უშენოდ მოსაწ-ყენია ლევან!

AutoSharing Option
მართალი იყო თემურ ქეცბაია, როდესაც ამბობდა, საქართველოს ნაკრებმა შემტევი ფეხბურთი ლატვიასთან აჩვენაო - 2 სექტემბერს თბილისში გამართულ შეხვედრაში გუნდი მართლაც ბევრს უტევდა, მაგრამ ერთი შეცდომის გამო წააგო.

ნაკრებს პოტენციალი რომ აქვს, ლატვიასთან, საბერძნეთთან, ხორვატიასთან, ისრაელთან თამაშისას გამოჩნდა, ისევე, როგორც ჩვენი გუნდის ნაკლიც - გუნდი თამაშობს, მოძრაობს, შეტევასა და გატანას ცდილობს, მაგრამ რაღაც მაინც აკლია.

ვფიქრობ, ეს "რაღაც" მებრძოლი სულია და კიდევ ის, "მიხეილ მესხის" ტრიბუნაზე საქართველო-საბერძნეთის მატჩისას გამოფენილ პლაკატზე რომ ეწერა - უშენოდ მოსაწ-ყენია ლევან!

სამართლიანი და ლოგიკური მინიშნებაა, საქართველოს
ნაკრების თამაში პასით გამორჩეული ნახევარმცველის გარეშე ნამდვილად მოსაწყენია და გულშემატკივარიც ამიტომ ელის ყენიას თამაშს.

იყო ეპიზოდები, როდესაც ჩვენი ნაკრები უტევდა ეფექტურად, აგრესიულად, მთელი ძალითა და მონდომებით, მაგრამ დაცვის გარღვევას ვერ ახერხებდა. არადა, არც ერთი მეტოქის დაცვა დაუძლეველ ბარიერს არ წარმოადგენდა, მათი გარღვევა შეიძლებოდა, მაგრამ არ აღმოჩნდა ძლიერი ინდივიდუალისტი, ყენიას დარი არაპროგნოზირებადი ფეხბურთელი, ამას რომ მოახერხებდა.

გაიხსენეთ, ზიდანის წასვლის შემდეგაც საფრანგეთის ნაკრები თითქოს იგივე გუნდი იყო, მაგრამ დააკლდა მთავარი, ზიზუს მოულოდნელი გადაწყვეტილებები, მეტოქის დაცვას რომ აშიშვლებდა. საფრანგეთის ნაკრები ახლაც ძლიერი გუნდია, მაგრამ ძველი ძალა დაკარგა და მას შემდეგ დიდი ფრანგის შეცვლას ამაოდ ცდილობენ.

ადრე საქართველოში "ათიანების" პრობლემა არ იყო, რადგან ნაკრების მწვრთნელებს არჩევანი ჰქონდათ - გიორგი ქინქლაძე, გოჩა ჯამარაული, თემურ ქეცბაია, საყრდენ გიორგი ნემსაძის გამთამაშებლად დაყენებაც თამამად შეიძლებოდა და ასეც მოიქცა "დინამოში" გია გეგუჩაძე. დიდი კონკურენციის გამო ნაკრებში თამაშს ისეთი ნიჭიერი მოთამაშეც ვერ ეღირსა, გიორგი ანჩაბაძე რომ იყო, გიორგი დარასელიამ (ჰაიფას "მაკაბის" მწვრთნელის ასისტენტი) კი მხოლოდ რვაჯერ მოირგო ნაკრების მაისურა.

დღევანდელი ათლეტური და ძალისმიერი ფეხბურთი მოძრავ და შრომისმოყვარე ნახევარმცველებს აძლევს გასაქანს, "თავისუფალი მხატვრები" კი "მოდაში აღარ არიან", მაგრამ პასის მიმცემი და თანამედროვე ფეხბურთთან ადაპტირებული და თამაშის გამძღოლი ნახევარმცველები დღესაც საჭიროა. "შალკეშიც" სულელები არ არიან, ყენია რომ აიყვანეს. ასეთი მოთამაშე სხვების სირბილს, შრომასა და დაცვას ერთი გარღვევითა და პასით წამში ანგრევს.

სამწუხაროდ, ბოლო წლებში ჩვენ სხვათა გავლენის ტყვეობაში მოვექეცით, ქართული ფეხბურთის სახის განმსაზღვრელი, თანამედროვე "ათიანების" გაზრდაზე აღარ ვიზრუნეთ და ახლა ისე გაგვიხდა საქმე, რომ პასის მიმცემის მოძებნა სანთლითაც გაგვიჭირდება.

ასეთი ფეხბურთელი აკლიათ ნაკრებსაც და კლუბებსაც. ვფიქრობ, ეროვნული გუნდის გაძლიერების შესაძლებლობა მათშია საძიებელი და ქეცბაიაც არ იტყოდა ამაზე უარს. ყენიაზე რომ არაფერი ვთქვათ, ნაკრებს გოგიტა გოგუასა და გოჩა ხოჯავას დარი ინდივიდუალისტებიც არ აწყენდა.

ქეცბაია მართალია, როცა ამბობს, ვერავინ იტყვის, რომ ნაკრებში თამაშის შანსი არ მივეციო. სამწუხაროდ, ნაკრებში თავი ვერ გამოიჩინა გიორგი მერებაშვილმა, მას შანსი მიეცა და ქეცბაია აღარ იწვევს. როგორც გიორგი ამბობს, მისთვის უჩვეულო პოზიციაზე თამაში უჭირდა. კარგი იყო გოგუა, მაგრამ ცნობილი კონფლიქტის გამო აღარ იწვევენ. ხოჯავამ კი მისთვის უცხო პოზიციაზე, ფლანგის შემტევად ვერ ივარგა და ქეცბაია აღარც მას სწყალობს.

გუნდს მნიშვნელოვანი ძალაც დააკლდა: სამწუხაროდ, ჯანო ანანიძე რამდენჯერმე ტრავმამ დააღალატა, ერთხელაც ვერ დაეხმარა გუნდს ასევე ტრავმებით გაწვალებული დანიური "ორჰუსის" პლეიმეიკერი დავით დევდარიანი, როგორც ჩანს, გროზნოს "ტერეკის" საყრდენი ლევან გვაზავაც აღარ ითამაშებს ნაკრებში.

ყენია ფორმაში ჩადგება და იმედია, ნაკრებს მალე დაუბრუნდება, მაგრამ გაურკვეველია, არიან თუ არა ნაკრების კანდიდატები გოგუა და ხოჯავა. არ მაქვს ილუზია, რომ დასახელებულთა დაბრუნებით ჩვენი ნაკრები ესპანეთ-ბრაზილიის დონეს მიაღწევს, მაგრამ დღევანდელზე უკეთესი ნამდვილად იქნება და ეს სადავო არ უნდა იყოს - ფეხბურთის ისტორიას სწორედ ინდივიდუალისტების წამიერი აღმაფრენები ქმნიდნენ. ნაკრების პრობლემა კი, ბევრ სხვასთან ერთად, ტიპური "ათიანის" არყოფნაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული