თემურ ქეცბაია: არ უნდათ ჩვენთან თამაში და...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები 11 ნოემბერს "მიხეილ მესხზე" მოლდოვას ამხანაგურად ეთამაშება, გუშინ კი ეროვნული გუნდის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია ჟურნალისტებს შეხვდა.

- მოლდოველებთან მატჩში რაზე გაკეთდება აქცენტი, შემტევ ფეხბურთზე?
- ჩვენი სურვილია, მოლდოვასთან ყველა ის ფეხბურთელი ვნახოთ, რომელთაც ნაკრებში არ უთამაშიათ ან ნაკლები პრაქტიკა აქვთ. კარგი იქნება, რაც შეიძლება მეტი მოთამაშე გამოვცადოთ, სამზე მეტს რომ შევცვლით, მოლდველებთან ამაზე უკვე შევთანხმდით.

სამწუხაროდ, დაგვაკლდებიან დიმიტრი ტატანაშვილი და ლევან მჭედლიძე, მათ ნაცვლად "ვიტ ჯორჯიას" ნახევარმცველი გიორგი ჯანელიძე და "მეტალურგის" თავდამსხმელი ირაკლი
მოდებაძე გამოვიძახეთ.

ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, შეხვედრა ამხანაგურია თუ ოფიციალური, ეს ნაკრების მატჩია და მოსაგებად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ფიფას რეიტინგში მდგომარეობა გავიუმჯობესოთ.

ახლა მთავარია, წარუმატებელი სერია შევწყვიტოთ და ბიჭების ფსიქოლოგიური მდგომარეობა გამოვაკეთოთ. მომავალი შესარჩევი ციკლის დაწყებამდე ეს აუცილებელია, რადგან კარგად იცით, რა მძიმე ჯგუფში მოვხვდით.

- სხვა სავარაუდო სპარინგ-მეტოქეზე ხომ არაფერი გარკვეულა?
- ჯერ სიახლე არაფერია. წერილები ბევრგან გავაგზავნეთ, ვიცით, ვისთან არის თამაში კარგი და ვისთან - არა, მაგრამ ჩვენი დონის გუნდისთვის ამხანაგური მატჩის გამართვა ასე ადვილი არ არის და ჯერ ამ წერილებზე პასუხები არ მიგვიღია. მოლდოვასთან მატჩიც ბოლო მომენტში გადაწყდა.

- საქართველოს ადრე კვიპროსის ან მალტის ტურნირებზე მაინც იწვევდნენ, ახლა მსგავსი წინადადებებიც არ მიგიღიათ?
- კვიპროსზე ბევრი მეგობარი მყავს, მათთვის ნათქვამი მაქვს, ორი წელია, საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვარ და ერთხელაც არ მიგვიწვიეთ-მეთქი, მაგრამ ასეთი საკითხები მეგობრობით არ კეთდება. ტურნირს ტელევიზია ატარებს და ისეთი ნაკრებების ჩაყვანა სურთ, რომლებითაც ხალხი დაინტერესდება და მოგებას მიიღებენ.

სამწუხაროდ, ჩვენ დღეს ასეთი ნაკრები არ ვართ. არადა, ასეთი ტურნირები ჩვენთვის მისწრება იქნებოდა, რადგან ორი შემადგენლობით ჩავიდოდით და ბევრ საინტერესო მოთამაშეს გავსინჯავდით.

- ასეთი ტურნირის საქართველოში ჩატარება შეუძლებელია?
- შეუძლებელი ნამდვილად არ არის, მაგრამ ამას დაფინანსება და ტელევიზიების დაინტერესება სჭირდება, მეზობლები მაინც რომ ჩამოიყვანო. შარშან იყო ამაზე მსჯელობა, აზერბაიჯანელებთან გვქონდა მოლაპარაკება, საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე საინტერესო ფეხბურთელების გამოცდა გვსურდა, მაგრამ ბოლოს ეს მაინც არ გამოვიდა.

ეროვნულმა ნაკრებმა გუშინ, 16 საათზე "ბასაზე" ივარჯიშა, ქეცბაიას გეგმით, ფეხბურთელები დღესაც იქვე დაიტვირთებიან, მატჩის წინა დღეს, 10 ნოემბერს კი ნაკრები გენერალურ რეპეტიციას "მიხეილ მესხზე" ჩაატარებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
უფასოაო თითქოს ასე გამოაცხადეს
0
ცოდნით არ ვიცი მარა ალბათ 10 ლარი ეღირება როგორც ყოველთვის
Tazo
17:39 09-11-2011
0

სიახლეები პოპულარული