დავით სირაძე: ქეცბაია აღარ გამომიძახებს, ხალხმა კი სიმართლე უნდა გაიგოს

AutoSharing Option
გასრულებულ ევროშესარჩევ ციკლში ეროვნული ნაკრების წევრთაგან ყველაზე მეტი გოლის გამტანი დავით სირაძე ნაკრების ბოლო შეხვედრებში აღარ ჩანდა და ამით უკმაყოფილება არც დაუმალავს. ისიც ცნობილი გახდა, რომ პოლონეთთან ამხანაგურ შეხვედრაზე ჩამოუსვლელობის გამო თემურ ქეცბაია მასზე ნაწყენი იყო.

დავით სირაძემ გადაწყვიტა, ამ ყველაფერზე კომენტარი გაეკეთებინა და "ლელოს" დაუკავშირდა.

- ბოლო დროს იმდენი რამ ითქვა ნაკრებში ჩემი უთამაშებლობის მიზეზებზე, გადავწყვიტე, ამ ყველაფერზე კომენტარი გავაკეთო.

ეროვნულ ნაკრებში გამოძახების და თამაშის სურვილი ყოველთვის მქონდა და მექნება. მათამაშებდა თუ არა, ცხადია, ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია და ამაზე
არც ვდავობ, მაგრამ, არ დავმალავ, ევროშესარჩევის ბოლო, ბერძნებთან მატჩზე ჩემს არგამოძახებას ნამდვილად არ ველოდი.

მიმაჩნია, რომ იმის ღირსი მაინც ვიყავი, დამკავშირებოდნენ და მიზეზი აეხსნათ, თანაც, იმ დროს თბილიში ვიმყოფებოდი.

პრესასა და ტელევიზიაში ჩემი ხსენება საერთოდ არ იყო და ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს ეროვნული ნაკრების წევრი არასოდეს ვყოფილვარ. რა თქმა უნდა, ამან ძალიან დამწყვიტა გული, რის თაობაზე განვაცხადე კიდეც და ამაზე ლაპარაკი აღარ მსურდა, სანამ არ მოხდა ის, რამაც ძალიან გამაოცა: ევროციკლის დამთავრების შემდეგ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გადაცემა "საფეხბურთო მიმოხილვაში" სპორტულ ჟურნალისტებთან შეხვედრისას თემურ ქეცბაიამ განაცხადა, ყველაზე მეტად გული სირაძის სიტყვებმა მატკინაო და გაიხსენა პოლონეთთან ამხანაგურ მატჩზე ჩემი ჩამოუსვლელობა, თითქოს ნაკრებში თამაშს თავი განზრახ ავარიდე.

ეს არასწორია. ნამდვილი მიზეზი ისაა, რომ ვიზა არ მქონდა და მის აღებას ვეღარ ვასწრებდი. როდესაც ეს ფედერაციას ავუხსენი, ქეცბაიასგან თანხმობა მივიღე და კლუბში დავრჩი, რადგან ნალჩიკის "სპარტაკს" სამი დღის მერე პეტერბურგში "ზენიტთან" უნდა ეთამაშა.

- პოლონეთის ვიზა პრობლემა რატომ გახდა?
- პასპორტი ნალჩიკიდან უნდა გამომეგზავნა და სამ დღეში ამას ვერ ვასწრებდი. ქეცბაიას ეს ავუხსენი და შემომითვალა, მაშინ დარჩიო. სწორედ ამიტომ გამიკვირდა მისი ნათქვამი, გამოვიძახე, მაგრამ არ ჩამოვიდაო.

ისიც ვერ გავიგე, ჩამოსულიყო, ითამაშებდაო, რუსეთში დარჩა და "ზენიტთან" 15 წუთი გავიდა მოედანზეო. მიმაჩნია, რომ ნაკრების მწვრთნელმა უნდა იცოდეს, მისი გუნდის კანდიდატებიდან ვინ თამაშობს და ვინ არა - "ზენიტთან" არა 15 წუთი, როგორც ქეცბაია აცხადებს, არამედ ძირითად შემადგენლობაში ვითამაშე და 75-ე წუთზე შემცვალეს. ასე რომ, სათამაშო პრაკტიკაც მქონდა და ფორმაშიც ვიყავი.

ქეცბაიას მეორე განცხადებასაც მინდა, გამოვეხმაურო. ხორვატებთან სტუმრად თამაში ძირითადში დავიწყე. მან თქვა, რომ მეორე ნახევარში შეცვლა მოვითხოვე, თითქოს მეთქვას, დავიღალე და სირბილი აღარ შემიძლია-მეთქი. საერთოდ, თუ შეუძლოდ არის, ფეხბურთელს აქვს უფლება, შეცვლა მოითხოვოს. მაგრამ ჩემს შემთხვევაში ასე ნამდვილად არ ყოფილა და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ - ასეთი რამ ქეცბაიასთვის არ მითხოვია და გულშემატკივარმა თავად განსაჯოს, ყოველივე ამის შემდეგ მქონდა თუ არა საფუძველი, ნაწყენი დავრჩენილიყავი.

- ამ განცხადების შემდეგ ნაკრებში რომ აღარ მიგიწვიონ?
- ეს უკვე ვიცი და დარწმუნებულიც ვარ, ქეცბაია ნაკრებში ისედაც აღარ გამომიძახებს, მაგრამ მინდა, რომ ხალხმა სიმართლე გაიგოს.

- იქნებ, სამომავლოდ ქეცბაია ნაკრებში ვეღარ გხედავდა და ამიტომ გადაწყვტა სხვებზე დაყრდნობა? ასეთი რამაც ხომ არის შესაძლებელი?
- თუ ასეა, ხომ შეგიძლია, ფეხბურთელს დაელაპარაკო და აუხსნა, რა ჩანაფიქრიც გაქვს? ამბობს, შე კაი ადამიანო, ჩვენ თუ გიგებთ, შენც გაგვიგე, სხვა ფეხბურთელების ნახვა გვსურსო. მითხარით, ერთი, შესარჩევი ციკლის მატჩზე გასასინჯ მოთამაშეებს ვინ აკვირდება? მაშინ რისთვის არის ამხანაგური შეხვედრები, ახალ ფეხბურთელებს იქ ვერ ნახავდა?

მახსოვს, ნაკრებში ფეხბურთელებს შემადგენლობაში არ აყენებდნენ და მიდიოდნენ. მე რომ ვთქვი, გამოუძახებლობა მეწყინა-მეთქი, ერთი ამბავი ატეხეს. აბა, რა უნდა მეთქვა, გამიხარდა, მოვალშიც ასე გააკეთეთ-თქო? როცა არავინ გიკავშირდება და მიზეზსაც არ გიხსნიან, კითხვა ხომ გაგიჩნდება.

მწვრთნელს არც ვაკრიტიკებ, უბრალოდ, კითხვა გამიჩნდა და ეს რატომ არის მიუღებელი? ფეხებზე რომ დაგიკიდებენ და დაწერენ, ტრავმის გამო ნაკრებს ესა და ეს დააკლდებიანო და შენ არც გახსენებენ, ეს როგორ არ მეწყინება. როდესაც ნაკრებში დანიშნეს, თავად არ ამბობდა, ფეხბურთელს მხოლოდ ნაკრებში გამოძახება არ უნდა აკმაყოფილებდეს, თამაში უნდა სურდესო. ჰოდა, მსურდა, ვთქვი და ეს მაინც ეწყინა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 13 /
Geo

გეგუჩაძე.
Irakli
14:52 25-11-2011
0
დათო შენ ეტობა რეალობას ვერ ხედავ...უკვე 5 ფეხბურთელი გაანაწყენეს ეხლა არ თქვა არ არიან პატრიტები და ნაკრებში არ იმსახურებენ თამაშსო.როცა ასე ხდება ფეხბურთელების კი არა მწრთვნელის ბრალია.
kaki
12:03 05-06-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული