თემურ ქეცბაია: შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო წარმატებული ციკლი

AutoSharing Option
საქართველო-საბერძნეთის მატჩის დასრულების შემდეგ ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

თემურ ქეცბაია: სამწუხაროა, რომ წავაგეთ მატჩი, რომელიც უნდა მოგვეგო. 10 კაცით 25 წუთის ჩატარება ძნელი აღმოჩნდა. სამწუხაროდ, დღეს იღბალიც არ იყო ჩვენს მხარეს.

დამთავრდა შესარჩევი ეტაპი და შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო წარმატებული ციკლი. მადლობას ვუხდი იმ ფეხბურთელებს, რომლებმაც მთელი მატჩი იბრძოლეს, მაგრამ სამწუხაროა, რომ წავაგეთ.

- ბოლოდან მეორე ადგილი წარმატებად ნამდვილად ვერ ჩაითვლება. იქნებ თქვათ, რას გულისხმობთ წარმატებულ ციკლში?!
- ბოლოდან მეორე ადგილს წარმატებად როგორ
ჩავთვლი. რა თქმა უნდა, ვგულისხმობ არა ადგილს, არამედ, გუნდის ჩამოყალიბების პროცესს, წინა ციკლში არსებულ მდგომარეობას. ჩამოყალიბდა გუნდი, რომელსაც შეუძლია ყველასთან ბრძოლა, მასში ნამდვილად იყო რაღაც პოზიტიური. თუმცა ეს წარმატებისთვის საკმარისი არაა.

იმედია, ახალი ციკლიდან ახალი ფეხბურთელებიც გამოჩნდებიან, გუნდი გაძლიერდება და შემდეგ ციკლში ჩამოყალიბდება გუნდი, რომელიც გულშემატკივრის იმედებს გაამართლებს. მეც ამბიციური მწვრთნელი ვარ და მინდა, რომ რაღაცას მივაღწიო.

- სამი ცვლილება ნაადრევად ხომ არ გააკეთეთ?
- ორი ცვლილება იძულებითი იყო და ცვლილებათა ლიმიტის ნაადრევად გამოყენება ამან გამოიწვია.

- როგორ არის თარგამაძე?
- ჯერ რაიმეს თქმა მიჭირს, იმედია, სერიოზული არაფერი სჭირს.

- შემდეგ შესარჩევ ციკლამდე საკონტროლო მატჩები თუ გაიმართება?
- მოლაპარაკება გვაქვს აშშ-ს ნაკრებთან, ლაპარაკია ორი მატჩის გამართვაზე, მათგან ერთი თბილისში, მეორე კი ამერიკაში რომ ჩატარდეს. თვის ბოლომდე ყველაფერი გაირკვევა. თამაში მართლაც კარგი იქნება, განსაკუთრებით თბილისში.

- გაგიჭირდათ საკლუბო და სანაკრებო სპეციფიკაში არსებული განსხვავების დაძლევა?
- შედარებაც არ შეიძლება, ნაკრები უფრო პრესტიჟული და ძნელი სამუშაოა, ნახევარი წელი ჰაერში ვარ, ნაცვლად იმისა, რომ გუნდში ვიმუშავო. დამოკიდებული ხარ არა იმაზე, როგორ ავარჯიშებ ფეხბურთელებს, არამედ როგორ ივარჯიშებენ თავად ფეხბურთელები კლუბებში.

- თუ გრძნობთ, რომ გუნდი მოგყვებათ?
- ეს მოედანზე უნდა გამოჩნდეს. მაგრამ მეტი ხარისხი და უკეთესი კლასის მოთამაშე გვჭირდება.

- ახალგაზრდებში ჯერ არ ჩანან ფეხბურთელები, დღევანდელი მოთამაშეები რომ შეცვალონ და ვის მოყვანას აპირებთ?
- თუ ესპანეთთან წაგებით იმსჯელებთ, ცხადია, იქ ფეხბურთელის შერჩევა შეუძლებელი იყო, მაგრამ იმედია, გაიზრდებიან და შევსებას მივიღებთ.

- კარგია, რომ ორ გოლზე მეტი არ გაგვიშვია, მაგრამ ორი გოლიც მხოლოდ ამხანაგურ მატჩებში გავიტანეთ და ხომ არ თვლით, რომ შეტევაში რაღაც შესაცვლელია?
- რა თქმა უნდა, რაღაცეები შესაცვლელია. ამიტომაც გვსურს ახალგაზრდულ და ასაკობრივ ნაკრებებში შეთანხმებული მუშაობა, რომ ბავშვები გავზარდოთ და ნაკრების მოთხოვნებს წინასწარ შევაჩვიოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
ძნელია არ დაეთანხმო თემურს, მაგრამ ბიჭებს ბრძოლის სულისკვეთება და ფსიქოლოგიური განწყობა მაინც უნდა ჩაუნერგო. არ შეიძლება ბურთი გაუშვა და ჩამოყარო ფარ-ხმალი. ასე ვერც ერთ თამაშს ვერ მოიგებ. აგერ ესტონეთმა და სომხეთმა ჩაატარა ციკლი ისე რომ ბრძოლის და თავდადების მაგალითი გვიჩვენა. ვერავინ დამარწმუნებს იმაში რომ ეს გუნდები ჩვენზე ძლიერია.თემურს, ვეთანხმები იმაში რომ ციკლი წარუმატებელი გამოდგა. კარგია, რომ ანალიზი სწორად გააკეთა.
0
დასანანი მარცხი იყო, შეიძლებოდა მოგება. როცა ბურთი გავიტანეთ მთელი საბერძნეთის ნაკრები შეტევაში წამოვიდა და უკან ბევრი სივრცეები დატოვა, სწორედ ამ დროს იყო საჭირო სწრაფი კონტრშეტევა და მეორე გოლი, მაგრამ ეს ვერ შევძელით. ისევ და ისევ მაღალი კლასის შემსრულებლების მწვავე დეფიციტის გამო. გუნდი ფსიქოლოგიური მომზადების კუთხითაც მოიკოჭლებს, რაღაც დაკომპლექსებური გუნდის შთაბეჭდილებას სტოვებს. ქეცბაიამ, მომზადების კუთხით ბევრი რამე უნდა შეცვალოს. სამწუხაროა ის რომ ქეცბაია თავის შეცდომებზე სწავლობს, რადგან მას ნაკრებში მუშაობის გამოცდილება არა ჰქონია. მომავალი ციკლი უფრო მძიმე იქნება მაგრამ ჩვენ ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ. არ შეიძლება უბრძოლველად დავთმოთ შეხვედრები. ვუსურვებ წარმატებას საქართველოს ნაკრებს.
0

სიახლეები პოპულარული