გოგიტა გოგუას სიმართლის დრო: ნაკრები საქართველოსია და არა - ქეცბაიასი!

AutoSharing Option
გოგიტა გოგუას ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ "ლელოს" რედაქციაში ბევრმა დარეკა. ხალხის სურვილი ერთი იყო, სიმართლე ოდესმე მაინც უნდა თქმულიყო, ამიტომ კიდევ ერთხელ დავუკავშირდით ფეხბურთელს რუსეთში და ვთხოვეთ, ერთადერთი გამონაკლისი "ლელოსთვის" დაეშვა.

გოგიტა დაგვთანმხდა და ექსკლუზიურად "ლელოს" მკითხველისთვის მასს და ქეცბაის შორის მომხდარი ინციდენტის დეტალებზე გულახდილად ისაუბრა.

"აქამდე თავს ვიკავებდი, არ მინდოდა კომენტარის გაკეთება, მაგრამ ყელში ამოვიდა თემურ ქეცბაიას კომენტარები. მას თუ ევროპაში გასდიოდა ფეხბურთელებთან ასეთი დამოკიდებულება, აქ ასე არ უნდა მოიქცეს, რადგან ეს საქართველოა და ყველას თავისი თავმოყვარეობა აქვს", - ასე
დაიწყო საუბარი გოგუამ.

- ამ ხნის განმავლობაში ჩემთან ბევრმა ჟურნალისტმა დარეკა, მაგრამ არაფრის თქმა არ მინდოდა. ვიცი ქეცბაიას ტელევიზორში გამოსვლები და გული მწყდება, თუ როგორ ლაპარაკობს ჩემზე, ფეხბურთელი არ არისო. მაინცდამაინც სასიამოვნო მოსასმენი არ არის ეს. ნაკრებში რამდენი შეხვედრაც მითამაშია, ცუდად - არც ერთი, ყოველ შემთხვევაში, ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯებოდი. ამას გულშემატკივარიც კარგად ხედავს და მთელი საქართველოც, სამწუხაროა, მარტო ქეცბაიამ რომ ვერ დაინახა ეს.

- კონფლიქტის მიზეზი რა იყო?
- წინა დღეს ხორვატიას მოვუგეთ, იმის მაგივრად, რომ კარგ ხასიათზე ყოფილიყო და ფეხბურთელებთან სხვანაირად მოქცეულიყო, პირიქით, შეურაცხყოფაზე გადავიდა. თუ ფეხბურთელი არ ვარ, მაშინ ხორვატიამდე რატომ არ გამიშვა? ვარჯიში იყო, ბურთი დავკარგე თუ რაღაც ასეთი და, ბურთი როგორ დაკარგეო, ამიტეხა ერთი ამბავი. მაგარი ფეხბურთელი თუ იყო, რა, ბურთი არ დაუკარგავს?

- კონკრეტული ვარჯიშის შესრულებაზე თქვა უარი გოგუამო, მსმენია კულუარებში. რატომ არ შეასრულე მწვრთნელის მითითება?
- მანდ იმასაც ამბობდნენ, რომ თურმე ხორვატიასთან თამაში არ მინდოდა. არის პოზიციები, სადაც ვერ ვითამაშებ. კი, ნაკრებს სადაც სჭირდები, იქ უნდა დადგე, მაგრამ, როცა ეთამაშები ძლიერ მეტოქეს და ამა თუ იმ ამპლუისთვის კარგად და სათანადოდ ხარ მომზადებული, იქ უნდა გათამაშონ. ახლა რომ მითხრას, კარში ჩადექიო, როგორ ჩავდგები, თუ არ ვიცი ეს საქმე. მწვრთნელი პოზიციებში კარგად უნდა ერკვეოდეს, უნდა იცოდეს, ვინ სად და როგორ თამაშობს.

მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის უთანხმოება ხდება ხოლმე, მაგრამ ეს ყველას გასარჩევი არ უნდა გახდეს და ისევ მწვრთნელმა უნდა გაანეიტრალოს სიტუაცია. ეგ კიდე ჩემზე ამდენს და ასე ლაპარაკობს. ხმის ამოღება არ მინდოდა, ვიფიქრე, საქმე მოგვარდება-მეთქი. ხორვატიის მერე არ მოუგია, სულ ფეხბურთელებში ეძებს დამნაშავეს. თავის თავში ჩაიხედოს, იქნებ თვითონაა დამნაშავე? ხორვატიის მერე სხვა მწვრთნელი რომ ჰყოლოდა ნაკრებს, შესაძლოა, დღეს ევროპის ჩემპიონატზეც გვეთამაშა.

- შენ წამოხვედი ნაკრებიდან თუ მან გაგიშვა?
- როგორც თვითონ ამბობს, გამომაგდო, მაგრამ მე წამოვედი. მოგებული თამაშის შემდეგ იმას რომ გაიძახის, მე გავუშვი ნაკრებიდანო, მაშინ თქვას, რატომ? ვფიქრობ, ხორვატიასთან ძალიან კარგად შევედი შეცვლაზე. მისგან შეურაცხყოფა იყო და წამოვედი. რუსთავი 2-ზე გამოვიდა, რა შეჭამეს ამ გოგუაზე ტვინიო, რა გააკეთაო. როცა ვიგებდით, მეც ხომ ვმონაწილეობდი იმ თამაშებში და, თუ ფეხბურთელი არ ვარ, ესე იგი, ათი კაცით იგებდა თამაშებს?

- თუ ქეცბაია ფეხბურთელებს აგინებს, სხვები რატომ არ იღებენ ხმას?
- ქეცბაიაა და იმიტომ! მის მოსვლამდე მოგება არ გვქონდა, დავინახეთ, რომ ამდენი მარცხის შემდეგ რაღაც წარმატებას მივაღწიეთ და უცებ ხატი შეიქმნა ქეცბაიასი. "ძაან" ქეცბაია გახდა.

- შეკრებიდან, რომ წამოხვედი, სწორად მიგაჩნია?
- ეს ჩემი შეცდომა იყო. იმ დონეზე ვიყავი შეურაცხყოფილი, ღამით თვალი ვერ მოვხუჭე. შესაძლოა, თავი უნდა დამეხარა, მაგრამ მე ასე ვფიქრობ: ნაკრები საქართველოსია და არა ქეცბაიასი.

- ახლა როგორ ფიქრობ, ხომ არ იჩქარე გადაწყვეტილების მიღება?
- ახლაც რომ მოხდეს მსგავსი, შესაძლოა, ისეთივე ნაბიჯი გადავდგა. ძნელი მოსასმენია ის სიტყვები, რომელიც მან იკადრა.

- არავინ გამოგესარჩლა?
- არ მინდა, კონკრეტული გვარები დავასახელო. ქეცბაიას ხასიათი არა მარტო მე, სხვებმაც გაიცნეს. ბიჭები მაწყნარებდბენ, ხომ იცი, ემოციური კაციაო. ეგ მეც ვიცოდი, მაგრამ, რომ დავრჩენილიყავი და თვალი დამეხუჭა, შესაძლოა, იგივე განმეორებულიყო, იმ დღეს თუ არა, მომავალში მაინც. ის უფრო მწყინს, ჩემზე რომ ამბობს, ფეხბურთელი არ არისო. არ ყოფილა თამაში, გოგიტა გოგუა მოედანზე გასულიყო და თამაშისთვის რამე დაეკლო.

- ნაკრების თავკაცმა განაცხადა, რომ შენ მძიმე ხასიათი გაქვს და ყველასთან პრობლემა ამიტომ გექმნება.
- ხასიათი, კი ბატონო, მძიმე მაქვს, არა-მეთქი, ვერ ვიტყვი. ტოპმიოლერის მწვრთნელობისას შოტლანდიასთან 92-ე წუთზე გავუშვით გოლი. შუაში ვიდექი და მე დამაბრალა, თავდასხმაში ხარ და, მაინც შენ გბრალდება, მაშინ ისეთი სიტუაცია იყო, არ იცოდა, ვისთვის რა ეთქვა და პირველი მე შევეფეთე. მერე მქონდა ამაზე ლაპარაკი მასთან და მითხრა, ასე და ასე იყო, უფრო კარგად შეგეძლო თამაშიო, ვითომ, რადგან თურქეთთან წინა შეხვედრაზე შეცვლაზე შემიყვანა, ამიტომ არ მითამაშია კარგად.

- იმასაც ამბობდნენ, ქეცბაიაზე იმიტომ იყო ნაწყენი, ძირითად შემადგენლობაში რომ არ დააყენა ხორვატიასთანო.
- სათადარიგოზე ჯდომა თუ ვინმეს სიამოვნებს, ის ფეხბურთელი არ არის და მე რატომ უნდა მომწონდეს ჩამოსვლა და სკამზე ჯდომა? მაგრამ, თუ სკამზე ვზივარ, მერე შევდივარ მოედანზე და კარგადაც, ამაში რა პრობლემაა? ხშირად ვმჯდარვარ სკამზე და თუკი შეცვლაზე შევდივარ, ფეხბურთი არ უნდა ვითამაშო?

- თემურ ქეცბაიას მოსვლას ნაკრებში დადებითი რა მოჰყვა?
- ერთადერთი - ჟინი მოიტანა.

- დისციპლინა არ დამყარდა?
- დისციპლინაც დამყარდა. ეს ორი ფაქტორი ფეხბურთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რაც მისი მოსვლისთანავე იგრძნობოდა გუნდში. მის მიერ დამყარებული დისციპლინის გარეშე ის შედეგი არ მიიღწეოდა, მაგრამ, რაც დღეს ნაკრებში ხდება, ესეც მისგანაა. მარტო ფეხბურთელებს რომ აბრალებს, ეგრე არ არის. უმჯობესია, თავის თავში ჩაიხედოს და ფეხბურთელების არცოდნაზე შემდეგ თქვას რამე.

- ამ ინციდენტის შემდეგ მწვრთნელთან კონტაქტი გქონდა?
- არა, არავითარი კონტაქტი.

- შენი აზრით, ნაკრების დღევანდელი შემადგენლობა ოპტიმალურია?
- არიან ფეხბურთელები, რომლებიც იმსახურებენ ნაკრებში თამაშს. როცა თავდასხმაში პრობლემები გაქვს, როგორ შეიძლება, სირაძე არ გამოიძახო, თუ ვინმეს გააქვს, ეს სირაძეა, ვუყურებ თამაშებს და ამდენი ხანია, კარში არ დაგვირტყამს. ან მუჯირისნაირი ფეხბურთელი ნაკრებში რატომ არ უნდა იყოს? ხალხი ხედავს ამ ყველაფერს, ქეცბაიას ჰგონია, რომ მარტო მას ესმის ფეხბურთი. 20-25 წელიწადია, ეს ბიჭები ერთად ვართ და ფეხბურთს ვთამაშობთ, ჩვენც გვესმის და მწვრთნელები ხომ არიან, რომლებსაც ასევე ბევრი ესმით. ერთი თავდამსხმელი თამაშს ვერ მოიგებს.

- თაობის შეცვლით პროგრესი იქნება?
- ფეხბურთელების შეცვლაზე რომ ვლაპარაკობთ, იქნებ, მწვრთნელი შევცვალოთ? ამაზე არ გიფიქრიათ? ესენი რომ წავიდნენ, ვინ ჰყავს ნაკრებს ამათზე უკეთესი?

- წაგებული თამაშების შემდეგ მუდამ იმაზეა ლაპარაკი, რომ ფეხბურთელების დეფიციტია და ქეცბაია მესის და პელეს ვერ გააჩენს.
- როცა გუნდი აგებს, მე ვიცი, რომ ყველას უნდა დაბრალდეს. ჩვენთან ჯოხი მარტო ფეხბურთელებზე ტყდება. არ დაფიქრებულა ვინმე, რომ მოთამაშეების მიმართ მიდგომა უნდა შეიცვალოს? მესი შეიძლება არ ჰყავს, მაგრამ კარგი ფეხბურთელები ჰყავს.

- ანუ ნაკრებში კადრების დეფიციტი არ არის?
- მეკარე გვყავს, რევიშვილია თუ ლორია, მშვენივრად დგანან, შეცდომა ვის არ დაუშვია. მცველები არ გვყავს? გვყავს! თავდასხმაში გვიჭირს, მაგრამ მარტო დვალიშვილმა და სირაძემ რა უნდა ქნან? ფეხბურთელებს რომ აბრალებს წარუმატებლობას, ტაქტიკა ხომ უნდა არსებობდეს?

- ნაკრებში შენი დაბრუნების პერსპექტივა არსებობს?
- ამას რომ წაიკითხავს ქეცბაია, როგორ გგონიათ, ნაკრებში დაბრუნების შანსი მაქვს? მას არ ვჭირდები? მოვა სხვა, ვისაც დავჭირდები. დღესაც ვამბობ - ყოველთვის მზად ვარ, გულით და სულით ვითამაშო საქართველოს ნაკრებში. შეიძლება, თამაში არ გამომივიდეს, მაგრამ, როცა მითამაშია, ზედმეტი ჩემთვის არავის უთქვამს. ყოფილა შემთხვევები, ცუდად ვყოფილვარ, ჩამოვსულვარ ნაკრებში და ამას ჩემთვის იმდენი თავდაჯერება მოუცია, ძალა მიორმაგდებოდა, მერე, კლუბში რომ ვბრუნდებოდი, უკეთესად ვთამაშობდი.

- "ვოლგაში" რა ხდება, დღემდე ვერ გაარკვიეთ მიზეზები, რატომ მოიკვეთეთ გუნდიდან?
- "ტერეკთან" გვქონდა თამაში, მე და გოჩა ხოჯავამ გავიტანეთ, მეორე დღეს მოვიდა მწვრთნელი და გვითხრა, რომ მას არ ვჭირდებოდით. ხელმძღვანელობა შეიცვალა და მწვრთნელის გემოვნებაში არ "ვჯდებით". ესაა და ეს.

- მალე თბილისის "დინამოში" ხომ არ გიხილავთ?
- სურვილი მაქვს, მაგრამ რამდენად რეალური იქნება ეს, არ ვიცი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 45 /
Geo pasuxi ar gaqvs da dzalianac rom gindodes ver mipasuxeb, tu goguas shemcvleli arsebobs ras gvimalav gvitxar.
tolo
21:29 07-11-2011
0
Werner

ჯერ ერთი, 10 წლის ბავშვი სხვა არის და ჩამოყალიბებული, აზრიანი ფეხბურთელი სხვა. 10 წლის ბავშვი რომ დააყენოს მწვრთნელმა და შეჯოროს, რათქმაუნდა არ არის კარგი, იმიტომ რომ ბავშვის ფსიქოლობია ამ დროს მყიფეა და შეიძლება სერიოზულად დაზიანდეს. სხვათაშორის ასეთი მწვრთნელების ნაკლებობას არ განვიცდით ბავშვთა ფეხბურთში და სწორედ ეს არის პრობლემა და არა გოგუა არადისციპლინირებულობა ზოგადად.
მაგრამ კაცი, რომელსაც ჩამოყალიბებული ფეხბურთელი გქვია, ამ თემაზე საუბარი უბრალოდ სირცხვილია. მწვრთნელი რა თქმა უნდა მომენტებში დაგიყვირებს თუ არ გესმის რამე აბა რა. ყველგან ხდება ასე, ყველგან, არცერთი გუნდი არ არის გამონაკლისი და თუ ვინმეს ჰგონია რომ რადგან ქართველები ვართ, სულ შენი ჭირიმე შენ გენაცვალეთი უნდა ელაპარაკოს მწვრთნელი, ძალიან ცდება. რა, ფერგიოსონი რომ აგინებს თავის ფეხბურთენებს ისინი უღირსონი არიან და ჩვენი ფეხბურთელები ღირსეულები, მკვდრებივით რომ დარბიან?! ფეხბურთელის ღირსება თამაშში გამოიხატება და როცა 6:2-ს აგებ ბულგარეთთან ღირსება აყრილი ფეხბურთელი ხარ რაც არ უნდა ირტყა მჯიღი გულზე. ქეცბაიამ კი თავისი მოსვლით რაც გააკეთა, ღირსება დაუბრუნა ფეხბურთელებს და ოდნავ საკუთარი თავის რწმენა.

tolo

რაღაც განსაკუთრებული სურვილი არ მიჩნდება თქვენს "ღრმად არგუმენტირებულ" კომენტარს ვუპასუხო, უბრალოდ აბსოლუტურად განსხვავებული შეხედულებები გვაქვს. იმას რომ იტყვი ნაკრების ფეხბურთელზე "თავზე არავის დაისვამსო" და ამით ამართლებ ნაკრების თვითნებურად მიტოვებას, რაღაც ყველაფერი რიგზე არ უნდა იყოს მსჯელობაში.:D
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული