გიორგი ლორია "ლელომ" საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო მეკარედ დაასახელა. ინტერვიუ თბილისის "დინამოს" ავსტრიულ შეკრებაზე გამგზავრებამდე ჩამოვართვით:
- ნაკრების მატჩის შემდეგ ვისვენებდი და მხოლოდ გამგზავრების წინა დღეს ვივარჯიშე. მძიმე სეზონი მქონდა და დამასვენეს.
- რა დაგამახსოვრდა გასული სეზონიდან?
- კატასტროფული
- ხორვატიასთან და სლოვენიასთან კარგ მოედნებზეც ითამაშე და საფეხბურთო ატმოსფეროც იყო. ეტყობა, შენზე ამან კარგად იმოქმედა.
- ცხადია, ნაკრების დონეზე ყველგან კარგი სტადიონები და მოედნებია. თუმცა მთავარია, რომ ქვეყნის მთავარი გუნდის სახელით ვთამაშობ, რაც ყველაზე დიდი სტიმულია.
- აქვე გკითხავ, ნაკრების ბაზაზე როგორი მოედანია?
- ძალიან კარგი, მსგავსი სპლიტის სტადიონზეც კი არ იყო. ეს თქვა ნაკრების ყველა წევრმა და ძალიან გვიხარია, კარგი საფარი საქართველოშიც რომ გვეღირსა.
- საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო მეკარეობა შენთვის რას ნიშნავს?
- ეს ჩემი მიზნებიდან ერთ-ერთი იყო. კიდევ მაქვს რამდენიმე, მაგალითად, სადმე წავიდე, უფრო გავიზარდო და სადაც უნდა ვითამაშო, ქართველობა და ჩვენი სამეკარეო სკოლა არ შევარცხვინო. ვფიქრობ, რომ ნიჭიერი მეკარეები გვყავს, მაგრამ სათანადოდ ვერ ჩანან. ნაკრები უკეთ რომ ათამაშდა, ყველამ, დაინახა, რომ არც ისე კატასტროფული მდგომარეობა ყოფილა.
- როგორც ვიცი, სპლიტის შეხვედრის შემდეგ თქვენს გასახდელში ხორვატების მთავარი მწვრთნელი სლავენ ბილიჩი პირადად შენს სანახავად შემოვიდა.
- ბილიჩი თბილისში წაგების შემდეგაც შემოვიდა და ხორვატიაშიც. სპლიტში თვალებით მეძებდა, თან ეღიმებოდა, თან გაოცებული სახით მიყურებდა, შემაქო, ასე გააგრძელე, ძალიან მომეწონეო. მას მაღალი დონის შეხვედრებითა და მეკარის კარგი თამაშით ვერ გააკვირვებ და, აქდან გამომდინარე, ბილიჩის შექებამ ძალიან გამახარა.
- როგორც ვიცი, შენი უცხოეთში წასვლა საკმაოდ რეალურია.
- მიწვევები მაქვს, მოლაპარაკებაც მიმდინარეობს, მაგრამ ეს მთლიანად კლუბის კომპეტენციაა და მალე გამოჩნდება, გადასვლა რამდენად რეალურია. ჯერ ისიც არ ვიცი, ევროთასამდე გამიშვებენ თუ არა. უცხოეთში თამაში კი ძალიან მინდა. ჩემი წასვლით კლუბი არ დაზარალდება, ნიჭიერი ბიჭია თორნიკე ზარქუა, ახლა გამოცდილი სოსო გრიშიკაშვილიც დაგვემატა და "დინამოს" მეკარის პრობლემა არ შეექმნება.
- სლოვენიასთან და ხორვატიასთან შეხვედრებში თავდაჯერებულად, საიმედოდ ითამაშე. თავდაჯერება კი ადრე აშკარად გაკლდა.
- მე ყოველთვის ჩემს შანს ველოდი და, მგონი, ცუდად არ გამომიყენებია. თუმცა ფანტასტიკურადაც არ მითამაშია, შეიძლებოდა კარის მშრალად შენახვა, ხორვატების გოლებიდან აუღებელი არც ერთი ყოფილა. ეტყობა, მაღალ დონეზე თამაშის მეტი გამოცდილება მჭირდება. თუმცა საქართველოს ჩემპიონატშიც არის ხოლმე კარგი მატჩები.
- მაგალითად, რომელს გამოარჩევდი?
- ფოთში "კოლხეთთან" მატჩს, რომელიც დაძაბულად ჩატარდა. ამასვე ვიტყვი ცხინვალის "სპარტაკთან" შეხვედრაზე "ქართლის" სტადიონზე და "ვიტ ჯორჯიასთან" მატჩზეც. თუმცა იყო თამაშები, თითქმის არ დავტვირთულვარ.
- გასულ სეზონში ნაკრებში ადგილის დასამკვიდრებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგი.
- ამის დამტკიცება მომავალშიც მომიწევს, რადგან ერთი სეზონის კარგად ჩატარება არაფერს ნიშნავს. მთავარია, ასე გავაგრძელო სტაბილურად. ისე, ბედნიერი ადამიანი ვარ, თბილისის "დინამოში" რომ ვირიცხები. ამ გუნდმა ბევრი რამ მომცა, როგორც ჩანს, გაზრდა და მაღალი დონის კლუბში გადასვლა აქედანაც შესაძლებელია.
- "დინამო" უტიტულოდ დარჩა და საკმაოდ უფერული სეზონი ჩაატარა.
- წარუმატებლობის მიზეზი შემადგენლობის როტაცია იყო. სეზონის განმავლობაში სერიოზული ცვლილებები მოხდა და, ცხადია, შეუთამაშებლად ჩემპიონობის მოპოვება ძნელია. ეს ჩვენმა კონკურენტმა "ზესტაფონმა" მოახერხა და გვაჯობა კიდეც.