დამთრგუნველი სანახაობა

AutoSharing Option
ზედიზედ ორი მარცხი და საქართველოს ნაკრები თავის შესარჩევ ჯგუფში "მყარად" დამკვიდრდა IV ადგილზე, ფაქტობრივად, ისეთი სიტუაციაა, რომ ამაზე ქვემოთ, ალბათ, აღარც ჩამოვალთ: დარჩენილი სამი შეხვედრიდან ორი სახლში გვაქვს, ერთიც მალტასთან სტუმრად; ანუ, თითქმის გარკვეულია, რომ შესარჩევ ტურნირს ბოლო ან ბოლოსწინა ადგილზე არ დავამთავრებთ, - მსგავსი რამ კი 2002 წლის მერე აღარ მომხდარა;

მათემატიკური შემოდგომა
ეგ კი არა, დარჩენილ სამივე მატჩს თუ მოვიგებთ, 18 ქულაც გვექნება - ამ შემთხვევაში კი, გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, ქვეჯგუფში მეორე ადგილის დაკავების შანს კიდევ ვინარჩუნებთ!
ოღონდ, მხოლოდ საკუთარ თავზე არ ვიქნებით დამოკიდებული - ჩვენმა უშუალო კონკურენტებმა (საბერძნეთმა და ისრაელმა) ქულები აქეთ-იქით ხომ უნდა ანიავონ (წააგონ ან ფრედ დაამთავრონ თავიანთი შეხვედრები), ამას გარდა, თითოეულმა ქართველმა ქომაგმა მხურვალედ უნდა ვუგულშემატკივროთ... ხორვატებსაც!

ჰო, ჯგუფში პირველი ადგილი მოდი ხორვატებისთვის "გავიმეტოთ" და ვისურვოთ, როს სლავენ ბილიჩის გუნდს შინ ისრაელი დაემარცხებინოს (6 სექტემბერს), მერე კი სტუმრად - საბერძნეთიც! თუმცა, მოვლენების ასეთი განვითარებაც არ იქნება საჩვენოდ "საკმარისი": მაგალითად, ბერძნებმა ხორვატებთან (შინ!) და საქართველოს ნაკრებთან (სტუმრად) ხომ უნდა წააგონ, სტუმრად ისრაელთან ფრედ უნდა ითამაშონ და ლატვიას კი, თუგინდ, ასტრონომიული ანგარიშით მოუგონ! ამ შემთხვევაში საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებები შესარჩევ ეტაპს 18-18 ქულით დაამთავრებენ, მაგრამ უპირატესობა ჩვენსკენ იქნება (ურთიერთშეხვედრების გათვალისწინებით)!

ისრაელსაც "რაღაც" უნდა მოვუხერხოთ: როგორც უკვე აღვნიშნეთ, ხორვატებთან აუცილებლად უნდა დამარცხდნენ, შინ ბერძნებთან ფრედ ითამაშონ და ბოლო ტურში, მალტასთან მოვაგებინოთ! ანუ, ისრაელის ნაკრებმა 17 ქულაზე მეტი არ უნდა მოაგროვოს, თორემ ურთიერთშეხვედრებში გვჯობია.

აი, ასეთი "მათემატიკური შემოდგომა" გველოდება და ვიდრე ჯგუფში მეორე ადგილის დაკავების თუნდაც თეორიული შანსი გვაქვს, ამისთვის ჩვენმა უპირველესმა გუნდმა ყველაფერი უნდა გააკეთოს; ამ ყველაფერში კი, უპირველეს ყოვლისა, მატჩების მოგებაა საჭირო. თუმცა, ისეთი თამაშით, როგორიც საქართველოს ნაკრებმა 3 ივნისს სპლიტში უჩვენა, ვერც ლატვიას დავამარცხებთ და ვერც მალტას, აღარაფერს ვამბობთ საბერძნეთზე.

ჰო, მწარე რეალობაა, მაგრამ ფაქტია: ასე სუსტად საქართველოს ნაკრებს მხოლოდ თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით კი არა, საერთოდ, ბოლო წლებში არ უთამაშია! რა თქმა უნდა, სასურველი შედეგის მისაღწევად, შესაძლოა, თამაშის სანახაობრივი მხარე დაივიწყო, მაგრამ, ცოტა არ იყოს, დამთრგუნველია იმის ცქერა, როცა მხოლოდ და მხოლოდ იღბალზე ხარ დამოკიდებული; ჰოდა, როცა აი, ასე (ანუ, გაძლებაზე) თამაშობ, მოგებას კი არა, ფრესაც არ უნდა იმსახურებდე...


უსიამოვნო ივნისი
როცა ჩვენი შესარჩევი ჯგუფის კალენდარი დამტკიცდა, უპირველეს ყოვლისა, ორი თარიღი არ მოგვეწონა - 29 მარტი და 3 ივნისი. შეგახსენებთ, რომ 29 მარტს ისრაელში ვთამაშობდით, - ხორვატებთან საშინაო მატჩიდან სამი დღის შემდეგ! არადა, უეფას მიერ დადგენილი კალენდრის თანახმად, ისრაელთან სტუმრად 7 ოქტომბერს უნდა გვეთამაშა, მაგრამ ჩვენ ხომ ყველასთან (მათ შორის, მეტოქეებთანაც) დიდსულოვნება უნდა გამოვიჩინოთ და მოწინააღმდეგის თხოვნას "გაგებით მოვეკიდოთ"!

ზუტად ასე მოხდა კიდეც ისრაელის ნაკრების შემთხვევაშიც და, ალბათ, ყველას კარგად ახსოვს, თუ როგორი გადაღლილი გამოიყურებოდა ჩვენი უპირველესი გუნდი 29 მარტის შეხვედრაში; თუმცა, გულახდილად ვთქვათ: გასაკვირვი ის იქნებოდა, ხორვატებთან უმძიმესი მატჩის მერე ჩვენებს რომ ორ-სამ დღეში ძალების აღდგენა მოესწროთ. თანაც, საქმე მხოლოდ ფიზიკურ დაღლილობაზე არ არის - ხორვატებთან საშინაო გამარჯვებას ხომ ჩვენი ნაკრების მწვრთნელ-ფეხბურთელთა ემოციური "დაცლაც" ახლდა თან...

მეორე "არასასურველი" თარიღი კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 3 ივნისი იყო, - ჯერ ერთი, ჯგუფის უპირობო ფავორიტებს ვეთამაშებოდით და გულახდილად რომ ვთქვათ, ზედმეტად ოპტიმისტ ქომაგებს თუ სჯეროდათ ხორვატიასთან სტუმრად წარმატებული ასპარეზობისა; ამას გარდა, სტატისტიკაც აშკარად არასაჩვენო იყო: საქართველოს ნაკრების მონაწილეობით ივნისში ჩატარებული მატჩების თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა ჩვენთვის არასასურველი ანგარიშით მთავრდებოდა!

თანაც, მხოლოდ ბოლო წლებს არ ვგულისხმობთ, როცა შინ და გარეთ მოლდოვასა თუ ალბანეთთან ვაგებდით: ასე იყო საქართველოს ნაკრების სადებიუტო მატჩებიდან მოყოლებული და ძალიან ხშირად სწორედ ივნისის თვეში ვმარცხდებოდით კიდეც დიდი ანგარიშით (ნიგერიასთან, უნგრეთთან, პოლონეთთან)...

ყოველივე ამას "თავისებური" ახსნაც ჰქონდა: იშვიათზე-იშვიათი შემთხვევა თუ ყოფილა, საქართველოს ნაკრებს ივნისის თვეში ოპტიმალური შემადგენლობით რომ ეასპარეზა! უმთავრესი მიზეზი კი, საკლუბო სეზონის დამთავრების შემდეგ ფეხბურთელთა გადაღლაც იყო; ამას წამყვანი ფეხბურთელების ტრავმები თუ დისკვალიფიკაციები ემატებოდა და ხორვატიასთან მატჩამდე ივნისის თვეში ჩატარებულ მატჩებში საქართველოს ნაკრების სტატისტიკაც აშკარად არაოპტიმისტურ განწყობაზე გვაყენებდა! აი, სადღეისოდ კი საივნისო სტატისტიკა ასეთია: 14 მატჩი, 3 მოგება, 1 ფრე და 10 წაგება...


უპასუხო კითხვები
წინა შესარჩევი ციკლი სამარცხვინოდ ჩავატარეთ - არც ერთი მოგება და ჯგუფში ბოლო ადგილი! იმის წინ, ბოლოსწინა ადგილზე გავედით, კიდევ იმისწინაც - ბოლოსწინაზე და ასე შემდეგ; ყოველივე ამას შემთხვევით არ ვიხსენებთ: თემურ ქეცბაიამ ნაკრები ურთულეს პერიოდში ჩაიბარა და მართლაც დაუნახავი უნდა იყო კაცი, ჩვენს უპირველეს გუნდში მომხდარ სასიკეთო ძვრებს რომ ვერ ამჩნევდე.

ბოლოს და ბოლოს, სწორედ ქეცბაიას ხელმძღვანელობით შეწყვიტა საქართველოს ნაკრებმა ის მართლაც კოშმარული 15-მატჩიანი მოუგებელი სერია. ამას გარდა, ერთ-ერთი პირველი გადადგმული ნაბიჯი ახალი მთავარი მწვრთნელისა, ნაკრების დაკომპლექტებისას სამართლიანობის პრინციპის აღდგენაც იყო; არც ის იყო უმნიშვნელო ფაქტორი, როცა მართლაც მწირი ადამიანური რესურსის პირობებში, საქართველოს ნაკრებმა მივიწყებული გამარჯვებების გემო გაგვახსენა და ახლა უკვე სულ სხვა "ხასიათის" სერიით ვამაყობდით - თითქმის ერთი წლის განმავლობაში წაუგებლად ვასპარეზობდით!

რა თქმა უნდა, დროის ასეთ მოკლე პერიოდში საქართველოს ნაკრებს იდეალური ფეხბურთის ჩვენება არ დაუწყია; ანუ, რაღაც ზღაპრულ და ულტრათანამედროვე დონეზე მისვლამდე ჯერ კიდევ ბევრი გვაკლდა, მაგრამ, რაც მთავარია, შედეგი გვქონდა!

ჰო, მართლაც ძალიან ძნელია, სასურველ შედეგსაც მიაღწიო და ამავდროულად, სანახაობრივადაც თამაშობდე - ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, დღესდღეობით ამას მსოფლიოში ერთადერთი გუნდი ახერხებს. არა, მთლად "ბარსელონას" მიერ ჩატარებულ საფეხბურთო საოცრებებს არავინ თხოვდა საქართველოს ნაკრებს, მით უფრო, ჯგუფის უპირობო ფავორიტთან სტუმრად შეხვედრაში; მაგრამ, მოდი, ისიც ვაღიაროთ, რომ ასეთი დათრგუნულები კარგა ხანია არა ვყოფილვართ!

რა თქმა უნდა, იმის ილუზია არავის ჰქონდა, რომ 2006 წლის 16 აგვისტოს მერე მაინცდამაინც ხორვატიასთან შევძლებდით ოფიციალურ ტურნირებზე პირველი საგარეო გამარჯვების მოპოვებას; ანუ, ფაქტობრივად, შეგუებულიც ვიყავით, რომ საქართველოს ნაკრები აქცენტს საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე გააკეთებდა. თუმცა, ასეთი მოლოდინის მიუხედავად, მაინც ზედმეტად ფრთხილი მოგვეჩვენა ჩვენი ნაკრების ტაქტიკური სქემა: მოედანზე, ფაქტობრივად, ექვსი ნომინალური მცველი პლუს ორი თავდაცვაზე ორიენტირებული ნახევარმცველი ვიხილეთ.

ამ შემთხვევაში რაღა თქმა უნდა, საკადრო პრობლემებმაც თავი იჩინა: მეტოქისგან განსხვავებით, ერთდროულად ოთხი-ხუთი წამყვანი ფეხბურთელის სრულფასოვნად შეცვლა ნამდვილად ვერ მოხერხდა (ერთადერთი გამონაკლისი, თანაც მეტისმეტად სასიამოვნო, გიორგი ლორიას უაღრესად საიმედო და ოსტატური თამაში იყო).

ჰო, ბილიჩსაც სერიოზული თავსატეხი ჰქონდა, თანაც შემტევი სტილის ნახევარმცველები (რაკიტიჩი, კრანჩარი) და ფორვარდები (პეტრიჩი, ოლიჩი) აკლდა, მაგრამ, "თბილისური ვარიანტი" აღარ განმეორდა! ისე, მართლაც უცნაურია: თბილისშიც ერთხელ დავარტყით სტუმართა კარში და გოლი გავიტანეთ და იგივე განმეორდა სპლიტშიც! ოღონდ, თბილისური მატჩისგან განსხვავებით, ხორვატებმა არნახული ზეწოლა განახორციელეს და უამრავი შეტევიდან ორი ზუსტი დარტყმითაც დაამთავრეს.

კონკრეტულ მატჩზე შემადგენლობისა თუ ტაქტიკის შერჩევა, მერე უკვე შეხვედრის განმავლობაში გარკვეული ცვლილებების შეტანა თუ თამაშის გადაწყობა, - ყველაფერი ეს მთავარი მწვრთნელის პრეროგატივაა; რა თქმა უნდა, ქეცბაიამ ჩვენზე უკეთ იცოდა, რომ ხორვატებთან სასურველი შედეგის მისაღწევად დაცვაში მაქსიმალური სიმკაცრით თამაში იყო საჭირო. ალბათ, ამიტომაც გააკეთა არჩევანი თავდაცვით ტაქტიკასა და საკუთარი შანსის დალოდებაზეც და უნდა ითქვას, რომ ქეცბაიას გათვლა ეფექტურიც აღმოჩნდა და ეფექტიანიც: პირველივე შეტევა გოლით დავამთავრეთ! სამწუხაროდ, აი, ამის მერე კი სათქმელი აღარც არაფერია: ხან იღბალი იყო ჩვენს მხარეზე, ხან კი გიორგი ლორია თამაშობდა დამაჯერებლად და დიდოსტატურად!

ჰო, მართლაც დამთრგუნველი "სანახაობა" იყო: მეტოქის შეტევებს ბოლო არ უჩანდა, ჩვენ კი ვერაფერს ვუპირისპირებდით; თუმცა, არ დავმალავთ და იმის მცირე იმედიც გვქონდა, რომ მეორე ტაიმში, მასპინძლები უკანმოუხედავად შტურმზე რომ გადმოვიდოდნენ, სწრაფი და გააზრებული კონტრიერიშებით აქეთ შეგვეძლო დაგვესაჯა!

სამწუხაროდ, ჩვენი ფეხბურთელების მხრიდან ამის მსგავსიც არაფერი მომხდარა; არადა, დაახლოებით 70-ე წუთიდან ბილიჩი, ფაქტობრივად, ვა-ბანკზე წავიდა: ფლანგის მცველები, დარიო სრნა და დანიელ პრანიჩი, ფაქტობრივად, გარემარბების პოზიციაზე აწია და საერთოდაც, ხორვატების ტაქტიკურმა სქემამ სუპერ-თამამი და დასჯადი სახეც (2-5-3) მიიღო! ჰო, ცენტრალური მცველების (იოსიპ შიმუნიჩი, ვედრან ჩორლუკა) გარდა, ხორვატიის ნაკრების ყველა ფეხბურთელი ჩვენს ნახევარზე "დასახლდა", მაგრამ ჩვენებისგან ვის უნდა დაესაჯა მასპინძელთა ასეთი ავანტიურა?

სამწუხაროდ, ამის გარდა, 3 ივნისის მატჩში სხვაც არაერთი უპასუხო კითხვა დაგვრჩა, აი, თუნდაც შემადგენლობასთან დაკავშირებით: მოულოდნელობა იყო ალექსანდრე ამისულაშვილის არყოფნაც და კახა კალაძის ცენტში გამწესებაც, გურამ კაშიასთვის, უჩვეულო ამპლუის მოძებნაც და დავით სირაძის, ჩვენი აზრით, ნაადრევი ცვლილებაც.

საერთოდაც, ჩვენს გარდა, ალბათ, ბევრს უჩნდება კითხვა ცვლილებებთან დაკავშირებით, - სათადარიგოთა სკამზე ტრავმაახლადმოშუშებული ჯანო ანანიძის გარდა ხომ კიდევ ორი ისეთი ფეხბურთელიც იჯდა, თამაშის გამწვავება რომ შეუძლია (სანდრო გურული, ჯაბა ლიპარტია); არადა, 3 ივნისის მატჩამდე ჩატარებულ შეხვედრებში თემურ ქეცბაიას განხორციელებული ფაქტობრივად ყველა შეცვლა წარმატებული იყო! მხოლოდ, შეცვლები? იგივეს თქმა შეიძლება შემადგენლობის შერჩევაზეც, მაგრამ სამწუხაროდ, ხორვატიასთან საპირისპიროდ მოხდა და რაოდენ მწარედ სათქმელიც არ უნდა იყოს, იმ საღამოს საქართველოს ნაკრები ქულასაც არ იმსახურებდა!

შესაძლოა, ვინმემ ზედმეტად მკაცრ შეფასებად ჩაგვითვალოს, მაგრამ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ მხოლოდ და მხოლოდ დაცვის გაძლიერებით სასურველ შედეგს ვერასდროს მივაღწევთ...
მკითხველის კომენტარები / 20 /
უსამართლო სტატიაა. არ შეიძლება ქართველთა ხორვატიაში ჩატარებული მატჩის ასე უკიდურესად არდაფასება. ჩვენებს რომ არ გაეშვათ გოლი და მოეგოთ მერე რას იტყოდით, როგორი ტაქტიკააო? მერე თითქმის ვეღარაფერი დაგვაშორებდა პირველ ადგილზე გასვლას, საბერძნეთსაც თუ მოვუგებდით რა თქმა უნდა. მე არ ვამბობ აქეთ და ადიდეთ-მეთქი, მაგრამ იმის თქმის უფლება არ გაქვთ, რომ "ასეთი თამაშით ვერც ლატვიას მოვუგებთ და ვერც მალტას". რადგან კარგად ხვდებით, რომ მალტა-ლატვია სხვა დონის მეტოქეა და მათთან შემტევი ტაქტიკაც არ გაგვიჭირდება(მათთან ცატარებულ მატჩებშიც გამოჩდა), ხორვატიასთან კი ეს უაზრობა იქნებოდა, გავშლიდით თამაშს და ჩვენი დაცვაც ისე გაირღვეოდა, როგორც დაგიბარებიათ. შანსი მართლაც მინიმალურია მაგრამ, იმასაც ნუ ვიტყვით რომ უშანსოდ ვართ. და ნურც ის დაგვავიწყდება რომ ქეცბაიას და არც სხვებს არ დაუსახავთ 100% იანი ამოცანა, რომ ევროპაზე გავალთო. ჩვენი უბედურებაც ესაა, რომ ყველა მწვრთნელს იმ წელსვე ვთხოვთ შედეგს. ქეცბამ კი შედეგ მიაღწია დისციპლინური ბრძოლისუნარიანი და აზრიანი ნაკრები გვყავს. რომელიც უკვე ანგარიშგასაწვეი ძალაა. მთავარია ასე გავაგრძელოთ ჯერ მხოლოდ საწყის ეტაპზე ვართ.
bb king
15:38 20-06-2011
0
საშინელი საყურებელი იყო ჩვენი უსუსური თამაში. შეიძლება წააგო მაგრამ ასე სამარცხვინო თამაში არ უნდა აჩვენო. ქეცბაიას კიდ ვურჩევ სირაძე ბოლომდე გამოიყენოს.
zaza
10:27 06-06-2011
0

სიახლეები პოპულარული