მამუკა წერეთელი: ქეცბაიას თანადგომა სჭირდება და არა სარმები

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა მამუკა წერეთელმა კარიერა ნაადრევად დაასრულა, მაგრამ ფეხბურთთან კავშირი არ გაუწყვეტია, ახლა აფრიკის ქვეყნებში სამენეჯერო საქმიანობას ეწევა.

თუმცა დღევანდელ ინტერვიუში მის საქმიანობაზე სიტყვაც არ ითქმება: წერეთელი თავად დაგვიკავშირდა და ეროვნული ნაკრების მწვრთნელის მხარდაჭერა დააფიქსირა:

- ჯერ ის მინდა გითხრათ, რომ თემურ ქეცბაიასთან არც მეგობრობა მაკავშირებს და არც საქმე. ნაკრების თამაშებისას გავიცანი და ეროვნულის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ მხოლოდ ერთხელ ვნახე. მაგრამ არ შემიძლია, გულგრილად ვუყურო, შესარჩევი ციკლის შემდეგ რა ზეწოლას განიცდის.

მრჩება შთაბეჭდილება, რომ ვიღაცას მისი დარჩენა
ხელს არ აძლევს. ცხადია, კრიტიკაც ისმის, რაც ბუნებრივია და ასეც უნდა იყოს. მესმის მედიისაც, რომელიც ნაკრებში მიმდინარე მოვლენების შეფასებას და ნაკლის წარმოჩენას ცდილობს, მაგრამ ზომიერებაა საჭირო, ადამიანს უსამართლოდ გული რომ არ ვატკინოთ.

- მედია ვერც ქეცბაიას მხარეს დაიჭერს და ვერც მისი კრიტიკოსებისას. მაგრამ კრიტიკული აზრის გამო ფეხბურთელს რედაქციის კარს ვერ ჩავუკეტავთ, ეს ისევ ქეცბაიას სჭირდება.
- მერე, ვინმე საწინააღმდეგოს ამბობს? მედიას თავისი ადგილი და როლი აქვს და განხვავებული პოზიცია უნდა დააფიქსიროს, მაგრამ კრიტიკა უნდა იყოს მეგობრული და არა ჩასაფრებულის პოზიციიდან - ამაში მედიას ნამდვილად არ ვგულისხმობ. თემურს დიდი ხანია, ვიცნობ და ვიცი, რა გულის კაცია - ნაკრებშიც ერთ-ერთი ყველაზე გულიანი ფეხბურთელი იყო.

რა დამავიწყებს, საბერძნეთს თბილისში რომ შევხვდით და 1:2 წავაგეთ, მუხლი საშინლად აწუხებდა, წყალი ამოუღეს და ამის მიუხედავად, მოედანზე გასვლა დაიჟინა, ითამაშა და გოლიც გაიტანა.

უკრაინასთან თბილისში ამხანაგური შეხვედრა წავაგეთ და კაცს თვალზე ცრემლი მოადგა, გამწარდა, გაგიჟდა, ყველა დაგვცეცხლა, ხალხი პურის ფულით ბილეთს ყიდულობს, იმედით გვიყურებს და ასე უჯიგროდ როგორ თამაშობთო. კი ბატონო, ემოციურია, მაგრამ იმიტომ, რომ ქვეყანა უყვარს და მისი ღირსების შელახვა და წაგება აღიზიანებს.

18 თუ 19 წლის ვიყავი, ნაკრებში მის გვერდით რომ ვთამაშობდი და იცით, მისი ბრძოლის ჟინი და მონდომება როგორი გადამდები იყო?! მოედანზე მეც იმ განწყობით გავდიოდი, რომ ქეცბაიასავით გულიანად მეთამაშა.

ძალიან არ მინდა, ვიღაცამ ბინძური ხერხებით ჩამოიშოროს და ხაზი გადაუსვას იმ დამსახურებას, რაც მას საქართველოს წინაშე აქვს.
როდესაც ნაკრები ჩაიბარა, მას შემდეგ ერთადერთხელ ვნახე, ისიც შემთხვევით და ვკითხე, თემურ, რამ გადაგრია, რატომ ჩამოხვედი, აქ შეგჭამენ-მეთქი. რა ვქნა, საქართველოს როგორ არ დავეხმარო, სხვაგვარად არ შემეძლოო. არადა, გამიგია, ძალიან სარფიან წინადადებებზე უთხრა უარი ევროპელებს, კვიპროსზე კი საქმე ჰქონდა აწყობილი და ხელის გულზე ატარებდნენ.

კუნძულზე მეც ვთამაშობდი და ასე მეგონა, ფეხბურთელი და მწვრთნელი კი არა, კვიპროსის გმირი იყო. ახლაც თამამად ვიტყვი, საქართველოს ნაკრებში ასეთ მწვრთნელს ვერ მოვძებნით. და თუ გუნდს შედეგები არ აქვს, მხოლოდ ქეცბაიას ნუ დავაბრალებთ. დღეს ქართული ფეხბურთი ისეთ მდგომარეობაშია, მას შველა სჭირდება და არა ცაში ფრენა.

რა, ევრო 2012-ზე გასვლა შეგვეძლო და ქეცბაიამ შეგვიშალა ხელი? დიდი ხანია, რაც ასეთი მაგრები გავხდით? ბოლო წლებში პირველად ნაკრების იმედი ქეცბაიამ გააღვიძა და ისევ მას დავეძგერეთ. აი, ეს მაღიზიანებს, თორემ კრიტიკა რომ საჭირო და აუცილებელია, ორი აზრი არ არის..

- ქეცბაიას დამსახურებას ვერავინ წაართმევს, მაგრამ, ფეხბურთელებთან მეტისმეტად ხისტიაო.
- თემური დიპლომატი არ არის, მაგრამ სჯობს, ხისტი იყოს და ქვეყანა უყვარდეს, ვიდრე რბილი ხასიათით ფეხბურთელებს თავი შეაყვაროს და ნაკრები მიშვებული დარჩეს. კარგად მახსოვს, ნაკრებში რაც ხდებოდა, ხალხი შეკრებაზე ჩამოდიოდა და ვარჯიშებზე სახლიდან დადიოდა. ასეთი თავნებობა თემურთან არ გავა - თუ გუნდში დისციპლინა არ არის, წარმატება არ იქნება. მაგრამ ჩვენი უბედურება ის არის, რომ სიმკაცრე ბევრს არ უყვარს.

- ჯგუფში ბოლოდან მეორე ადგილი შედეგია?!
- ამას არავინ ამბობს, მაგრამ ყველაფერი შედარებითია - ავად გასახსენებელ წინა ციკლში გუნდმა 3 ქულა დააგროვა და ხალხს ფეხბურთი შეაზიზღა. ამის შემდეგ ერთი შეხვედრაც არ წაუგია სამარცხვინოდ და ეს არის ოდნავი წინსვლა, თორემ წარმატება ევროფინალში გასვლაა, რად უნდა ამას მტკიცება.

მეტისმეტად ემციურიაო. კი ბატონო, მაგრამ საქმე უყვარს. ერთხელ ვარჯიშზე ავტობუსით მივდიოდით და ბიჭები იცინოდნენ. გამწარებული წამოხტა და იყვირა, თამაშზე იფიქრეთო. ეს სულისკვეთება გადასდო ნაკრებს და ამიტომაც არის, არც ერთი შეხვედრა უბრძოლველად არ დაგვითმია. მეტიც, ნაკრები ასეთი ბრძოლისუნარიანი არასოდეს ყოფილა და სწორედ ამის საფუძველზე უნდა აშენდეს მომავლის გუნდი. მაგრამ ეს ერთ წელიწადში ვერ გაკეთდება, დრო სჭირდება და უნდა აცადონ.

ჩვენ დიდი მადა გვაქვს, მოგება გვსურს და თან "ბარსელონას" ფეხბურთით. ეს ყველას გვინდა, მაგრამ რეალობას ანგარიში უნდა გავუწიოთ - ადრე ნაკრებში თავდამსხმელთა და გამთამაშებლის პოზიციაზე ისეთი დიდი კონკურენცია იყო, ბევრს არ იწვევდნენ. დღეს კი ამ ამპლუებში ძალიან გვიჭირს და ქეცბაიას პრობლემაც მაღალი კლასის მოთამაშეთა დეფიციტია. ნაკრებში პასის მიმცემი რომ არ არის და შეტევები ვერ მწვავდება, ეს ქეცბაიას ბრალი ვერ იქნება და მეშინია, მისი წასვლით უფრო უარესი გუნდი არ შეგვრჩეს ხელთ.

კვიპროსში რატომ ხსნის საფეხბურთო სკოლასო. შემთხვევით გავიგე, რამდენ საფეხბურთო სკოლასა და ბავშვთა სახლს ეხმარება, მაგრამ "მარიაჟი" არ უყვარს და ხმას არ იღებს. კვიპროსში ქართველი არ ჩასულა, რომ იტყვიან, თან არ გადაჰყოლოდა. და თუ ქეცბაია ყოფილა ჩვენი ფეხბურთის პრობლემა, მაშინ საერთოდ ვერაფერს ვხედავთ.

გვიკვირს, როგორ ითამაშა ჩვენზე უკეთ სომხეთმა, როგორ მიაღწია ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფამდე ესტონეთმა, როგორ გავიდა ევროპის ჩემპიონატზე ლატვია. არ დავფიქრებულვართ, რომ ამის მიზეზი ერთმანეთის გაუტანლობაა? ეს შეგვიძლია, თანადგომა კი გვიჭირს და იქნებ, ახლა მაინც დავუდგეთ გვერდში ქეცბაიას, რომელიც ნამდვილად არ არის მოსაძულებელი პიროვნება, ის ჩვენ გვჭირდება და ნუ გავაქცევთ ამ კაცს. მას ახლა თანადგომა სჭირდება და არა სარმები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 15 /
კაი კაცია ქეცბო მე მგონი ვაცადოთ იმედია ბოლომდე ჯიგრად მიიყვანს დაწყებულ საქმეს
iozga
17:12 05-11-2011
0
დიდი მადლობა მამუკას, აბსოლუტურად სწორად მსჯელობს. ჩვენ როგორც ჩანს მოუთმენელი და უმადური ქომაგები ვართ. საზიზღრობაა როცა ხედავ თუ როგორ ტურებივით დაესივნენ ქეცბაიას. ალბათ ვიღაცას სხვა უნდა მის ადგილზე, რომ მერე ფული ადვილად "მოტყდეს". ქეცბაია თუ წავიდა, ჩვენი ფეხბურთი კიდევ დიდი ხნით დაიძირება ჭაობში. ქეცბაიამ მთავარი გააკეთა - ჩვენი გუნდი ანგარიშგასაწევი ძალაა ყველასთვის, ერთ--ორი ვარსკვლავიც გამოჩნდება ფეხბურთელთა შორის და დიდი წარმატებებიც გვექნება. მე პირადად დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო მსოფლიო ჩემპიონატზე გავა თუ ქეცბაის ხელს არ შევუშლით.
ძველი ”ბალელშჩიკი”
17:32 05-11-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული