გია გრიგალავა: ქართველობას თამაშით დავამტკიცებ

AutoSharing Option
გია გრიგალავას 2011 წლის 3 ივნისი არასოდეს დაავიწყდება - 20 წლის მცველმა ამ დღეს პირველად მოირგო საქართველოს ნაკრების ფორმა. ქუთაისში დაბადებულმა და მარტვილში გაზრდილმა ბიჭმა 17 წლისამ "როსტოვის შემადგენლობაში რუსულ პრემიერლიგაში პირველად ითამაშა, შემდეგ იყო "მოსკვა", წლეულს კი ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგაში" ჩაირიცხა.

2009 წელს რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებშიც მიიწვიეს და, ფაქტობრივად, იქაურ ფეხბურთშია გაზრდილი, მაგრამ ამბობს, რომ ყოველთვის საქართველოს ნაკრებში თამაშზე ოცნებობდა.

ერთკვირიანი შვებულება გიამ საქართველოში გაატარა და ინტერვიუ ჩამოვართვით:

- 3 ივნისს პირველად ვითამაშე საქართველოს ნაკრებში. სამწუხაროდ, ხორვატებთან წავაგეთ. გრძნობების
გამოხატვა არ მიყვარს, მაგრამ იმ დღეს განსაკუთრებული ემოციები დამეუფლა.

ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი, რაც შეგვეძლო, მაგრამ ხორვატებმა გვაჯობეს და ვერ ვუტევდით. თუმცა ნამდვილად არ გვქონდა მითითება, რომ დაცვაში
ჩავმდგარიყავით.

- გამოძახებამდე ნაკრების მატჩებს უყურებდი?
- საქართველოში დავიბადე, ფეხბურთელი ვარ და, რა თქმა უნდა, ჩვენი ნაკრების მატჩები მაინტერესებდა. ადრე ბევრი ვერაფერი გუნდი იყო, ყველა იოლად უგებდა, ქეცბაიას ხელში კი კერკეტი კაკალი გახდა და ნებისმიერი გუნდისთვის უსიამოვნო მოწინააღმდეგეა. სხვათა შორის, გუნდში სიტუაცია მომეწონა, ძალიან თბილად მიმიღეს, ბევრს ვიცნობდი, მაგრამ არა ყველას.

- ჩვენი ნაკრების ევრო 2012-ზე გასვლაზე ლაპარაკს სერიოზულად აღიქვამ?
- ჯერ დარჩენილი სამი შეხვედრა მოვიგოთ და მერე ვნახოთ.

- სხვათა შორის, ჩენს გულშემატკივარს მუდამ აინტერესებდა, რატომ ითამაშე ომის შემდეგ რუსეთის ფორმით? ფორუმზე ვარაუდი გამოთქვეს, მიხვდა, რუსეთის ეროვნულ გუნდში რომ არ იწვევდნენ და საქართველო ამიტომ ამჯობინაო.
- ვიცი, რომ ჩემი გადაწყვეტილება არაერთგვაროვნად შეაფასეს და გული დამწყდა. არაფერია, სკეპტიკოსებს ჩემი თამაშით დავარწმუნებ, რომ არავისზე ნაკლები ქართველი არ ვარ.

რაც შეეხება რუსეთის ნაკრებში ჩემი თამაშის პერსპექტივას: 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადება რუსებმა უკვე დაიწყეს, ჩემს პოზიციაზე კი რუსული პასპორტის მქონე ბევრი მოთამაშე არ ჰყავთ. იქ თამაში რომ მდომოდა, დამიჯერეთ, საქართველოს პასპორტს არ დავიბრუნებდი. ნაკრებში ჩემი კანდიდატურა რომ განიხილებოდა, ეს კოლოსკოვმა თქვა, რომელიც სიტყვებს ჰაერზე არ ისვრის. სხვათა შორის, არაერთხელ მიმიწვიეს რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებში, მაგრამ შეკრებაზე არ წავსულვარ, საბედნიეროდ, იმ დროს ტრავმა ანუ მიზეზი მქონდა.

- არადა, რუსებს სწორედ მაშინ დათანხმდი, როდესაც კახა ცხადაძე საქართველოს ახალგაზრდულში გიწვევდა.
- "როსტოვთან" კონტრაქტში მეწერა, რომ გუნდი მხოლოდ რუსეთის ნაკრების შეკრებაზე გამიშვებდა. დანარჩენი თავად განსაჯეთ. "ვოლგასთან" კონტრაქტში კი თავად ჩავწერე, საქართველოს ნაკრებში მიწვევის შემთხვევაში გუნდი ხელს არ შემიშლიდა.

- ეს ჩვენც ვიცოდით, მაგრამ, სიმართლე გითხრა, შენი ჩამოუსვლელობის მიზეზი ცოტა არადამაჯერებლად გვეჩვენა.
- რა ვქნა, ასეც ხდება ხოლმე. საქართველოს ნაკრებში თამაშის იმედი მაინც არ მქონდა გადაწურული. მერე ზვიად სიჭინავა და თემურ ქეცბაია დაინტერესდნენ და პასპორტის გაკეთება მთხოვეს. თანაც ქეცბაიამ ისეთ დროს მიმიწვია, ძალიან გამიკვირდა და გამიხარდა.

- შენს გადაწყვეტილებაზე რუსებს რა რეაქცია ჰქონდათ?
- მეგობრები არ მირჩევდნენ, მაგრამ მე თავიდანვე ჩამოყალიბებული პოზიცია მქონდა და ამ შანსს ხელიდან არ გავუშვებდი.

- მეგობრები რატომ არ გირჩევდნენ?
- რუსეთში მათი ნაკრების ფეხბურთელი უფრო ფასობს, მეტ ხელფასსაც უხდიან და გუნდებიც მეტი ხალისით იწვევენ, ვიდრე საქართველოს ეროვნული გუნდის წევრს. მაგრამ ყველაფერი ფულით არ იზომება, ღმერთმა მე ქართველად გამაჩინა.

- იყო ლაპარაკი, თითქოს "კრასნოდარი" გიწვევდა, მანამდე კი კიევის "დინამო".
- ბევრი სხვა გუნდიც დაინტერესდა, მაგრამ "ვოლგაში" დარჩენა ვამჯობინე. თანაც, ამ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი მაკავშირებს, უკრაინის ჩემპიონატს კი რუსეთისა მირჩევნია, ფეხბურთიც უკეთესია და პირობებიც. რუსეთში 2007 წლიდან ვთამაშობ და პრემიერლიგის დონე საგრძნობლად გაიზარდა. სხვათა შორის, ამაში "აიაქსში" ვარჯიშისას დავრწმუნდი, იქ საერთოდ არ გამჭირვებია, არადა, რუსეთიდან ეს გუნდი ევროპული ფეხბურთის გრანდად მეჩვენებოდა.

- "ვოლგას" პრემიერლიგაში დარჩენის პოტენციალი თუ აქვს?
- გადარჩენაზე არ უნდა გვქონდეს საქმე, წლეულს არ გავვარდებით. საწყის ტურებში დავრწმუნდით, რომ, სულ მცირე, რვა საუკეთესოში მოხვედრა შეგვიძლია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული