მრავალეროვანი ინგლისი

AutoSharing Option
ახალ ზელანდიაში გასამართ მსოფლიოს თასზე საქართევლოს ნაკრების მეტოქის, ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გუნდის გაფართოებული, 45-კაციანი შემადგენლობა გააცხადა. აქედან, როგორც გაირკვა, მოთამაშეთა 27 პროცენტი საზღვარგარეთაა დაბადებული. გამორიცხული არ არის მათმა უმრავლსობამ ნაკრების საბოლოო, 30-კაციან განაცხადში დაიკავოს ადგილი.

ავსტრალია
ლონდონის "ვოსფსის" ცხრა ნომერი ჯო სიმპსონი სიდნეიში დაიბადა. მისი მშობლები ახალ ზელანდიაში დაბადებული ბრიტანელები იყვნენ. გასაკვირი არ არის, რომ ჯო სარაგბო სამყაროში გაიზარდა. მან განათლება ილინგში მიიღო და რიჩმონდის ახალგაზრდულ გუნდში თამაშობობდა. ინგლისის ნაკრებში პირველად ავსტრალიელ "ბარბაროსებთან" მატჩში გამოჩნდა, მაშინ ის სათადარიგოთა
შორის იყო.

"პომების" გაფართოებულ შემადგენლობაში ახლა სამი ცხრა ნომერია. სიმპსონს დიდი ძალისხმევა დასჭირდება, რომ ერთი ზედმეტი თვითონ არ აღმოჩნდეს.

კენია
ინგლისის ნაკრების ვეტერანი საიმონ შოუ კენიის დედაქალაქ ნაირობიში 1973 წელს დაიბადა. ის მხოლოდ ოცი წლის ოყო, როცა პირველად მოირგო ინგლისის ნაკრების კვართი. დღესდღეობით მის ანაგარიშზეა ეროვნულ ნაკრებში მოხვეჭილი 66 კეპი.

საიმონს შესანიშნავი სეზონი ჰოქნდა 2009 წელს "ბრიტანელი ლომების" მიერ გამართულ ტურნეში სამხრეთ აფრიკაში. ის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მეორეხაზელია. მაშინ შოუმ "ბოკეს" მართლაც შესანიშნავი შოუ მოუწყო. ინგლისის ნაკრების ქომაგები იმედოვნებენ, რომ ის იგივეს გამეორებას ახალზელანდიაშიც შეძლებს. იმ დროსითვის საიმონ შოუ 38 წლის იქნება.

ახალი ზელანდია
"პომების" შემადგენლობაში რამდენიმე ახალზელანიელია. რიკი ფლუტის, შონთაი ჰეპისა და დილან ჰართლის ახალხან ტომას ვალდრომიც შეუერთდა. ფლატის ეროვნულ ნაკრებში უკვე მოხვეჭილი აქვს 13 კეპი, საკმაოდ ხშირად თამაშობენ ჰართლიც და ჰეპიც. ვალდრომმა კი ინგლისურ რაგბიში სულ ერთი სეზონი გაატარა, მას შემდეგ, რაც "ლესტერ ტაიგერზში" ახალზელანიური გრანდიდან, ქრაისთჩერჩის "კრუსეიდერზიდან" გადაბარგდა.

სამოა
ინგლისის ნაკრების შუამარბის მანუ ტულიგაის ოთხმა ძამამ სამოას ნაკრებში თამაში არჩია. მანუმ მტკიცედ გადაწყვიტა თავისი კარიერა "პომებს" დაუკავშიროს. საამისოდ მან ინგლისის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაძაბული ბრძოლა გადაიტანა, რათა ქვეყნისთვის თავისი ერთგულება დაემტკიცებინა და ბრიტანეთის მოქალაქეობა მიიღო.

ტულიგაიმ წლეულს შესანიშნავად ითამაშა. "ლესტერ ტაიგერზის" შემადგენლობაში მან 20 მატჩი გამართა და შვიდი ლელო გაიტანა. ინგლისის A ნაკრების სკოლის გავლის შემდეგ, ყველა ფიქრობდა, რომ ეროვნულ ნაკრებში ადგილს იოლად დაიმკვიდრებდა, მაგრამ "სეილ შარქსთან" მატჩში, კრის ეშტონთან ბინძური თამაშის გამო დისკვალიფიკაცია მიიღო.

მანუს ბრწყინვალე ფიზიკური მონაცემები აქვს, ერთნირად ძლიერი და უკომპრომისოა როგორც შეტევაში, ისე დაცვაში თამაშისას. მარტინ ჯონსონმა მას ბოლო შანსი მისცა და თან მკაცრად გააფრთხილა, რომ დისციპლინის დარღვევას არაფრით აპატიებს.

სამხრეთ აფრიკა
პირველი სამხრეთ აფრიკელი მორაგბე, რომელმაც ინგლისის ნაკრების კვართი მოირგო ვი ბი თომსონი გახლდათ. ეს 1892 წელს მოხდა. მას შემდეგ "პომების" რიგებში უამრავ სამხრეთფრიკელს უთამაშია. ყველაზე ცნობილი მათ შორის იყო მაიკ ქეთი. საკმაოდ დიდი დამსხურება აქვთ ინგლისური რაგბის წინაშე ებოთ სტუარტს, მაიკლ გორაკს, ჯეფ ალლფორდს და ნიკ აბენდენონს.

სამხრეთაფრიკელები მრავალად არიან მარტინ ჯონსონის მიერ დასახელებულ ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაშიც. ესენია, "სარასენზის" მორაგბეები მეთ სტივენსი და მოურის ბოთა, ასევე "სეილ შარქსის" მესამეხაზელი ჰენრი ფური.

სტივენსს, ფურისგან განსხვავებით, ნაკრებში წლეულს არ უთამაშია, ბოთა კი, სავარაუდოდ, ყოფილი კაპიტნის, სტივენ ბორტვიკის ნაცვლად მიიწვიეს.

ტრინიდადი
დელონ არმითიჯი, რომელიც სან ფერნანდოში დაიბადა, პირველი ვესტინდოელი იყო, რომელმაც ინგლისის ნაკრებში ითამაშა. ის 1996 წელს საფრანგეთში გადავიდა და ფედრალ 1 დივიზიონში მოასპარზე "ნიცაში" თამაშობდა. მას შემდეგ რაც საფრანგეთის 16-წლამდელთა ნაკრებში თამაშზე უარი თქვა, ლონდონში გადაბარგდა და სანამ "ლონდონ აირიშში" ჩაირიცხებოდა, რიჩმონდის სკოლაში სწავლობდა და თამაშობდა.

დელონ არმითიჯის დებიუტი "პომების" რიგებში 2008 წელს წყნარი ოკეანის კუნძულების ნაკრებთან მატჩში შედგა და მას შემდეგ ეროვნულ გუნდში 19 კეპი მოიხვეჭა. დელონი და მისმა ძმამ, ასევე კარიბის ზღვის აუზში დაბადებულმა სტეფან არმითიჯმა, 2009 წელს იტალიის ნაკრებთან ერთად ითამაშეს.

აშშ
22 წლის შერკინების ბურჯი ალექს კორბსიერო ნიუ-იორკში დაიბადა. 2008 წელს ის "ლონდონ აირიშში" ჩაირიცხა და წლეულს ექვსი ერის გათამაშებაში ეროვნულ ნაკრებში დებიუტი ჰქონდა. ის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი მორაგბეა.

ნიშანდობლივია, რომ ახალგაზრდულ და A ნაკრებში მიღებული გამოცდილების შემდეგ, იტალო-ამერიკელ კორბსიეროს ინგლისის ნაკრებში დებიუტი სწორედ იტალიის ეროვნულ გუნდთან ჰქონდა. მან დიდი წინააღმდეგობა გაუწია და თითქმის დაჩაგრა კიდეც "სკუადრა აძურას" სახელგანთქმული პირველხაზელი მარტინ კასტროჯოვანი.

ალექსს ეროვნულ ნაკრებში ძალზედ სერიოზული კონკურენტი ჰყავს - ვეტერანი ენდრიუ შერიდანის, თუმცა, ვფიქორბთ, რომ ის ნამდვილად ღირსია ახალ ზელანდიაში ინგლისის ნაკრების კვართით ითამაშოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული