დავით სირაძე: საქართველოს ნაკრებზე სიტყვის გაგონებაც აღარ მინდა...

AutoSharing Option
ახლახან რუსული მედია წერდა, დავით სირაძეს ნალჩიკის "სპარტაკთან" კონტრაქტი უმთავრდება და გუნდიდან მიდისო. თუმცა მალევე კლუბის პრესსამსახურთან ინტერვიუში 30 წლის ქართველმა თავდამსხმელმა ინფორმაცია არ დაადასტურა, მეტიც, მისი თქმით, ახალი ორწლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

"არ ვიცი, ეს ინფორმაცია საიდან მოიტანეს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ტყუილია. თანაც, ეს ცნობა მას შემდეგ გავრცელდა, რაც კლუბმა ხელშეკრულების გახანგრძლივება შემომთავაზა და მე დავთანხმდი. ნალჩიკში ჩემთვის ყველაფერი მისაღებია. ახალი კონტრაქტი ორწლიანია და იმედი მაქვს, რომ ამ პერიოდს ნალჩიკის "სპარტაკში" გავატარებ. ამჟამად გუნდის სატურნირო მდგომარეობა არასახარბიელოა, მაგრამ რაც
ჩემზეა დამოკიდებილი, ყველაფერს გავაკეთებ, რათა პრემიერლიგაში ადგილი შევინარჩუნოთ", - თქვა მაშინ სირაძემ.

გუშინ დათოს ნალჩიკში დავუკავშირდით.

- სარისკო არ იყო კონტრაქტის გაფორმება კლუბთან, რომელსაც გასავარდნად აქვს საქმე?
- ასე არ მგონია. პრემიერლიგა მაისში დასრულდება, მანამდე კი დიდი დროა და ვითარების გამოსწორების შანსი გვაქვს.

- სხვა ვარიანტები არ გქონდა?
- იყო წინადადებები, მაგრამ ნალჩიკში ოთხი წელია, ვთამაშობ, პატივს მცემენ, მენდობიან და სამ ფეხბურთელს, მე, კონცედალოვსა და ჯუდოვიჩს დარჩენა შემოგვთავაზეს. დავილაპარაკეთ და შევთანხმდით.

სიმართლე გითხრათ, გავარდნაზე ფიქრიც არ მინდა, კიდევ 17 თამაში დაგვრჩა და ბრძოლა შეიძლება. ისეთი განსხვავებაც არ არის, რომ კონკურენტებს ვერ დავეწიოთ. კალენდარიც ხელს გვიწყობს, შედარებით სუსტ გუნდებს ვხვდებით და დარჩენა შესაძლებელია.

მაგრამ ვამჩნევ, ნალჩიკის გუნდი პრემიერლიგაში არ უნდათ, ბოლო ტურში მოსკოვის "ლოკომოტივს" გადავუარეთ, მაგრამ 1:2 წავაგეთ. დასანანი ის იყო, რაც მსაჯებმა დაგვმართეს - ამას საშინელება ჰქვია. არადა, რუსული მედია ამაზე დუმს, მსაჯებზე წერენ მხოლოდ მაშინ, თუ მოსკოვის გუნდებს ჩაგრავენ. ასეთი რამ საქართველოში რომ გაეკეთებინათ, მსაჯს მოკლავდნენ.

- 11 ნოემბრის საქართველო-მოლდოვას ამხანაგური მატჩის შეკრებაც უშენოდ ჩაივლის.
- რუსეთის პრემიერლიგაში მოსკოვის "ლოკომოტივთან" ვითამაშე და ახლა მაინც ვერავინ იტყვის, რომ უთამაშებელი ვარ.

ადრეც გითხარით, რომ საბერძნეთთან თამაშისთვის გამოუძახებლობამ გული მატკინა. ახლა შოთა არველაძის ინტერვიუ ვნახე და მისმა სიტყვებმა კიდევ უფრო დამწყვიტა გული. ვინ არ დააყენა ქეცბაიამ ნაკრებში, მაგრამ ვერავინ გაამართლაო და ჩემი გვარიც ახსენა. მაინტერესებს, სადაც და როდესაც დამაყენეს, ან არ გავიტანე, ან საგოლე გადაცემა მაინც არ გავაკეთე? ასეთი სიტყვები ჩემზე იმდენად ცუდად მოქმედებს, ვფიქრობ, რომც გამომიძახონ, ღირს კი ჩამოსვლა, როდესაც პატარა მიწვალია და ისიც ყველამ დაივიწყა.

ასეთი უსამართლო ლაპარაკი მწყინს, თორემ შოთასგან კრიტიკასაც მივიღებ და რჩევასაც, რადგან გამოცდილი კაცია. მე ნაკრებზე არაერთხელ დამწყდა გული, თორემ, კარგად ვიცი, დრო რომ მოვა, ჩემზე ახალგაზრდებმა უნდა ითამაშონ, ამას მტკიცება რად უნდა...

საერთოდ კი, ნაკრებზე ლაპარაკიც აღარ მინდა და, მოდი, ეს თემა დავხუროთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
ბატონო დავით, თქვენ გული არ გაიტეხოთ, გულშემატკივრებსის გულში ოქროს ასოებით არის თქვენი სახელი ჩაწერილი! ბოლო წუთებზე რამდენჯერ გაიტანეთ და გაგვახარეთ, ვინ მოთვლის! ჩხოვრება ძუკნაა, ყოველთვის არ იძლევა რასაც ვთხოვთ!
უძლევი
10:39 28-10-2011
0
დათო ჯიგარი კაცი ხარ ქეცბაიამ რაც თამაშები მოიგო ყველა შენი დამსახურებით და შენი გოლებით მარა ეგ კაცი უმადური და დაუნახავია ლომბარდ პაპადან იძახებს ფეხბურთელებს და თბილისის დინამოდან და ზესტაფონიდან არა არაუშავს ძმაო გულს ნუ დაიწყვეტ
gigi
10:50 28-10-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული