თემურ ქეცბაია: ახლები ამართლებენ, პროფესიონალიზმი გვაკლია

AutoSharing Option
საქართველო-მოლდოვას ამხანაგური მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე პირველი სტუმართა მთავარი მწვრთნელი გავრილ ბალინტი გამოცხადდა, რომელიც ლაკონიური კომენტარით შემოიფარგლა.

"საქართველოს ნაკრებმა დღეს ჩვენზე გაცილებით უკეთ ითამაშა და დამსახურებულადაც გაიმარჯვა, რასაც ვულოცავ კიდეც. მატჩის შედეგი კანონზომიერია, თუმცა მსაჯობით უკმაყოფილო ვარ. გვაკლდა რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი. ასეა თუ ისე, ამ შეხვედრამ თავისი ფუნქცია შეასრულა, რამდენიმე ახალი მოთამაშე გამოვცადე", - განაცხადა ბალინტმა, რომელმაც გუშინ მოლდოვის ეროვნული ნაკრების თავკაცის პოსტზე, შესაძლოა, ბოლო მატჩი ჩაატარა.

თემურ ქეცბაიას კომენტარი უფრო ვრცელი იყო.
- კარგი და სასარგებლო თამაში გამოვიდა. იმის მიუხედავად, რომ
არაოპტიმალური შემადგენლობით ვითამაშეთ, ინიციატივა ჩვენს მხარეს იყო. საერთო ჯამში, ბიჭებით კმაყოფილი ვარ. შეგვეძლო უფრო სოლიდური ანგარიშით გამარჯვებაც, მაგრამ რამდენიმე ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოვიყენეთ.

კარგია, რომ ამ წელიწადს, რომელიც გამარჯვებით დავიწყეთ, გამარჯვებითვე ვასრულებთ. იმედია, მალე საქართველოს ნაკრებს წარმატებული პერიოდი დაეწყება.

მომავალ შესარჩევ ტურნირამდე დარჩენილი დრო მაქსიმალურად ნაყოფიერად უნდა გამოვიყენოთ. იმედია, სასარგებლო ამხანაგურ მატჩებსაც ჩავატარებთ და ტრავმირებულებიც დაგვიბრუნდებიან. დღეს კი რამდენიმე ახალმა ფეხბურთელმა დაამტკიცა, რომ ნაკრებში თამაშს იმსახურებს.

- დღევანდელი მატჩიდან რომელიმე ფეხბურთელს ხომ არ გამოარჩევთ?
- სანდრო კობახიძე საუკეთესო იყო, თუმცა, სამწუხაროდ, კარგად დაწყებული საქმე ცუდად დაასრულა და მეტოქის პროვოკაციას წამოეგო.
პროფესიონალი ფეხბურთელისთვის ასეთი არასერიოზულობა არ შეიძლება.

ამავეს ვიტყოდი შოთა გრიგალაშვილზე. პენალტი მას საერთოდ არ უნდა დაერტყა, მაგრამ რადგან დაარტყა, ეს საქმე ასე უპასუხისმგებლოდ არ უნდა გაეკეთებინა.

ვისარგებლებ შემთხვევით და საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს გამარჯვებას მივულოცავ. სამწუხაროდ, მორიგი მარცხი განიცადა ახალგაზრდულმა ნაკრებმა, რომელმაც ცუდ შედეგთან ერთად ცუდი თამაშიც აჩვენა. ყველა უნდა დავსხდეთ და დაგროვებული პრობლემების გადასაჭრელად გზები უნდა ვეძებოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ყოჩები - ლელო 3:7 http *****
ქომაგთალიგა
15:41 12-11-2011
0
რაო ქეცბო ლორია გვყავს გასაყიდიო?
gela
16:52 12-11-2011
0

სიახლეები პოპულარული