მონოლოგის რეჟიმში გამართულმა ე.წ. პრესკონფერენციამ, ჟურნალისტების შეკითხვებზე რესპოდენტის არაკონკრეტულმა, ხშირ შემთხვევაში სიცრუეზე აგებულმა და საწინააღმდეგო აზრის მქონე ადამიანების მიმართ დამცირებისკენ მიმართულმა პასუხებმა, მაიძულა კიდევ ერთხელ მიმემართა ღია წერილით ბატონ თემურ ქეცბაიასთვის. ამავდროულად ნებისმიერ მომენტში მზად ვარ ჩემი აზრის სატელევიზიო სივრცეში გამოსათქმელად და ჯანსაღ, ობიექტურ გარემოში დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად.
ნაკრების მწვრთნელი იმ ფეხბურთელებს იძახებს, რომლებსაც საჭიროდ მიიჩნევს
სამწუხაროდ, ჩემი ის ფრაზა, რომ მე გული დამწყდა ნაკრებს რომ ვერ დავეხმარე, ზოგიერთისგან სხვანაირად იქნა აღქმული და ჩემი პირველი წერილის დაწერის მიზეზად პირადი წყენა იქნა მიჩნეული. არავითარ შემთხვევაში, მერწმუნეთ, ისე კი ქართველ ფეხბურთელს გული რომ არ სწყდებოდეს ამ ფაქტზე, ის იქნებოდა ცუდი. ფეხბურთელი თუ თვლის, რომ ეკუთვნის და იმედიანად არის, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მწვრთნელმა იგი აუცილებლად უნდა გამოიძახოს ნაკრებში.
ის ეჭვები, რომ თითქოს, მე ამას ვიღაცა მაწერინებს ან ვიღაცა "მიყენებს", ბატონო თემურ, უნდა დაივიწყოთ და საღი გონებით მიუდგეთ პრობლემას. თქვენ, როგორც ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ქართული ფეხბურთის სახედ ითვლებით და ამგვარად აზრის გამოთქმა არ შეგშვენით. ამიტომ, როდესაც ასეთ არაკორექტულ განცხადებას აკეთებთ და ცილს მწამებთ, როგორც მინიმუმ, დამარწმუნებელი არგუმენტები უნდა წარადგინოთ.
თქვენ აღნიშნეთ, რომ თითქოს, მე ჩემს პირველ წერილში, შევეხე თქვენს პიროვნებას. რაც არანაირად არ იყო ჩემი მიზანი და ვერსად ჩემს წერილში ვერ აღმოაჩენთ თქვენს პიროვნულ შეურაცხყოფას. ჩემი აზრით, პრობლემა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ თქვენს მიმართ მწვავე კრიტიკას და თუნდაც საწინააღმდეგო მოსაზრების გამოთქმას, ვერ იტანთ და შეურაცხყოფად აღიქვამთ. თქვენ როგორც ფეხბურთელს, რა თქმა უნდა, დიდ პატივს გცემთ. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს რომ დღეს, თქვენ როგორც ნაკრების მწვრთნელს, სწორი გზით მიგყავთ გუნდი და რომ თქვენგან განსხვავებული აზრის გამოთქმის უფლება არ მაქვს.
ბატონო თემურ, თქვენ მხოლოდ იმაზე საუბრობთ, რა და ვინ მამოძრავებდა ჩემი პირველი წერილის დაწერის დროს. ეს უფრო სტრატეგიულ ნაბიჯს ჰგავს, არ გსიამოვნებთ წერილში დასმული კითხვები და ამ ხერხით ცდილობთ ფაქტებზე აგებული და სააშკარაოზე გამოტანილი საჭირბოროტო საკითხები გახადოთ მეორეხარისხოვანი. არც არავის დაუპირისპირებია მუჯირი თქვენთვის და არც იგი პირადად თქვენ არ გიპირისპირდებათ! მუჯირი აკრიტიკებს გუნდის მართვის მეთოდებს, რომელსაც უპერსპექტივოდ მიიჩნევს და არგუმენტები მოჰყავს. ან რატომ გგონიათ, რომ მე ვინმეზე ნაკლებად მიყვარს ჩემი ქვეყანა და იმ სფეროზე, რომელშიც ვმოღვაწეობ მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება, არ გამაჩნია აზრის გამოთქმის უფლება?
თქვენ იმაზე თუ დაფიქრდით, რომ ჩემს მიმართ გამოთქმული ფრაზით, რომ ფეხბურთი ვერ ვითამაშე, მარტო მე კი არა, სხვა ქართველ ფეხბურთელებსაც აყენებთ შეურაცხყოფას? თქვენც ფეხბურთელი ბრძანდებოდით და კოლეგების მიმართ მეტი პატივისცემის გამოვლენა გმართებთ. საქართველოში უამრავი ფეხბურთელია. ყოველი მათგანი შრომობს, ცდილობს უკეთესად ითამაშოს, კარგ გუნდში მოხვდეს, წარმატებული კარიერა გაიკეთოს და თავისი საყვარელი საქმით გამოადგეს საკუთარ ოჯახს და ქვეყანას. რატომ ჩათვალეთ, რომ ის ათასობით ფეხბურთელი, რომლებსაც თქვენი დარი საფეხბურთო კარიერა ვერ გამოუვიდათ, არც ფეხბურთელები ვართ, არც პიროვნებები, ჩვენს შრომას ფასი არა აქვს და თქვენთან საუბრის და თქვენგან განსხვავებული აზრის გამოთქმის უფლება არ გვაქვს?
საქართველოს ნაკრებში არიან მოქმედი ფეხბურთელები, რომლებსაც თქვენთან შედარებით უფრო წარმატებული საკლუბო და სანაკრებო კარიერა გამოუვიდათ და ამჟამად თქვენს შეგირდებად ითვლებიან, თქვენს მიერ დამკვიდრებული სტანდარტებით თუ ვიმსჯელებთ, გამოდის რომ არც ერთმა მათგანმა თქვენი მითითებები ყურად არ უნდა იღოს და თქვენს აზრს პატივი არ უნდა სცეს. ყოველ მათგანს პირადად ვიცნობ და დარწმუნებული ვარ, მათ ადამიანების შეფასების თქვენგან განსხვავებული კრიტერიუმები გააჩნიათ და საბედნიეროდ, ასეთ უღირს საქციელს არც ერთი არ იკადრებს!
თქვენივე ლოგიკით, თქვენ საერთოდ არ გაგაჩნიათ უფლება მათ წინააღმდეგ აიმაღლოთ ხმა, ვინც 1981 წელს ქართულ ფეხბუთს ყველაზე დიდი წარმატება მოუტანა. არადა, ზუსტად მახსოვს, როგორი ტონით უსაყვედურეთ ამ თაობის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც ამჟამინდელი ფედერაციის შტაბში არ არიან. თუ ასეთი უვარგისები არიან (იმიტომ რომ აზრი არ გამოთქვეს, მაშინ როდესაც საჭირო იყო), იგივენაირად შეგეძლოთ გაგეკრიტიკებინათ ფეხბურთის ფედერაციის მხარეს მყოფი იმავე თაობის წარმომადგენლები. ან თქვენ პირადად, უკვე რამდენიმე წელიწადია ვეტერანად ითვლებით და იქნებ თქვენს თავსაც უსაყვედუროთ. გამოდის, რომ თქვენი აზრი და შეხედულებები სიტუაციიდან გამომდინარე იცვლება ხოლმე - უფროს თაობას სასტიკად აკრიტიკებთ უმოქმედობის გამო, ხოლო მე შეურაცხყოფას მაყენებთ, ხმის ამოღებას როგორ ბედავო. ჩემი აზრი აუცილებლად თქვენსას უნდა ემთხვეოდეს და მხოლოდ მაშინ ვარ მართალი? ვერ დაგეთანხმებით.
ჰიროშიმა, სადაც მე ვიმყოფებოდი მიწისძვრის დროს, ეპიცენტრიდან 1.300 კილომეტრითაა დაშორებული. ის ფაქტი, რომ მე, ისევე როგორც ქალაქის 1.200.000-მა მაცხოვრებელმა, ვერ შევიგრძენით ბიძგები, რომლებიც საბედნიეროდ არ იყო ჩემს ქალაქში, თქვენ ნამდვილად არ გაძლევთ იმის უფლებას, რომ პირდაპირ ეთერში ცინიკურად და აგდებულად ისაუბროთ ჩემზე. მითუმეტეს, ეს ნამდვილად არაა დაკავშირებული იმ პრობლემებთან, რომლებზეც მე ვსაუბრობ და რომელ შეკითხვებზე პასუხსაც თქვენ თავს არიდებთ. ისევე როგორც, გოგიტა გოგუას ინტერვიუს მთავარ და მნიშვნელოვან საკითხს, სადაც ფეხბურთელმა განაცხადა, ისეთი შეურაცხყოფა მომაყენა მწვრთნელმა, რომ იძულებული გავხდი შეკრება დამეტოვებინაო. თქვენ კი, თემას თავი აარიდეთ, კვლავ უარყოფთ კონფლიქტს, მისი ნაკრებიდან დათხოვნის მიზეზად ჩვენთვის კარგად ცნობილ თქვენეულ ვარიანტს გვთავაზობთ და გაიძახით, ჭორებზე კომენტარს არ ვაკეთებ, აქ საჭორაოდ არ ჩამოვსულვარო. თუმცა, ჭორს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ ამ კონკრეტულ შემთხვევას, რადგან ფეხბურთელი თავად საუბრობს.
ვინ იტყუება? ქეცბაია, თუ გოგუა? თუ ბატონი დომენტი სიჭინავა, რომელმაც აღნიშნა სატელევიზიო ინტერვიუში, გოგუა უყვიროდა ქეცბაიას, შენ თვალში ხომ არ გეპატარავებიო? კონფლიქტი რომ ნამდვილად იყო, ფაქტია და ამიტომაც არიდებთ თავს ამ თემაზე საუბარს. და ყველაზე სამწუხაროა, რომ სტუდიაში არ აღმოჩნდა ისეთი ჟურნალისტი, რომელიც მოითხოვდა შეკითხვებზე კონკრეტულ პასუხებს. ნუთუ, გაცხარებულ რესპოდენტთან მწვავედ საკითხის დასმას ერიდებიან, მიუხედავად იმისა, რომ პასუხები მათაც და გულშემატკივრებსაც ძალიან აინტერესებთ.
"ლატვიასთან ათწლეულის საუკეთესო მატჩი ვითამაშეთო", - რამოდენიმეჯერ ბრძანეთ. გემოვნებაზე არ დაობენო, ამბობენ და ამიტომ დავას არც მე დავიწყებ, მიუხედავად იმისა, რომ სამარცხვინოდ მიმაჩნია ამ მატჩის ასე შეფასება. უბრალოდ შეგახსენებთ, თქვენი შეფასებით ათწლეულის საუკეთესო მატჩის შემდგომ პრესსკონფერენციაზე გაკეთებულ თქვენსავე კომენტარს: "ფსიქოლოგი კი არა, ფეხბურთელები გვჭირდებაო".
ბატონო თემურ, ამ ფეხბურთელებს თქვენ ირჩევთ, თქვენ იძახებთ, მათთან ერთად უნდა მიაღწიოთ დასახულ მიზნებს და სულაც ეგრე რომ იყოს, არ შეიძლება მათ გასაგონად და საჯაროდ იძახოთ, ფეხბურთელები მჭირდებაო. თან ამას იძახით იმ მატჩის შემდეგ, როდესაც მთელ საზოგადოებას არწმუნებთ - ათწლეულის საუკეთესო მატჩიაო... ნაკრებში მოთამაშე ყველა ფეხბურთელი ქვეყნის წინაშე ვალდებულებას გრძნობს, აუცილებლად ჩამოვა ნაკრებში სათამაშოდ და ყველაფერსაც გააკეთებს შედეგისთვის. მაგრამ თქვენ ხომ უნდა იზრუნოთ იმაზე, რომ მათ მაქსიმალურად კომფორტული გარემო შეუქმნათ, თავი საჭირო ფეხბურთელად აგრძნობინოთ, ბედნიერების გრძნობა ჰქონდეთ ნაკრებში ჩამოსულთ და ფსიქოლოგიურად მზად ხვდებოდნენ თამაშს, რომ ეს ყოველივე შედეგზე დადებითად აისახოს? ურთიერთპატივისცემის გარეშე მე ეს წარმოუდგენლად მიმაჩნია. როგორ ფიქრობთ, დადებით მუხტს შეიტანდით გუნდში და შეძლებდით თქვენ ნაყოფიერად გემუშავათ ფეხბურთელებთან, ანალოგიურ განცხადებებს რომ აკეთებდნენ, ანუ: "ისეთი მწვრთნელი არ გვყავს, ევროპის ჩემპიონატზე რომ გაგვიყვანოს"-ო?
ქართველი ქომაგისთვის ძალზედ მტკივნეულია, როდესაც საქართველოსთან შედარებით ნაკლები პოტენციალის მქონე ქვეყნები უკეთეს შედეგს აღწევენ მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ უკეთესად იყენებენ რესურსს. თქვენ კი, ბატონო თემურ, ვერც ერთი ფეხბურთში ჩახედული ადამიანი, ტაშს ვერ დაგიკრავთ მარტო იმის გამო, რომ კუპერზე უკეთესი შედეგი გაქვთ. კუპერმა არ ივარგა, ნაკრების რესურსის 5% გამოიყენა და ამის გამო დათხოვნილი იქნა სამსახურიდან. თქვენ კი, რადგან მასზე უკეთესი შედეგი აჩვენეთ და რესურსის 10% გამოიყენეთ, ამიტომ თქვენს მუშაობას წარმატებული ვუწოდოთ? იქნებ, სჯობს თქვენი უამრავი შეცდომის გამო გაფლანგულ 90%-ზე პასუხისმგებლობა იგრძნოთ, მე-5 ადგილი წარმატებულ შედეგად არ მიიჩნიოთ და მომავალში გულშემატკივრებს უფრო მეტი ოპტიმიზმის საფუძველი მისცეთ.
სიმართლის თქმას და აზრის დაფიქსირებას კი არავინ არ უნდა ერიდებოდეს და გადაცემაშიც აღინიშნა, რომ სიმართლეს განსაზღვრული დრო არა აქვს, იგი მუდამ უნდა ითქვას და მიუხედავად იმისა, ვეტერანი ან მოქმედი ფეხბურთელი ხარ, სპორტული ჟურნალისტი, ფედერაციის თანამშრომელი თუ ჩვეულებრივი გულშემატკივარი, ქართული ფეხბურთის კეთილდღეობისთვის და წარმატებისთვის ძალა არავინ არ უნდა დავიშუროთ, ასე მჯერა და მწამს მე, ჩემი ქვეყნის გულშემატკივარს, ქართველ ფეხბურთელს, დავით მუჯირს!
დავით მუჯირი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"