- ცხადია, ჩვენი საუბრის მთავარი თემა ეროვნული ნაკრები იქნება. შესარჩევმა ციკლმა გაორებული შთაბეჭდილება დაგვიტოვა. თქვენ რას იტყოდით?
- შთაბეჭდილება მართლაც გაორებული დაგვრჩა. ქეცბაიას მოსვლის შემდეგ ნაკრებმა დიდი ნახტომი გააკეთა - 2010 წელს გუნდს თამაში არ წაუგია და 9 ქულით ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერი იყო. საუცხოო იყო შედეგიც და გუნდის ბრძოლისუნარიანობაც. და კიდევ, თემურმა ნაკრებში მიიწვია ის ხალხი, ვინც ამას იმსახურებდა.
ქეცბაია ნაკრების მთავარი მწვრთნელია და გუნდს კიდევ მინიმუმ ორი წელი გაწვრთნის, ამიტომ მას თავისუფალ გარემოში უნდა მიეცეს მუშაობის საშუალება.
აჟიოტაჟი, რომელიც ახლა ატყდა, არ მომწონს. ქეცბაიას ჩემი ადვოკატობა არ სჭირდება, მაგრამ ასე მუშაობას ვერ მოახერხებს. ნაკრებში სამუშაო ატმოსფერო არა მხოლოდ ფეხბურთელებს, არამედ მწვრთნელებსაც უნდა ჰქონდეთ.
- ქეცბაიას მომხრეთა გაღიზიანება დავით მუჯირის ღია წერილმა და გოგიტა გოგუას ინტერვიუმ გამოიწვია. გითამაშიათ ევროპაში, სადაც კრიტიკა ჩვეულებრივი მოვლენაა. რატომ ითვლება ეს ჩვენთან მტრობად?
- გასაგებია, რომ მუჯირი გულნატკენია ნაკრებში მიუწვევლობით, გოგუასაც ჰქონდა პრობლემები, მაგრამ მათ ერთს ვურჩევდი - არ ილაპარაკონ მწვრთნელზე, მის ტაქტიკასა და საკადრო პოლიტიკაზე. ხვალ, ქეცბაია რომ აღარ იქნება ნაკრებში, ხომ შეიძლება, გოგუამ იგივე სხვა მწვრთნელზეც თქვას? არ აჯობებს, კარიერაზე იფიქროს?!
ქეცბაიას გადასაწყვეტია, ვის მიიწვევს და ვის არა, თავის თავისა და ქვეყნის მტერი არ არის, უვარგისები მიიწვიოს და ძლიერებზე უარი თქვას. კარგად აცნობიერებს, რასაც აკეთებს, მაგრამ ამ აჟიოტაჟით ხელი შეეშლება.
სამი წელია, აზერბაიჯანში ვიღაც-ვიღაცები მაგინებენ, გამუდმებით მესმის "ეს რატომ გაუშვი, ის რატომ მოიყვანე", მაგრამ არ მაინტერესებს, ვინ რას იტყვის, რადგან დარწმუნებული ვარ ჩემი გადწყვეტილების სიმართლეში.
- ზოგი ეჭვიანის აზრით, გაზეთი შეთქმულების მონაწილეა, როდესაც კრიტიკას ადგილს უთმობს.
- განსხვავებული აზრის დაფიქსირება თქვენი საქმეა. მე მუჯირთან და გოგუასთან პოლემიკას არც ვაპირებ, მტყუან-მართალს დრო გამოაჩენს.
ამ მოვლენებს ინტერნეტითა და ტელევიზიით ვადევნებ თვალს და ასეთი აზრი ჩამომიყალიბდა - თემურზე აშკარად სერიოზული ზეწოლაა.
ნაკრების მწვრთნელი კი ასეთ გარემოში ვერ იმუშავებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
რა გინდა, მაგარი არგუმენტები წამოაყენე.:D პირველ რიგში, კახას ის არ უთქვამს რომ ვისაც კონკრეტულ მომენტში არ იძახებს ის უვარგისია... შენი ლოგიკით მაშინ საქართველოში მარტო 25 ფეხბურთელია ძლიერი და დანარჩენი უვარგისი. სტატია ჯერ კარგად გავიგოთ და მერე გავაკეთოთ კომენტარი.
დვალიშვილი პირადად არც მე მომწონს, მაგრამ მუჯირს ნუ შევადარებთ, უბრალოდ სირცხვილია. ჯერ ვნახოთ ერთი რა დონეზე თამაშობს და მეორე რა დონეზე, ერთი რამდენ ხანს თამაშობს საშუალოდ ერთ მატჩში და მეორე რამდენს.
რაც შეეხება ფოფხაძეს და გელაშვილს, მე მგონი ორივე გამოცდილი ჰყავს ქეცბაიას და გელაშვილი ახლაც გამოძახებულია.
რაც შეეხება სხვა ფეხბურთელებს, შეგვიძლია ვილაპარაკოთ ამპლუების მიხედვით, შენი პროფესიონალური სამწვრთნელო ხედვით, ვის გამოიძახებდი და ვის ამოაგდებდი ამ ნაკრებში, ვინ არის ამ მომენტში უფრო ძლიერი იმ კონკრეტულ ფეხბურთელზე, რომელიც ახლა ნაკრებშია გამოძახებული... მოდი, თქვი და თან არგუმენტები მოაყოლე ამპლუების მიხედვით, ოღონდ ისე კი არა ზოგიერთი რომ ამბობს, ლორია რომ გამოძახა, დვალმა რაღა დააშავაო...:D
ნუ რაც შეეხება ძველბიჭობას, გოგუას მხრიდან რომ აქვს ძველბიჭობას ადგილი, ეს ნათლად ჩანს და არაერთხელ გამოჩენილა აქამდეც, თუნდაც თავისი ინტერვიუდან. ხოლო მწვრთნელი ჩვეულებრივი სიტყვით რომ ვერ გააგებინებ რაღაცას ფეხბურთელს, მაშინ დაუყვირებ აბა რას იზამ. ყველა გუნდში ასეა გამონაკლისის გარეშე. თუნდაც ფერგიუსონი გაიხსენე. ასე რომ რაღაცებს ჰაერში ნუ ვლაპარაკობთ, ცოტა არგუმენტებიც მოაყოლე, თუ გაქვს რამე, რა თქმა უნდა.