ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია გუნდის შეკრებას 8 აგვისტოს პოლონეთშივე გეგმავს, თბილისში შეკრება არ მოეწყობა.
სარწმუნო წყაროდან შევიტყვეთ, რომ ეროვნული ნაკრების გაფართოებულ სიაშია ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგადან" წამოსული ნახევარმცველი გოგიტა გოგუა. თუმცა, ისიც გვითხრეს, რომ ეს შეკრებაზე მის გამოცხადებას არ ნიშნავს, რადგან სია მხოლოდ გაფართოებულია და არა საბოლოო. რეალობა უახლოეს დღეებში გაირკვევა.
ამასობაში გოგუა კვლავ უგუნდოდაა, "კრასნოდარში" არ
გუშინ "სპორტლაიფმა" გოგუას ამბავზე მორიგი ვერსია გაავრცელა, ქართველმა უკმაყოფილება გამოხატა "ვოლგას" თამაშით, რის გამოც პირდაპირ შეკრებისას გაუშვეს გუნდიდანო და წყაროდ კლუბის წევრი დაასახელა.
"დიდი ხანია, გოგუას "ვოლგას" მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებას ვამჩნევდით. მას აშკარად არ მოსწონდა ჩვენი კლუბი. ცოტა ხნის წინ კი, ავსტრიულ შეკრებაზე, მწვრთნელთა შტაბის, მოთამაშეთა და კლუბის მისამართით უსიამოვნო ტონით ალაპარაკდა.
ამასთან შეგუება შეუძლებელი იყო და ნიჟნინოვგოროდელთა მთავარმა მწვრთნელმა დმიტრი ჩერიშევმა მისი გუნდიდან გაშვება გადაწყვიტა. იმავე დღეს აუღეს ბილეთი და უკან გააბრუნეს.
შეგახსენებთ, რომ გოგუა "ვოლგაში" წლეულს ჩაირიცხა და ძირითადში მხოლოდ სამჯერ ითამაშა.
მისი უკმაყოფილების ერთ-ერთი მიზეზი სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობაც იყო. მას უფრო ხშირად სურდა ძირითადში თამაში. თუმცა საამისოდ ვარჯიშებზე დიდად არც იტვირთებოდა. შემადგენლობის შერჩევა კი მწვრთნელის საქმეა, მაგრამ ამასთან შეგუება არაფრით სურდა.
ამჟამად გოგუა ახალ კლუბს ეძებს, "ვოლგა" მზად არის, ამაში დაეხმაროს, ნიჟნი ნოვგოროდში კი, საეჭვოა, როდესმე დაბრუნდეს", - წერს "სპორტლაიფი".
"სპორტლაიფის" ცნობა ნაკლებად სანდო ჩანს, რადგან გოგუას უკმაყოფილების მიზეზმა დაგვაეჭვა - გოგიტამ მხოლოდ სამჯერ ითამაშა ძირითადშიო. არადა, გოგუა წლეულს "ვოლგას" სასტარტოში 12-ჯერ მოხვდა და მხოლოდ ერთხელ შევიდა შეცვლაზე.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით კი, გოგიტა ბოლოს ნიჟნი ნოვგოროდში თავს კარგად ვერ გრძნობდა, რადგან "ვოლგას" ხელმძღვანელებთან კონფლიქტი ჰქონდა და ავსტრიული შეკრების დროს გუნდი საკუთარი ნებით მიატოვაო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"