იმერული დერბი თასის გათამაშების მშვენება უნდა გამოდგეს, თუმცა ორივე კლუბის წევრებს, ალბათ, ერჩივნათ, ერთმანეთს უფრო გვიან გადაჰყროდნენ.
წილისყრის დაწყებამდე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელმა ნოდარ კაკულიამ კლუბების წარმომადგენლებსა და მედიას პროცედურის შინაარსი განუმარტა და დამსწრეებს შეახსენა, რომ დებულება ამ ეტაპზე განთესვას აღარ ითვალისწინებს.
ბურთულების ამოსაღებად კლუბების წარმომადგენლები ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში დღეისთვის დაკავებული ადგილების
ტორპედო-ზესტაფონი
საქართველოს თასის წინა გათამაშების ნახევარფინალი ქართული სეზონის ერთ-ერთი ხმაურიანი მოვლენა იყო. "ტორპედომ" "ზესტაფონს" ორრაუნდიან დაპირისპირებაში სძლია და ფინალში გავიდა, თუმცა მატჩისას, მეტი რომ არ ვთქვათ, უსიამოვნო ამბები დატრიალდა.
საბედნიეროდ, ყველაფერი მშვიდობიანად გაგრძელდა და ქუთაისელი და ზესტაფონელი ქომაგები შერიგდნენ. მიმდინარე სეზონში ეს გუნდები ერთმანეთს უკვე ორჯერ შეხვდნენ და ორივეჯერ მატჩებმა ნაღდ საფეხბურთო გარემოში ჩაიარა, რაც იმის საფუძვლიან იმედს გვაძლევს, რომ ასევე იქნება სათასო შეხვედრებშიც.
შეგახსენებთ, ზემოთ ნახსენები ნახევარფინალის პირველი მატჩი ქუთაისში "ტორპედომ" გიორგი მეგრელაძის გოლით 1:0 მოიგო, ზესტაფონში კი შეხვედრა უგოლოდ დასრულდა.
მიმდინარე ჩემპიონატში კი პრინციპულმა მეტოქეებმა საგარეო მატჩებში იმარჯვეს: ქუთაისში "ზესტაფონმა" 2:1 მოიგო, ხოლო "ტორპედომ" ზესტაფონში - 1:0.
ლევან ფხაკაძე ("ტორპედოს" პრეზიდენტი): "დარწმუნებული ვარ, ეს მატჩები მხოლოდ ქუთაისელ და ზესტაფონელ კი არა, ყველა ქართველი გულშემატკივრის ინტერესს გამოიწვევს. მჯერა, ორივე შეხვედრა დაძაბული და სანახაობრივი იქნება და მაყურებელი ნამდვილი ფეხბურთით ისიამოვნებს".
მიხეილ ხუციშვილი ("ზესტაფონის" სპორტული დირექტორი): "იმერული დერბი საქართველოში ყოველთვის გამორჩეული მოვლენაა და გამონაკლისი არც ეს შემთხვევა იქნება. "ზესტაფონისთვის" თასის მოგება ჩემპიონობაზე არანაკლებ პრიორიტეტული ამოცანაა და ამ ეტაპის დასაძლევად ყველაფერს ვიღონებთ".
მეტალურგი-ვიტ ჯორჯია
იმერული დერბის შემდეგ ეს ყველაზე საინტერესო წყვილია. "მეტალურგი" ჩემპიონატშიც და თასზეც ფავორიტთა შორისაა, "ვიტ ჯორჯია" კი, იმის მიუხედავად, რომ ჩემპიონატში წამყვან ქართულ კლუბებს გვარიანად ჩამორჩა, კონკურენტუნარიან ძალად რჩება.
ძველი ვიტელები - გრიგოლ ბედიაშვილი, ალექსანდრე კვახაძე, ლუკა რაზმაძე და ლაშა ჯაფარიძე თავის ყოფილ კლუბს შეებრძოლებიან, რაც წყვილს დამატებით ინტრიგას სძენს.
ამ ჩემპიონატში ეს გუნდები ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს - მცხეთაში რუსთაველებმა 2:0 მოიგეს.
კობა ჟორჟიკაშვილი ("მეტალურგის" მთავარი მწვრთნელი): "ბანალური ფრაზაა, მაგრამ თასის ამ ეტაპზე იოლი მეტოქე არ არსებობს. "ვიტ ჯორჯიასთან" რთული დაპირისპირებები გველის, მაგრამ ჩვენ თასისთვის ვიბრძვით და ნებისმიერ მოწინააღმდეგესთან გამარჯვებისთვის ვითამაშებთ. "მეტალურგიც" და "ვიტ ჯორჯიაც" თანაბარ მდგომარეობაში არიან, რადგან ორივე გუნდი ხელოვნურ საფარზე თამაშობს და ამ გარემოებასთან ადაპტირებულია".
დავით თავართქილაძე ("ვიტ ჯორჯიას" სპორტული დირექტორი და პრესსამსახურის უფროსი): "ბოლო დროს ჩვენმა გუნდმა თამაშის ხარისხი აშკარად გააუმჯობესა, რაც ამ ბარიერის გადალახვის იმედს გვაძლევს. მეტოქე ძლიერი გვყავს, მაგრამ "ვიტ ჯორჯია" მზადაა იმისთვის, რომ "მეტალურგს" ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიოს და ნახევარფინალისთვის იბრძოლოს".
გაგრა-მერანი
"გაგრა" და "მერანი" ერთმანეთს მხოლოდ უმაღლესი კი არა, პირველი ლიგიდანაც იცნობენ, სადაც წლების განმავლობაში დიდი კონკურენცია ჰქონდათ. საქართველოს თასის მფლობელ გაგრელებს ამჟამად საუკეთესო დროება არ უდგათ, "მერანი" კი პირიქით, აღმავლობის გზაზეა, თუმცა წყვილის გამარჯვებულის "გამოცნობა" მაინც ძნელი საქმეა.
მიმდინარე ჩემპიონატის პირველ ტურში თბილისში "გაგრამ" "მერანი" 3:0 დაამარცხა, თუმცა მარტვილელებმა შინ რევანში აიღეს - 1:0.
მიხეილ აფხაზავა ("გაგრას" პრესსამსახურის უფროსი): "გვინდოდა, "მერანს" ან "დილას" შევხვედროდით, შესაბამისად, წილისყრის შედეგით კმაყოფილი ვართ. ცუდია, რომ პირველ მატჩს შინ ვატარებთ, მაგრამ ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა ნამდვილად არ აქვს".
ბაია-დილა
ფავორიტი არც ამ წყვილს ჰყავს. ჩემპიონატში ზუგდიდელებს უკეთესი პოზიცია უკავიათ, მაგრამ, სამაგიეროდ, "დილამ" გათამაშებიდან "დინამოს" გამოთიშვით სათასო გუნდის იმიჯი შეიქმნა.
პირველი მეოთხედფინალური მატჩები პირველად დასახელებული გუნდების მოედანზე 24 ნოემბერს გაიმართება, განმეორებითები კი ორი კვირის შემდეგ, 7 დეკემბერს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"