიფიქროთ - თუნდაც ჯგუფში მეორე ადგილზე, რისი შანსიც გუშინდელმა მარცხმა ვერ დაგვაკარგვინა.

ხორვატთა ძირითადი შემადგენლობა ზუსტად ისეთი იყო, როგორიც იქაურმა მედიამ ივარაუდა - შეტევაზე ორიენტირებული, ფაქტობრივად, ოთხთავდამსხმელიანი. ქეცბაიამ კი უკიდურესად დაცვაზე ორიენტირებული თერთმეტეული შეარჩია. ტრავმირებული ნუკრი რევიშვილის ადგილი კარში გიორგი ლორიამ დაიკავა, ლაშა სალუქვაძე მარჯვენა მცველის პოზიციაზე დარჩა, ცენტრში აკაკი ხუბუტიას კახა კალაძე შეუწყვილა, კაპიტნის ადგილი კი მარცხენა ფლანგზე დებიუტანტმა გია გრიგალავამ დაიკავა; მოულოდნელი იყო გურამ კაშიას გამწესება საყრდენის პოზიციაზე, სხვები კი ჩვეულ პოზიციებზე განლაგდნენ: ჯაბა კანკავა და ზურაბ ხიზანიშვილი ცენტრში, ალექსანდრე იაშვილი და დავით კვირკველია, შესაბამისად, მარჯვენა და მარცხენა ფრთებზე ირჯებოდნენ, ერთადერთი თავდამსხმელი კი დავით სირაძე იყო.

მატჩის დაწყება და ხორვატიული შტურმი ერთი იყო. მეხუთე წუთისთვის მასპინძლებს უკვე სამი კუთხური ჰქონდათ მოწოდებული, მაგრამ სანამ პირველი ხიფათის შექმნას მოასწრებდნენ, ბურთი უკვე რუნიეს კარის ბადეში ფართხალებდა. სირაძემ შეტევის მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში ჩაჰკიდა, სადაც კანკავამ ორ მეურვეს აჯობა და ანგარიში თავურით გახსნა.

ამის შემდეგ ქართველებს ხორვატთა დაცვა და მეკარე აღარ შეუწუხებიათ, ბილიჩის ბიჭებმა კი მთელი ძალები წინ გადაისროლეს და შეტევას შეტევაზე ახორციელებდნენ. ჩვენები მეტოქეს ცენტრშიც იშვიათად ებრძოდნენ, ორეშელონიანი დაცვა მასპინძლებს საჯარიმოს სიახლოვეში ხვდებოდა. ვერ ვიტყვით, რომ ხორვატები პირველ ტაიმში მრავალფეროვნად უტევდნენ. ისინი უმეტესად ფლანგურ ჩაწოდებებს მიმართავდნენ, რასაც ლორიამ და ქართულმა დაცვამ ალღო კარგად აუღეს. შესვენებამდე მხოლოდ ერთხელ გადავრჩით. 25-ე წუთზე მარიო მანჯუკიჩის უხერხული დარტყმული, მიწიდან ასხლეტილი ბურთი ლორიამ ძელის დახმარებით მოიგერია.

მეორე ნახევარში ხორვატები წინა ხაზზე მეტი ფანტაზიით ამოქმედდნენ და ფლანგურ გარღვევებს კომბინაციური ფეხბურთი და მოკლე პასები წააშველეს. ჩვენს საჯარიმოში კი “ტემპერატურა” უფრო და უფრო მატულობდა.

57-ე წუთზე კიდევ ერთხელ გადავრჩით - ედუარდომ “მეორე სართულზე”ორი ქართველი მცველი დაჯაბნა და ორიოდე მეტრიდან ბურთი ხარიხას გაარტყა. 69-ე წუთზე მეკარემ გვიხსნა - საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ერთ-ერთმა საუკეთესომ, ლორიამ ნიკოლა კალინიჩს ახლო მანძილიდან ზედიზედ ორჯერ აჯობა.

მერე იყო ხორვატთა კაპიტან დარიო სრნას ორი ჯარიმა - საქართველოს ნაკრები ჯერ ძელმა იხსნა, მერე კი ლორიამ.

თეორიულად შეიძლებოდა, მასპინძელთა გააფთრებული შტურმისთვის ბოლომდე გაგვეძლო, მაგრამ მოსახდენი მაინც მოხდა - კლასნიჩ-დუიმოვიჩ-მანჯუკიჩის სამსვლიანმა კომბინაციამ ქართული დაცვა მარჯვნიდან გაარღვია, დანარჩენი უკანახაზელებიც სახტად დატოვა და მანჯუკიჩის გოლმა ქულის მოპოვებაშიც დაგვაეჭვა.

სტუმრებმა შოკიდან გამოსვლა ვერ მოასწრეს, რომ “პოლიუდი” უკვე მეორე გოლს ზეიმობდა. ედუარდოს ჩინებული პასით ქართველთა დაცვის ცენტრალური ზონა ჩაიჭრა და კალინიჩს ხელისშემშლელი არავინ ჰყავდა - 2:1.

ყველაფერი იქვე დასრულდა, თამაშის გამწვავება ვერც შეცვლაზე შესულმა ჯანო ანანიძემ შეძლო და ვერც დანარჩენმა ქართველებმა. დაცვაზე აწყობილ გუნდს თამაშის გადასარჩენად არც დრო ჰქონდა და არც რესურსი.

ასე დასრულდა გუშინდელი საღამო სპლიტში, სადაც საქართველოს ნაკრების წევრებს თავი არ დაუზოგავთ და შეუპოვარი ბრძოლისთვის მადლობაც ეკუთვნით, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არა არის - ხორვატიამდე ძალიან, ძალიან ბევრი გვიკლია.

მატჩის შემდეგ
პრესკონფერენციაზე თემურ ქეცბაიამ ხორვატების გამარჯვებას დამსახურებული უწოდა, ჩვენი გუნდის მარცხი კი კონცენტრაციის დაკარგვას დააბრალა:

"ხორვატიამ დაიმსახურა გამარჯვება. ის ფიზიკურად, გონებრივად და ტექნიკურად გვჯობდა. სამწუხაროდ, ორჯერ დავკარგეთ კონცენტრაცია და საკუთარი კარში ორი გოლი მივიღეთ. ასეთი რამ დაუშვებელია, მით უმეტეს ხორვატიის წინააღმდეგ, რომელსაც ევროპასა და მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდად მივიჩნევ.

ყოველთვის სასიამოვნოა ასეთ ატმოსფეროში თამაში, მაგრამ მერჩივნა მაყურებელი 90 წუთის განმავლობაში ჩუმად ყოფილიყო. გავაგრძელებთ ბრძოლას მეორე ადგილისთვის, ხორვატია კი, ჩემი აზრით, საუკეთესოა და ის პირველ ადგილზე გავა".

3.06. სპლიტი. პოლიუდი. 33 000 მაყურებელი
ხორვატია-საქართველო 2:1
0:1 კანკავა (17. სირაძის პასით), 1:1 მანჯუკიჩი (76. დუიმოვიჩის პასით), 2:1 კალინიჩი (78. ედუარდოს პასით)

ხორვატია საქართველო
4-2-3-1 4-3-2-1
რუნიე ლორია
სრნა სალუქვაძე
ჩორლუკა ხუბუტია
შიმუნიჩი კალაძე
პრანიჩი გრიგალავა
ვუკოევიჩი კაშია
მოდრიჩი ხიზანიშვილი
მანჯუკიჩი კანკავა
ედუარდო იაშვილი
პერიშიჩი კვირკველია
იელავიჩი სირაძე
მწვრთნელი მწვრთნელი
ს. ბილიჩი თ. ქეცბაია

ხორვატია
46. იელავიჩი - კალინიჩი
71. ვუკოევიჩი - დუიმოვიჩი
71. პერიშიჩი - კლასნიჩი
სათადარიგოები: პლეტიკოშა, ლოვრენი, ვრსალკო, ბადელი

საქართველო
56. სირაძე - დვალიშვილი
62. იაშვილი - დაუშვილი
80. კაშია - ანანიძე
სათადარიგოები: კვასხვაძე, ამისულაშვილი, გურული, ლიპარტია

გაფრთხილება: იაშვილი (26), ხუბუტია (75)
არბიტრი: ს. იოჰანესონი (შვედეთი)
მკითხველის კომენტარები / 10 /
ტაქტიკა იდეალური იყო. ხორვატებთან სხვანაირად 6:0-ს წავაგებდით და ეს სულაც არ იყო იღბალს მინდობა. ხორვატებს სუსტი დაცვა და ძლიერი წინა ხაზები აქვს. დაცვა ეგრევე გაიხვრიტა მაგრამ ჩვენებმა ამის მერე ბურთის ფლობა ვეღარ შეძლეს. დაცვითი ტაქტიკა 75-ე წუთამდე ამართლებდა და სულ ცოტა გვაკლდა სანუკვარ გამარჯვებამდე. ასე რომ ტაქტიკას ვერაფერს დავუწუნებთ, მართლაც კონცენტრაციის დაკარგვის ბრალია. ეს თამაში რომ მოგვეგო 1 ადგილზე გასვლის დიდი შანსი გვქონდა. ახლა მეორე ადგილიც საოცნებოა. და ქეცბაიას ძალიან ვთხოვ, კარგად დაფიქრდეს სანამ დვალიშვილი გაყავს მოედანზე. მალტასთან კიდე მესმის გაიყვანო და შანსი მისცე ამ ზანტ და შანსის მომლოდინე ფეხბურთელს... ისრაელის ჩემპიონატი არც ისე მაღალი და სწრაფი ტემპისაა, რომ მარტო ამის გამო ვენდოთ. მერამდენე მატჩია ერთი ხიფათიც კი ვერ შექმნა. სულ ველოდები ახლა მაინც იზავს რამესმეთქი მარა ვერაფერს შვება... მატჩზე ნუ იტყვით ისრაელზე ნაკლებად დაგვწყვიტა გულიო. ჯერ ერთი ვიგებდით და უფრო დასანანია ბოლო წუთებზე წაგება. ისრაელთან დამსახურებულად წავაგეთ. ის დაღლილი ფეხბურთელები არ უნდა გაეყვანა მინდორზე ნახევარდაცვა უნდა შეეცვალა მთლიანად...
bb king
15:13 20-06-2011
0
მეორე ადგილზე როგორ უნდა გახვიდე. ან კალენდარს არ უყურებთ ან სატურნირო ცხრილს?
ramo
08:10 05-06-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული