გიორგი განუგრავა: ქეცბაიამ ძალიან გამახარა

AutoSharing Option
გიორგი განუგრავა 17 წლის იყო, ეროვნულ ნაკრებში რომ ათამაშეს და 18 წლისას უკვე უჩვეულო სანაკრებო სტატისტიკა ჰქონდა - გიორგიმ "ჯვაროსნების" ფორმით 8 შეხვედრა ჩაატარა.

მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, ტრავმების გამო დიდხანს ვერ თამაშობდა, ახლა კი უნგრეთის "დიორი ეტომ" ამავე ქვეყნის "ლომბარდ პაპაში" გაანათხოვრა, სადაც მიმდინარე სეზონში 14-ივე შეხვედრა ჩაატარა და თემურ ქეცბაიამ ნაკრებშიც მიიწვია. პარადოქსი კი ის არის, რომ 23 წლის ცენტრალური ნახევარმცველი ნაკრებს ხუთწლიანი შესვენების შემდეგ უბრუნდება.

გიორგის უნგრეთში დავუკავშირდით და ნაკრებში მიწვევაზე ვესაუბრეთ.

- დიდი ხანია, ნაკრებში
არ გითამაშია და, ალბათ, თემურ ქეცბაიას მიწვევა მოულოდნელი იქნებოდა.

- ეს ამბავი ძალიან გამიხარდა, ყველა ფეხბურთელის ოცნება ხომ ნაკრებში თამაშია, თუმცა ახლა შანსს ნამდვილად ველოდი.

- შენს ამჟამინდელ კლუბში სისტემატურად თამაშობ და ეტყობა, იოლად შეეწყვე.
- კლუბში ყველაფერი კარგად არის, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ბოლო თამაშებში გუნდი დაფრინავს. მაგრამ ბევრი ისეთი შეხვედრა ჩავატარეთ, ყველასთვის ანგარიშგასაწევ ძალად ვიქეცით.

- "ლომბარდ პაპაში" იჯარა როდის გიმთავრდება?
- კონტრაქტი 6 თვე + 6 თვე პრინციპით გაფორმდა, თუმცა დიდი ალბათობაა, რომ პირველი წრის დასრულების შემდეგ ისევ "დიორი ეტოში" დავბრუნდე.

- ხანგრძლივი ტრავმიანობის შემდეგ ფორმა თუ აღიდგინე?
- თუ არ ჩავთვლით სისტემატური თამაშისას მიღებულ, ანუ, ასე ვთქვათ, მიმდინარე ტრავმებს, სრულიად ჯანმრთელი ვარ და სერიოზული არაფერი მაწუხებს, მუდმივი სათამაშო პრაქტიკით კი ფორმა აღვიდგინე.

- ორიოდე სიტყვა ლაშა თოთაძეზეც გვითხარი.
- მე და ლაშა "დიორიდან" ერთად წამოვედით, მასზე კარგის მეტი არაფერი მეთქმის, გუნდისთვის დიდი ძალაა და მისი ეიმედებათ. ახალ სეზონში 12 შეხვედრა ჩაატარა და ფორმაშია.

- ერთი ხანობა "დიორიში" ბევრი ქართველი იყავით - რატომ დაიშალეთ?
- ერთი პერიოდი მართლაც საკმაოდ ვიყავით, თუმცა დაშლის მიზეზს ვერ გეტყვით, ბიჭებმა კარიერის გაგრძელება სხვადასხვა კლუბში ამჯობინეს.

- უკეთეს გუნდში მოხვედრის პერსპექტივა თუ ჩანს?
- ამის დიდი იმედი მაქვს. რაც ყველაზე მეტად მახარებს, ჯანმრთელად ვარ და სრული დატვირთვით ვთამაშობ. ამის გარეშე უკეთეს გუნდში მოხვედრაზე ფიქრი უაზრობაა, ახლა ეს პრობლემა არ მაწუხებს და უკეთეს კლუბზეც შემიძლია ვიფიქრო, ვნახოთ, რა იქნება.

- ანუ ჯერჯერობით ახალ კლუბზე ახალი არაფერია.
- ჯერ მართლაც არაფერია და ვფიქრობ, ყველაზე რეალური "დიორიში" დაბრუნებაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული