ევრო 2012: რაღა გვაქვს დასაკარგი?

AutoSharing Option
ევრო 2012. შესარჩევი მატჩი
06.09. ლა ვალეტა, "ტა ქალი".1500 მაყურებელი
მალტა-საქართველო 1:1
0:1 კანკავა (15. თარგამაძის პასით), 1:1 მიფსუდი (25. ბრიფას პასით)

მალტა საქართველო
4-4-1-1 4-2-3-1
ჰოგი რევიშვილი
კარუანა გ. კაშია
აგიუსი ხიზანიშვილი
შკიმბერასი კალაძე
ფაილა გრიგალავა
ჰატჩისონი კანკავა
ბრიფა კობიაშვილი
რ. ფენეჩი იაშვილი
კოენი ანანიძე
მიფსუდი თარგამაძე
შემბრი მარცვალაძე

მალტა
60. რ. ფენეჩი - ბოგდანოვიჩი
76. შკემბრი - პეისი
91. კოენი - ვუდსი
სათადარიგოები: გაუჩი, მამო, მუსკატი, პ. ფენეჩი

საქართველო
61. იაშვილი - დვალიშვილი
66. მარცვალაძე - გრიგალაშვილი
77. ანანიძე - კობახიძე
სათადარიგოები: ლორია, კვირკველია, გურული, სირაძე

გაფრთხილება: ხიზანიშვილი (10), კაშია (58), ჰოგი
(90)
არბიტრი: პ. ვან ბოეკელი (ჰოლანდია)

სტატისტიკა
მალტა - საქართველო
9 კარისკენ დარტყმა 14
4 კარში დარტყმა 7
3 კუთხური 10
11 ჯარიმა 11
1 გაფრთხილება 2
44% ბურთის ფლობა 56%

არაფერი იცვლება ქართულ ფეხბურთში, ყოველ შემთხვევაში, დადებითისკენ. გნებავთ, დაგისაბუთოთ? მოკლედ რომ მოვჭრათ, საამისოდ წუხელ ჯუჯა სახელმწიფოს საფეხბურთო თვალსაზრისითაც ჯუჯა ნაკრებთან 1:1 დასრულებული ყოვლად უსახური მატჩიც იკმარებს, მაგრამ შორიდან მოვუვლით - დაახლოებით ორი წლის წინ, 2009 წლის აგვისტოში საქართველოს ნაკრები "ტა ქალის" ესტუმრა და მალტას ამხანაგურად ეთამაშა.

მაშინ ექტორ კუპერის ჩვენი გუნდი 0:2 დამარცხდა. ეს იყო მალტელთა წარსულში დამსახურებული ფეხბურთელის, ჯონ ბუტიგიეგის პირველი მატჩი მთავარი მწვრთნელის პოსტზე. ორივე გოლი მაიკლ მიფსუდმა გაგვიტანა (ხომ არ გეცნოთ?). გამოხდა ხანი და ის, რაც მალტელებს ოაზისი ეგონათ, მირაჟი ყოფილა - ბუტიგიეგმა ამის შემდეგ ყველა ოფიციალური მატჩი წააგო, მას ვერც კოვერჩანოს საფეხბურთო სკოლამ და პროლიცენზიამ უშველა.

გავიდა ორი წელი და მალტა და საქართველო ახლა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში დაპირისპირდნენ. მალტამ საქართველოსთან ფრეთი პირველი ქულა მოიპოვა ჯგუფში. გოლი ჩვენს კარში ისევ მიფსუდმა გაიტანა. 30 წლის ფორვარდისთვის, აქამდე "კაიზერსლაუტერნში" და "ქოვენთრიში" რომ უთამაშია, რევიშვილის კარში შეგდებული მართლაც დიდებული გოლი მისთვის სანაკრებო კარიერაში 30-ე გამოდგა (ხომ ვერ შემახსენებთ რომელიმე ქართველ ფეხბურთელს ანალოგიური მიღწევით?). დამთავრდა თამაში და მასპინძლებმა მცირერიცხოვანი პუბლიკის წინ საპატიო წრე დაარტყეს... არ დაიჯეროთ, მალტელებო! ისევ მირაჟია, ისევე, როგორც ჩვენთვის ყოფილა ხორვატიის დამარცხება დიდი მირაჟი. არ იქნება თქვენი და, ვაი რომ, ჩვენი ფეხბურთის საშველი უახლოეს წლებში. სამწუხაროდ, არ იქნება.

თემურ ქეცბაიამ ორი საკადრო ცვლილება განახორციელა, რომელთაგან ერთი იძულებითი იყო - ტრავმირებული ალექსანდრე ამისულაშვილი გია გრიგალავათი შეცვალა, ლატვიასთან საბედისწერო შეცდომის დამშვები გიორგი ლორია კი ნუკრი რევიშვილით ჩაანაცვლა. ქეცბაიამ ისევ 4-2-3-1 ამჯობინა (მალტასთანაც არ ვითამაშეთ ორი თავდამსხმელით), თუმცა გადაადგილებებიც იყო - გრიგალავამ მარცხენა ფლანგზე გადაიწია, კაპიტანი კახა კალაძე კი ცენტრში დადგა, ეულ ცენტრფორვარდად ალექსანდრე იაშვილს აღარ უთამაშია, ეს მისია ახლა ოთარ მარცვალაძეს ერგო. იაშვილი და დავით თარგამაძეც ხშირად ცვლიდნენ ფლანგებს.

პირველი სახიფათო მომენტი შეიძლებოდა შექმნილიყო მე-8 წუთზე, იაშვილს საჯარიმოდან უკეთ რომ ჩაეწოდებინა. ამას მოჰყვა ხიზანიშვილის უხეშობა და პირველი დარტყმა რევიშვილის კარში, რომელიც კუთხურით დასრულდა. ჩვენებმა გოლით უპასუხეს, ცოტა არ იყოს, კურიოზულით - თარგამაძემ მარჯვნიდან ჩააწოდა კუთხური და ჯაბა კანკავამ თავით "პარაშუტი" გაუშვა, რომელიც მეტოქის კარის ხარიხას მოხვდა, შემდეგ კარის ხაზს უკან ჩაეშვა და გამოვარდა. საბედნიეროდ, მსაჯები არ შემცდარან და 0:1 დააფიქსირეს.

საპასუხო გოლამდე არაფერი მომხდარა, 25-ე წუთზე კი ნამდვილი ფეხბურთის ერთადერთი ეპიზოდი ვიხილეთ ამ შეხვედრაში კარგად მოთამაშე ერთადერთი ფეხბურთელის შესრულებით: მიფსუდმა საჯარიმოს სიახლოვეს ბრიფასგან ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი პასი მიიღო, მაგრამ ერთი შეხებით (თანაც, ქუსლით) მოსწავლესავით მოატყუა კალაძე და მეორე შეხებით ახლო კუთხეში გაიტანა - 1:1.

ტაიმის ბოლომდე ქართველთა უშედეგო დარტყმებს გავიხსენებთ, უფრო სწორად, უბრალოდ ჩამოვთვლით: ჯერ იყო მარცვალაძის ჩაწოდებად ჩაფიქრებული დარტყმა, შემდეგ კუთხურზე გადასული რიკოშეტი, თარგამაძისა და იმავე მარცვალაძის გასროლები (ორივე მეკარის ნადავლი). ამათში ყველაზე სახიფათოს დარტყმასაც კი ვერ ვუწოდებთ, უფრო - სანახევროდ საგოლე მომენტს.

შესვენებამ ისეთი სიახლე ვერ შეიტანა საქართველოს ნაკრებში, გულს რომ გაახარებდა და საიმედოს დაგვანახვებდა. ისევ ის, უფერული და უფანტაზიო შეტევები. საოცრად წუნიანი პასები და ჩაწოდებები (ერთ ეპიზოდში კანკავამ მარცხენა ფლანგიდან ისე ჩააწოდა ბურთი, რომ მარჯვენა ფლანგზე აუტში გადავიდა). აღვნიშნავთ იაშვილის დარტყმასაც და იმასაც, რომ გურამ კაშიამ ფენეჩს მხარი ამოუგდო და შესაცვლელი გახადა.

ყველაზე სახიფათო კი 73-ე წუთზე შექმნილ მომენტს ეთქმოდა, როცა კაშიამ მარჯვენა ფლანგიდან ჩააწოდა და შეცვლაზე შესულმა ლადო დვალიშვილმა ახლო მანძილიდან ქუსლით სცადა დარტყმა, რაც არ გამოუვიდა. ამის შემდეგ იყო მორიგი შეცვლები და უხიფათო დარტყმები ჰოგის კარისკენ. ლოგიკური ფრე - 1:1.

ქოთანს თუ ყურს საჩვენოდ გავუკეთებთ, ვიტყვით, რომ ქეცბაიამ 4-მატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა, საიქითოდ უკვე აღვნიშნეთ (მალტის პირველი ქულა შესარჩევ ციკლში). ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ ლოკალური წარმატებები არ ხდება ის ბაზისი, რომელსაც შემდეგ მომდევნო წინგადადგმული ნაბიჯი დაეფუძნება (ხორვატიასთან მოგება, თუნდაც კარგი თამაში დაცვაში, მარცვალაძის გაბრწყინება, ხასიათის გამოვლენა გადამწყვეტ მომენტში, რაც მართლაც იყო ციკლის პირველ ნაწილში). ჩვენ კი უდაბნოში მოხეტიალე ქარავანივით ისევ წრეზე ვბრუნავთ, ისე, რომ ადრე მიღწეული მინი-წარმატებები საოცნებოდ გვრჩება.

P.S. და რაღა დარჩა დასაკარგი? მე-4 ადგილი, რომელზეც არცთუ მყარად ვდგავართ. აბა, რა დასაკარგავი ეგააო, იფიქრებთ, მაგრამ სულაც არ გამოვრიცხავთ, რომ კიდევ გვითხრან, დასაკარგი სწორედაც რომ გვაქვსო. მირაჟია ეს ყველაფერი, სამწუხაროდ, მირაჟი...

ეს ცაუნია ვინ ყოფილა!
რიგაში ხორვატების საქმე გაკეთდა
ლატვიის ნაკრებმა ხორვატთა საქმე გააკეთა - რიგაში 1:1 ეთამაშა ბერძენთა გუნდს, რისი წყალობითაც ჩვენს ჯგუფში ლიდერი შეიცვალა, ახლა ხორვატია 1 ქულით უსწრებს საბერძნეთს.

 

ისევ ალექსანდრს ცაუნიამ იყოჩაღა, F ჯგუფის ნამდვილად ერთ-ერთმა საინტერესო და არაორდინალურმა ფეხბურთელმა. ცსკა-ს 23 წლის შემტევმა ნახევარმცველმა მიხალის სიფაკისის კარში მე-19 წუთზე გაიტანა, მაგრამ ლატვიელებმა ბოლომდე ვერ გაძლეს: მატჩის დასრულებამდე 6 წუთით ადრე "შალკეს" 19 წლის მცველმა კირიაკოს პაპადოპულოსმა ელინებს ქულა გადაურჩინა - 1:1. ახლა ამ ჯგუფის მთავარი მატჩი და კვანძის გახსნა 7 ოქტომბერს პირეოსშია მოსალოდნელი, სადაც საბერძნეთის ნაკრები ხორვატიის გუნდს უმასპინძლებს.

"მაქსიმირზე" ხორვატებმა დაგეგმილი სამი ქულა მოიპოვეს, თუმცა თავიდან მათ გვარიანად ანერვიულეს გულშემატკივრები - 44-ე წუთზე ტომერ ჰემედმა ისრაელის ნაკრები დააწინაურა. მეორე ტაიმის მე-2 წუთზე ლუკა მოდრიჩმა გაათანაბრა, შემდეგ კი შეცვლაზე შესულმა ედუარდომ დუბლი მიითვალა - 3:1.

ევრო 2012. F ჯგუფი
ლატვია-საბერძნეთი 1:1
ლატვია: ვანინსი, მიჰადიუკსი, კლავა, კრიაუკლისი, ფერტოვსი, ივანოვსი, ლაიზანსი, ვიშნიაკოვსი (83. ზიგაევსი), ლუკიანოვსი, ცაუნია, ვერპაკოვსკისი (68. რუდნევსი).
საბერძნეთი: სიფაკისი, პაპადოპულოსი, პაპასტატოპულოსი, ზარადუკასი, ფეტფაციდისი (46. ციოლისი), მაკოსი (81. გეორგიადისი), სალპინგიდისი, კარაგუნისი, ვინტრა (71. მანიატისი), ლიბეროპულოსი, სამარასი.
გოლები: 1:0 ცაუნია (19), 1:1 პაპადოპულოსი (84)

ხორვატია-ისრაელი 3:1
ხორვატია: პლეტიკოშა, სრნა, შიმუნიჩი, ლოვრენი, ჩორლუკა (46. ედუარდო), სტრინიჩი, კრანჩარი, ვუკოევიჩი (46. დუიმოვიჩი), მოდრიჩი, იელავიჩი (87. კალინიჩი), მანძუკიჩი.
ისრაელი: ავატე (46. ჰაიმოვი), ტავატა, გერშონი, ხუტაბა, ბენ ჰარუში, ბენაიუნი, კოენი (57. გოლასა), კაიალი, ზაჰავი (68. შეხტერი), ჰემადი, ბენ ჰაიმი.
გოლები: 0:1 ჰემადი (44), 1:1 მოდრიჩი (47), 2:1 ედუარდო (55), 3:1 ედუარდო (57)
გაძევება: ბენ ჰაიმი (53)

თ მ ფ წ ბ ქ
1. ხორვატია 8 6 1 1 16-5 19
2. საბერძნეთი 8 5 3 0 10-4 18
3. ისრაელი 9 4 1 4 11-11 13
4. საქართველო 9 2 4 3 6-7 10
5. ლატვია 8 2 2 4 7-10 8
6. მალტა 8 0 1 7 4-17 1

დარჩენილი მატჩები
7 ოქტომბერი
ლატვია-მალტა
საბერძნეთი-ხორვატია

11 ოქტომბერი
ხორვატია-ლატვია
საქართველო-საბერძნეთი
მალტა-ისრაელი

ბომბარდირები: 4 - იოსი ბენაიუნი (ისრაელი), ნიკო კრანჩარი (ხორვატია), მაიკლ მიფსუდი (მალტა)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 23 /
ქართული ჯიგარი აღარააქვთ ამ უნამუსოებს სამარცხვინოა ის რაც მოხვდა და კიდე უარესი გველოდება წინ თუ მხოლოდ ფულის კეთებაზე იფიქრებთ ქართული ფებურთის შეფებო.
gela
14:56 08-09-2011
0
გაიგეთ ქეცბაია მანჩ.იუნაიტედის მწვრთნელად დაუნიშნავთ,ახლა გამოაცხადეს ნ.ტ.ვ.ფეხბურთზე,ამ ამბავმა ისე გაახარა ქეცბაია სიმღერაც დაუწყია;ტაქტი
კა გვაქვს შვენ ისეთი თაგზას აუბნევთ,[გაბელიაც აყოლია]მაურინიოს,გვარდიოლას,
ბეკენბაუერს.აი კაცი,ყოჩაღ ქეცბა.
roma
20:01 07-09-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული