დავით თარგამაძე: მოულოდნელ შანსს გამოყენება უნდა

AutoSharing Option
უკრაინის "ოლექსანდრიას" შემტევი ნახევარმცველი დავით თარგამაძე თემურ ქეცბაიამ ეროვნულ ნაკრებში მეორედ გამოიძახა. ეს არავის გაჰკვირვებია, რადგან პოლონეთთან სადებიუტო შეხვედრაში 21 წლის ფეხბურთელმა ისე აზრიანად და სასარგებლოდ ითამაშა, კითხვაც კი გაჩნდა - სად იყო აქამდე?

სწრაფმა და ტექნიკურმა თარგამაძემ ყურადღება მაშინვე მიიქცია, როგორც კი ასაკობრივ ნაკრებებში გამოჩნდა, მაგრამ ტანად სუსტს რომ უყურებდი, გიჩნდებოდა სურვილი, ფიზიკურად მოღონიერებულიყო. ბუნდესლიგურ "ფრაიბურგში" ჩატარებული სეზონი, ისევე, როგორც უკრაინაში თამაში, საამისოდაც წაადგა და ვფიქრობთ, ნაკრებს საინტერესო მოთამაშე შეემატა იმ თაობიდან, რომელმაც მალე თავისი სიტყვა უნდა თქვას.

-
დიდი ფეხბურთში ეფექტურად გამოჩნდი, მაგრამ მთელი ორი წელი დაიკარგე და როდესაც შენი სახელი ლამის ყველას დაავიწყდა, მაშინ გაგეხსნა "მეორე სუნთქვა". ეტყობა, "ოლექსანდრიაში" ტყუილად არ წასულხარ.
- ფეხბურთში ყველაფერი ხდება. გერმანიაში პირველი ორი წელი კარგად ამეწყო, მაგრამ შემდეგ ყველაფერი ამერია, როდესაც მთავარ გუნდში გადამიყვანეს.

- მიზეზი "ფრაიბურგიდან" ფოლკერ ფინკეს წასვლა იყო?
- ყველაფერს ფინკეს წასვლას ვერ დავაბრალებ. იყო პირადი მომენტებიც, მამა გარდამეცვალა, თბილისში ჩამოვედი და მოსამზადებელი ეტაპი გამოვტოვე. ცხადია, მომხდარმა ჩემზე ძალიან ცუდად იმოქმედა და ლამის ორი წელი გამიცდა, ფორმიდან ამოვვარდი და დაკარგულის ასანაზღაურებლად დრო დამჭირდა.

- და რატომ უკრაინა და არა გერმანია?
- უთამაშებლობას ისევ უკრაინის პირველი ლიგის კლუბში თამაში მერჩივნა და არც შევმცდარვარ, "ოლექსანდრია" უკვე პრემიერლიგაშია და ხალხმაც უკეთ გამიცნო. თანაც, უკრაინის პრემიერლიგას ჩემი დასაწუნი არაფერი სჭირს.

- რაც მთავარია, იქ თამაშით შეგნიშნეს ეროვნულ ნაკრებში.
- ამ გუნდში ფორმა აღვიდგინე, სხვაგვარად ნაკრებში ჩემით არ დაინტერესდებოდნენ. საამისოდ მთელი ექვსი თვე დამჭირდა - ორი წლის უთამაშებლობა უბრალო ამბავი არ არის. თავიდან უცხო ფეხბურთთან შეგუებაც გამიჭირდა, მაგრამ ეს უკვე წარსულია, ახლა თავისუფლად ვთამაშობ, გუნდსაც შევეჩვიე და უკრაინულ ფეხბურთსაც.

- ნაკრებში შენი თამაშიდან უნდა დავასკვნათ, რომ უცხო გარემოსთან ადაპტაცია არ გიჭირს.
- ეს ბიჭების დამსახურებაა, რომლებმაც კარგად მიმიღეს, უცხოობა არ მაგრძნობინეს და გამამხნევეს - კალაძემ, კობიაშვილმა, აბსოლუტურად ყველამ. ნაკრებში თამაში ისედაც დიდი სტიმულია და ვეცადე, მონდომება არ დამეკლო.

- იმ ყველაფრის შემდეგ, რაც გადაგხდა, ნაკრებში მიწვევა მოულოდნელი იქნებოდა.
- ნამდვილად ასე იყო და ამიტომაც მადლობა თემურ ქეცბაიას, რომ გამომიძახა და შანსი მომცა. თუ თამაშის შესაძლებლობა კიდევ მომეცემა, ცხადია, განსაკუთრებულად უნდა მოვინდომო.

- შენით ლვოვის "კარპატი" დაინტერესდა, მაგრამ "ოლექსანდრიამ" 2 მილიონი დოლარი მოითხოვა.
- მოლაპარაკება მიმდინარეობს და ვნახოთ, როგორ დასრულდება. თუმცა "ოლექსანდრიის" პრეზიდენტსაც ველაპარაკე და კიდევ ექვსი თვე არ მიშვებს. კონკრეტული წინადადება მქონდა "კრივბასიდან", გამზადებული კონტრაქტიც მელოდა, მაგრამ კლუბმა არ გამიშვა.

- ახლა თუ გაქვს გაშვების იმედი?
- უკრაინის ჩემპიონატი უკვე დაიწყო, სატრანსფერო ფანჯარაც დაიხურა და ჩემი გადასვლა ახლა გამორიცხულია. ექვსი თვის შემდეგ კი ვნახოთ.

- კონტრაქტი როდის გიმთავრდება?
- მომავალი წლის ზაფხულში, მაგრამ კლუბები თუ მოილაპარაკებენ, კონტრაქტი პრობლემა აღარ იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
აბა შენ იცი და მე აგერ ვარ თუ რამედა! ))))
geosochi
14:58 31-08-2011
0

სიახლეები პოპულარული