ფრუიძე სეზონისწინა სელექციაზე გველაპარაკა: "მზადება საჩხერეში დავიწყეთ, მერე კი ურეკში გადავინაცვლეთ. შემადგენლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებებია. შევინარჩუნეთ ბოლო წლებში ჩამოყალიბებული ბირთვი, რომელსაც უმაღლესი ლიგის გამოცდილების მქონე ბიჭები დავამატეთ - ლაშა ჭელიძე, ჯაბა ბერიანიძე, ნიკა კვასხვაძე, ლაშა ნოზაძე, ლევან ბაკურაძე,
ჩვენთან ვარჯიშობს ახალგაზრდულ ნაკრებში ნათამაშები გიორგი გეთიაშვილიც, რომლის საკითხიც ჯერ არ გადაწყვეტილა. "ჩიხურაში" ითამაშებს ახალგაზრდული ნაკრების კანდიდატი გიორგი სალარიძეც, რომელიც ოთარ გაბელიამ "ვიტ ჯორჯიასთან" საკონტროლო მატჩში ნახა და თურქეთში "კაისერთან" ამხანაგურ მატჩზე გამოიძახა."
ფრუიძის თქმით, ახლა უმთავარესი გუნდის შეთამაშებაა:"ვფიქრობ, საინტერესო შემადგენლობა შევკრიბეთ და ახლა მთავარი გუნდის შეთამაშებაა. ურეკის შეკრებაზე საკონტროლო თამაშები დავგეგმეთ და ვფიქრობ, სეზონის დაწყებამდე ძველები და ახლები საერთო ენის გამონახვას შეძლებენ.
მოსამზადებელ ეტაპზე რამდენიმე საკონტროლო მატჩი გავმართეთ: "ვიტ ჯორჯიასთან" 0:0 ვითამაშეთ, ცხინვალის "სპარტაკთან" 0:2 წავაგეთ, "ტორპედოსთან" ფრედ დავასრულეთ - 0:0. ამას გარდა, გრიგოლეთში შევხვდებით ლანჩხუთის "გურიას" და ბათუმის "დინამოს", ურეკში კი ცხინვალის "სპარტაკს".
მიუხედავად იმისა, რომ "ჩიხურა" მაისში უმაღლეს ლიგაში ვერ გადავიდა და გადათამაშებაში ცხინვალის "სპარტაკთან" 1:2 წააგო, საჩხერელები ბიძინა ივანიშვილის "ქართუ ჯგუფს" არ მიუტოვებია და უფრო სერიოზულად მიხედა, რადგან იმ მატჩში გამოჩნდა, რომ გუნდი საკმაოდ პერსპექტიულია.
"ვფიქრობ, პირველ ლიგაში ასპარეზობის მიუხედავად, "ჩიხურას" საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო ინფრასტრუქტურა და ფინანასური მდგომარეობა აქვს, რაც "ქართუს" დამსახურებაა, რომელიც ჩვენში საუკეთესო სავარჯიშო და მოსამზადებელ პირობებს გვიქმნის. ახლა გუნდის საკუთრებაშია ორი მშვენიერი სტადიონი ხელოვნური და ბუნებრივი საფრებით, გეგმაშია საჩხერის ცენტრალური სტადიონის მშენებლობაც, რომელიც 7-8 ათას მაყურებელს დაიტევს", - ამბობს "ჩიხურას" მთავარი მწვრთნელი.
დაბოლოს, "ჩიხურას" მიზნებზე: საცოდაობაა, ასეთი პირობების მქონე გუნდი უმაღლეს ლიგაში ვერ თამაშობდეს. ფრუიძე დარწმუნებულია, რომ ახალ სეზონში მიზანს მიაღწევენ.
"რაიონში ყველა დაინტერესებულია, გუნდი უმაღლეს ლიგაში რომ გადავიდეს. ჩვენი მიზანიც სწორედ ეს არის. "ქართუ", საჩხერის რაიონის გამგეობა და საკრებულო გვერდში გვიდგანან და გვქომაგობენ. ვფიქრობ, წლეულს უმაღლესში უნდა გადავიდეთ, სადაც საჩხერეს ღირსეული გუნდით წარვადგენთ", - თქვა ფრუიძემ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"