დადასტურდა "ლელოს" ინფორმაცია, რომ შესარჩევი ციკლის ბოლომდე საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს სოსო ჭედია უხელმძღვანელებს - ეროვნულ ნაკრებში თემურ ქეცბაიას ასისტენტი.
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ზვიად სიჭინავას თქმით,
ჩვენი ინფორმაციით, ნაკრებში გადატანილი სტრესებისა და იმედგაცრუების შემდეგ ქეცბაიას დარჩენის დიდი სურვილი არ ჰქონდა, მაგრამ სიჭინავამ საამისოდ ყველაფერი გააკეთა, ამ ყველაფერს კი ასე ხსნიდა - ლატვია-მალტასთან წარუმატებელი მატჩების შემდეგ ქეცბაიას კრიტიკა გასაგებია, მაგრამ თემურის დასატოვებლად ყველაფერი რომ არ ვიღონო, ამისთვის არანაკლებ ამბავს ატეხავენო.
ახალი ციკლიდან ეროვნული ნაკრების განახლება და გაახალგაზრდავება დაიწყება - ეს პრესკონფერენციაზე ქეცბაიამ განაცხადა. თუმცა ისიც თქვა, რომ ვეტერანებს ნაკრებში თამაში კიდევ შეუძლიათო. ფედერაციაში კი მომწიფდა აზრი: რადგან გამოცდილ ვეტერანებს უკვე კარიერის დასრულების დრო უახლოვდებათ, აჯობებს აქცენტი ახალგაზრდა ფეხბურთელებზე გადავიდეს. ეს იგივე პოლიტიკაა, რამაც თავის დროზე თავად ქეცბაიას სანაკრებო კარიერა შეიწირა, მაგრამ ასეთი აზრი არსებობს.
ასე რომ, გამორიცხული არ არის, მალე ნაკრებს 33 წლის კახა კალაძე, 34 წლის ლევან კობიაშვილი და ალექსანდრე იაშვილი დაემშვიდობონ. იაშვილმა უკვე განაცხადა კიდეც, რომ წასვლაზე დაფიქრდა. ძნელი სათქმელია, გულშემატკივრის პრეტენზიების მიუხედავად, გამოცდილი ვეტერანების გარეშე ნაკრები უკეთ ათამაშდება თუ არა.
თუმცა, იმედია, როდესაც ეს დრო დადგება, ნაკრების ყოფილ ლიდერებს ძველებურად უმადურად არ გაუშვებენ და მიუხედავად იმისა, რომ მათი თაობის ნაკრებმა ვერაფერს მიაღწია, გუნდს წლების განმავლობაში გულითა და სულით ემსახურნენ და გაცილების მატჩს მაინც იმსახურებენ.
გულშემატკივრები გამსაკუთრებით სამ კანდიდატურას ქომაგობენ და აინტერესებთ, რატომ სოსო ჭედია და არა მაგალითად, აზერბაიჯანიდან წამოსვლის მსურველი, ბაქოს "ინტერის" მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე, "დინამო 2"-ისა და 19-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი დევდარიანი და "ზესტაფონის" ყოფილი დამრიგებელი გია გეგუჩაძე - გულშემატკივრებში მათ ყველაზე მეტი მომხრე ჰყავდათ. ჩვენი ინფორმაციით, ეს კანდიდატურები არც განხილულა, რადგან ყველა ასაკობრივი ნაკრების კოორდინირება თემურ ქეცბაიას დაევალა. თავად ჭედიამ ბრძანა, ქეცბაიას მოთხოვნებს კარგად რომ ვიცნობ, ალბათ, გუნდის გაწვრთნა ამიტომ შემომთავაზესო.
ქეცბაია და ჭედია წლებია ერთმანეთს იცნობენ, ჯერ კიდევ თბილისის "დინამოში" გამოსვლის დროიდან მეგობრობენ, თემური მას ენდობა, ფამაგუსტას "ანორთოსისშიც" ამიტომ მიიყვანა და გვერდში დაიყენა. ისედაც, ჭედიას წესიერი კაცის და გონიერი მრჩეველის სახელი აქვს.
საკუთარი სურვილით გაბელიას წასვლის დღესვე ცხადი იყო, რომ ლაპარაკი იქნებოდა ჭედიაზე. მაშინ ძალიან გვენიშნა ფედერაციის ერთ-ერთი თანამშრომელის ნათქვამი - ნაკრებს ქართველი გაწვრთნის, რომელიც ნორვეგიელივით გაწონასწორებული იქნებაო. როდესაც კარგად გამოვიკვლიეთ, შევიტყვეთ, რომ ჭედიას კანდიდატურა გაბელიას გადადგომის შემდეგვე განიხილეს.
მისი დანიშვნა იმასაც ნიშნავს, რომ ჭედიას ახალგაზრდების იმ კალაპოტში ჩაყენება დაევალება, რომლითაც თამაშს ეროვნული ნაკრები აპირებს და საჭირო შემთხვევაში გუნდს უპრობლემოდ რომ შეუერთდებიან.
ადრეც ასე იყო, ოთარ გაბელიაც არ მუშაობდა მხოლოდ ახალგაზრდულის ინტერესებისთვის, ეროვნული მაინც უპირველესი გუნდი იყო და იქნება ყოველთვის. მხოლოდ იმის გამოკლებით, რომ ახალგაზრდულს უფრო მეტი საექსპერიმენტო ფუნქცია დაეკისრება.
საქმე ისაა, რომ შემდეგ შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრების შანსებზე ლაპარაკიც სასაცილოა, როდესაც მეტოქეებად კენჭისყრამ ესპანეთი, საფრანგეთი, ბელარუსი და ფინეთი გვარგუნა. სიჭინავამ თქვა კიდეც, რომ შემდეგ ციკლს ევროპის 2016 წლის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად გამოვიყენებთო. გაახალგაზრდავებაც ამის გამო გადაწყდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
წარმატებებს ვუსურვებ ქეცბაიას!
დომენტი, სფფ-ს მკვდარი ვებგვერდი გააცოცხლეთ!!! დადეთ ინფორმაცია, ცხრილები უმაღლეს, პირველ და რეგიონალურ ლიგებზე!!! გააკეთეთ რეამე!!!