კობი: ესპანეთ-საფრანგეთისთვის ქულების ართმევა საინტერესო იქნება

AutoSharing Option
სპორტულმა საიტმა "სპორტ.რუმ" საქართველოს ნაკრებისა და ბერლინის "ჰერტას" ფეხბურთელ - ლევან კობიაშვილთან ინტერვიუ გამოაქვეყნა.

34 წლის ქართველი ფეხბურთელი ეროვნული ნაკრების მაისურით ჩატარებულ მეასე მატჩზე, ევრო-2012-ის შესარჩევი ციკლში ჩვენი ნაკრების წარუმატებელ გამოსვლასა და მსოფლიოს 2014 წლის შესარჩევში პერსპექტივებზე, ასევე"ჰერტას" ბუნდესლიგურ გეგმებზე საუბრობს.

- უპირველესად იუბილეს გილოცავთ. ასი მატჩი ეროვნულ ნაკრებში მნიშვნელოვანი მიღწევაა.
- რა თქმა უნდა. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი ნაკრები მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების ფინალურ ტურნირზე არ თამაშობს და ეს მხოლოდ შესარჩევი და ამხანაგური მატჩებია. ასე გამოვიდა, რომ პირველი ვარ, ვინც
საქართველოს ნაკრებში 100 მატჩი ითამაშა. ეს ძალიან მიხარია, მაგრამ მეორე მხრივ, ჩვენი გუნდის ბოლოდროინდელი თამაშებით იმედგაცრუებული ვარ.

- არადა, თავიდან ისე ჩანდა, რომ ამ შესარჩევ ციკლში საქართველოს კარგი შანსი ჰქონდა.
- დიახ, გასულ წელს ძალიან კარგად ვთამაშობდით, ზედიზედ 9 თუ 10 თამაში არ წაგვიგია. შესარჩევის პირველ 5 თამაშში 9 ქულა მოვიპოვეთ და შანსი გაგვიჩნდა. ჩანდა, რომ პირველი თუ არა, მეორე ადგილისთვის ბრძოლა შეიძლებოდა, მაგრამ დარჩენილ 5 თამაშში მხოლოდ ქულა მოვიპოვეთ და საბოლოო ჯამში ჯგუფში მხოლოდ მეხუთე ადგილი დავიკავეთ.

სამწუხაროა, ჩვენ ხომ არცთუ ცუდი გუნდი ჩამოგვიყალიბდა, გამოცდილი და ახალგაზრდა ფეხბურთელების საინტერესო სინთეზით. ახლა ნაკრებს ქართველი სპეციალისტი თემურ ქეცბაია თავკაცობს. შესაძლოა, მას ჯერჯერობით იმდენად დიდი გამოცდილება არა აქვს, მაგრამ ის, რომ გუნდის ყველა მოთამაშეს ესმის, რა სურს მწვრთნელს - ძალიან მნიშვნელოვანია.

კუპერსა და ტოპმიოლერზე ცუდს ვერაფერს ვიტყვი, რომლებიც ნაკრებში ქეცბაიას მოსვლამდე მუშაობდნენ. ისინი მაღალი კლასის მწვრთნელები არიან, მაგრამ მოთამაშეებთან ისეთი ურთიერთგაგება არ ჰქონდათ, როგორც ქეცბაიას.

- ახლა იმედები შემდეგ შესარჩევ ციკლზე გადაიტანეთ. არის ბრაზილიაში წასვლის შანსი?
- ყველაზე ძლიერ ჯგუფში მოვხვდით და ეს ძალიან რთული იქნება. მეორეს მხრივ, ისეთი გუნდების წინააღმდეგ თამაში, როგორიც ესპანეთი და საფრანგეთია, საინტერესო იქნება. მათთვის ქულების ართმევა კი, მითუმეტეს... ვფიქრობ, შანსი ჩვენს ნაკრებსაც გააჩნია.

- როგორ მიდის საქმეები "ჰერტაში"?
- მიხარია, რომ ამ გუნდში ვთამაშობ. თავიდან რთული იყო. გელზენკირხენიდან ბერლინში გადასვლის შემდეგ პირველი ნახევარი წელი ბუნდესლიგაში დასარჩენად ვიბრძოდით, მაგრამ "ჰერტაში" ბევრი ფიქრის გარეშე დავრჩი. პოტენციალს ვხედავდი და უმაღლეს ლიგაში დიდი პრობლემების გარეშე დავბრუნდით.

სეზონი იქაც კარგად დავიწყეთ, "ბაიერნთან" (0:4) გასვლითი მატჩის გარდა. იმ შეხვედრაში დაცვაში ცუდად ვითამაშეთ, პირველ 15 წუთში ორი გოლი გავუშვით. სხვა მატჩებში ურიგოდ არ გამოვიყურებოდით.

ბუნდესლიგაში ახლახანს დავბრუნდით და მთავარი მიზანი იქ ადგილის შენარჩუნებაა. ვფიქრობ, სეზონის, სულ მცირე, ცხრილის შუაგულში დასრულება შეგვიძლია.

- დედაქალაქური კლუბისთვის ეს ღირსეული ამოცანაა?
- რა თქმა უნდა, უფრო მაღალი ადგილებისთვის ბრძოლაც გვსურს, მაგრამ ახლა გერმანიაში ყველა გუნდი გათანაბრდა და ნებისმიერი შეიძლება, როგორც მაღლა ავიდეს, ისე ცხრილის ფსკერისკენ დაეშვას. გამორჩეული "ბაიერნია", ყველა დანარჩენი კი დაახლოებით თანაბარი დონისაა. ასე რომ, ყველაფერია შესაძლებელი.

* * *
რუსულმა საიტმა ინტერვიუს საყურადღებო პოსტსკრიპტუმი დაურთო: "2008 წლის აგვისტოში, "შალკეში" თამაშისას, საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის გასაპროტესტებლად, ლევან კობიაშვილმა მადრიდის "ატლეტიკოსთან" ჩემპიონთა ლიგის მატჩში მოედანზე გასვლაზე უარი განაცხადა. მიზეზი "შალკეს" მაისურზე გუნდის სპონსორის - რუსული კორპორაცია "გაზპრომის" ემბლემა იყო.

"მე ამ მაისურის ჩაცმა არ შემიძლია", - გაავრცელეს კობიაშვილის სიტყვები მაშინ მსოფლიოს საინფორმაციო სააგენტოებმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული