დავით დევდარიანი: გეგულებათ ფეხბურთელი, ნაკრებში თამაში არ უნდოდეს?

AutoSharing Option
დანიის სუპერლიგის "ორჰუსის" პლეიმეიკერი დავით დევდარიანი ეროვნული ნაკრების შეკრებაზე კვლავ ვერ გამოცხადდა. როდესაც პრესკონფერენციაზე მიზეზით დავინტერესდით, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ემოციური კომენტარი გააკეთა: "სიმართლე გითხრათ, დავიღალე დევდარიანის ჩამოუსვლელობით.
ათჯერ გამოვიძახე და არ გამოცხადებულა, ბოლო მომენტში უარს ამბობს და არც ვიცი, ეს რას მივაწერო".

ქეცბაიას დაინტერესება ბუნებრივია: დევდარიანმა ჯერ რუსთავის "ოლიმპში" თამაშისას შეიძინა ბევრი გულშემატკივარი, მერე კი, დანიაში გადასული, "ორჰუსის" ლიდერი გახდა.

მახსოვს, ამბობდნენ, დიდი ხნის შემდეგ იმედისმომცემი "ათიანი" გამოჩნდა, ასეთი მოთამაშე კი ნაკრებს ძალიან აკლიაო, მაგრამ ეროვნულში მისი თამაში
ვერა და ვერ ვიხილეთ.

ვითარებაში გასარკვევად დავით დევდარიანს დავუკავშირდით.
- შენმა ჩამოუსვლელობამ ქეცბაია გააოცა, ამბობს, მიზეზის ახსნა არ შემიძლიაო.
- სამწუხაროდ, ჩამოუსვლელობის მიზეზი ისევ ტრავმაა. უკვე მეექვსე დღეა, ვერ ვვარჯიშობ. ზაფხულში მიღებულმა ტრავმამ შემაწუხა, მაშინ მინიოპერციაც დამჭირდა და სამი თვე გამიცდა. მერე ვარჯიში დავიწყე, ვითამაშე კიდეც, მაგრამ პატარა პრობლემებმა კვლავ იჩინა თავი და კუნთი ამტკივდა. მართალია, სერიოზული არაფერია, მაგრამ ექიმმა ისევ დასვენება და მკურნალობა მირჩია.

- ფაქტია, რომ ქეცბაიას შენი იმედი ჰქონდა და გაწბილებულია, ნაკრებში რამდენჯერაც გამოვიძახე, ბოლო მომენტში სულ უარს ამბობსო.
- ხუთჯერ გამომიძახეს და ხუთჯერვე ტრავმა მქონდა. მაინცდამაინც ნაკრების შეკრებამდე რომ მექმნებოდა პრობლემები, ეს სამწუხარო დამთხვევაა. თქვენ რას ფიქრობთ, ნაკრებში თამაში არ მსურს?

- როგორც ვხვდები, ნაკრების ხელმძღვანელებში ასეთი ეჭვი გაჩნდა - ან კლუბი არ გიშვებს, ან თავად არ გსურს ჩამოსვლა. ცხადია, ჩვენც ეს კითხვა გვიჩნდება, რა გახდა შეკრებაზე გამოცხადება?
- ძალიან ცუდი დამთხვევები იყო და მესმის, რომ ამდენი უარი მწვრთნელს აეჭვებს, მაგრამ ასე იყო და რა ვქნა, ტყუილს რატომ უნდა ვიგონებდე? გეგულებათ ფეხბურთელი, რომელსაც ნაკრებში თამაში არ სურდეს? ეროვნული გუნდი ეზოს გუნდი არ არის, დაგეზაროს და არ დაეხმარო, ან კლუბს რა უფლება აქვს, ნაკრებში არ გამიშვას?

აბსურდია, თუ ვინმეს ჰგონია, ნაკრებში თამაშს თავს არიდებსო, ეს ხომ ჩემი ბავშვობის ოცნება იყო და გული მიკვდება, ერთხელაც რომ ვერ ჩამოვედი. არადა, ვარჯიშობ, ფორმაში შედიხარ, ელოდები შენს შანსს და... ყოველი მიწვევა ტრავმას ემთხვევა. ეს, უპირველესად, ჩემთვის არის გამაღიზიანებელი, ნერვები მაწყდება, მაგრამ მეეჭვება, ქეცბაიას ჩემი არ ესმოდეს. თავად იყო ფეხბურთელი და კარგად იცის, რომ ტრავმა პრობლემებს ქმნის. დიდი იმედი მაქვს, მალე მოვმჯობინდები და ნაკრებში თამაშის შანსი კიდევ მომეცემა.

- ტრავმა თუ გქონდა, "კოპენჰაგენთან" შეხვედრის განაცხადში როგორ მოხვდი?
- ვინ გითხრათ, რომ განაცხადში ვიყავი?

- ასე ეწერა "სოკერვეიზე", დანიურ ვებგვერდებზე.
- ტყუილია, თამაშისას ტრიბუნაზე ვიჯექი და სტადიონზეც ბოლოსღა გადავწყვიტე წასვლა, რადგან კუნთი მაწუხებდა. ახლა ყველაფერი გასაგებია, შესაძლოა, ამ არასწორი ცნობის გამო იფიქრეს, რომ ჩამოსვლა არ მინდოდა.

- ახლა თავს როგორ გრძნობ?
- ჯერ გუნდთან ვერ ვვარჯიშობ, ახლა ფიზიოთერაპიის კურსსა და აღდგენით ვარჯიშებს ვამთავრებ, მეტი დატვირთვა არ შეიძლება.

- ასეთი ტრავმიანობა დამაფიქრებელია, ეს "ორჰუსის" ექიმის ბრალი ხომ არ არის?
- ამის პასუხი რომ ვიცოდე, სხვაგვარად ვიმოქმედებდი და ბევრ პრობლემას ავიცილებდი.

- "ორჰუსში" დარჩენას როდემდე აპირებ?
- ახლა ამაზე ლაპარაკი ძნელია, რადგან ტრავმირებული ვარ და დანიის სუპერლიგის ამ სეზონში სულ სამი შეხვედრა ჩავატარე. გული იმაზეც მწყდება, რომ გუნდი მესამე ადგილზეა და ვერ ვეხმარები.

- "ორჰუსში" ბევრი ქართველია, მათზე რას იტყვი?
- სხირტლაძე განაცხადში ხვდება, შინდაგორიძეც ძირითად გუნდში ვარჯიშობს და 19-წლამდელებში თამაშობს, დიასამიძე კი ძირითადში იყო, მაგრამ ზაფხულში დაშავდა და მას შემდეგ მკურნალობს. ნიჭიერი ბიჭები არიან და "ორჰუსში" მათი ეიმედებათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული