ჩვენი საფიქრალის ნაკრები (I ნაწილი)

AutoSharing Option
2011 წელი საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებით დაიწყო და სავალალოდ დასრულდა, საფეხბურთო ცხოვრება კი გრძელდება - თემურ ქეცბაიას ახალი კონტრაქტი გაუფორმეს და მომავალი შემოდგომიდან 2014 წლის მუნდიალის შესარჩევ ტურნირში ჩავებმებით.

დიდი აჟიოტაჟი და კამათი, რაც ჩვენს ეროვნულ გუნდსა და მის მთავარ მწვრთნელს უკავშირდება, გაისადაც გაგრძელდება და შეკითხვათა დიდ ნაწილს ნაკრების შედეგები უპასუხებს. მანამდე კი, თითოეულ ჩვენგანს შეუძლია მსჯელობა იმის თაობაზე, ვინ რაშია მართალი.

წინასაახალწლო პერიოდში საფეხბურთო ვნებები შედარებით დამცხრალია და, ვფიქრობ, სწორედ ეს პერიოდია ზედგამოჭრილი საიმისოდ, რომ ემოციებისა და პირადი სიმპათია-ანტიპათიის გვერდზე
გადადებით შევაფასოთ ყველა ის მოვლენა და მოსაზრება, რაც ბოლო დროს დაგროვდა.

ძველი და ახალი
ქეცბაიას ერთ-ერთი უმთავრესი ღირსება ის არის, რომ გაცილებით გულწრფელია, ვიდრე მისი წინამორბედების აბსოლუტური უმრავლესობა. ამ მხრივ საქართველოს ნაკრების ამჟამინდელ თავკაცს კონკურენციას მხოლოდ ჰოლანდიელი იოჰან ბოსკამპი თუ გაუწევს.

საქართველოს ეროვნული გუნდის სხვა უცხოელი მწვრთნელები კი ისე დაგვემშვიდობნენ, სიტყვა არ დაუძრავთ იმის თაობაზე, თუ რა ხდებოდა გუნდში. სხვა რომ არაფერი ვთქვათ, იყო ლაპარაკი (ზოგის მხრიდან - სერიოზული ეჭვი), რომ კლაუს ტოპმიოლერიც და ექტორ კუპერიც ნაკრების წევრებმა "ჩაშვებული" მატჩით "გააცილეს". მათ რომ მარტო ამის შესახებ მაინც გაეკეთებინათ ღია განცხადება, ქართველი ქომაგის გულებს მცირედით მაინც მოიგებდნენ, მაგრამ, როგორც ჩანს, გერმანელმა და არგენტინელმა აუტკივარი თავი არ აიტკიეს - თუნდაც იმიტომ, რომ, შესაძლო იყო, დაფარულის გამჟღავნების შემთხვევაში კუთვნილი ანაზღაურების მიღება გასჯანჯლებოდათ.

ღმერთმა დაიფაროს, ქეცბაია ნაკრებს წინამორბედების მსგავსად დაემშვიდობოს, მაგრამ, თუ მაინც ასე მოხდა, რატომღაც მგონია, რომ ჩვეული პირდაპირობით იტყვის სათქმელს.

თუმცა მედალს მეორე მხარეც აქვს და ქეცბაიას სიტყვების დაჯერება ზოგჯერ ჭირს კიდეც, რაზეც ქვემოთ ვიტყვით.

განვაგრძოთ ქეცბაიასა და მისი გერმანელი წინამორბედის შედარება, კუპერზე მსჯელობას კი, ვფიქრობ, სჯობს, აქვე მოვრჩეთ. არგენტინელმა საქართველოს ნაკრებს მხოლოდ ერთი, ისიც ამხანაგური მატჩი მოაგებინა, მაგრამ ქართველ ქომაგთა უდიდეს ნაწილს მის პატიოსნებაში ეჭვი არ შეჰპარვია - კუპერმა პოსტზე კეთილსინდისიერად იმუშავა, საქართველოში იცხოვრა, ჩვენს ჩემპიონატს დიდი ყურადღებით აკვირდებოდა, არც პიარგანცხადებებით მოგვაბეზრა თავი და არც მისი სატრანსფერო ინტერესების შესახებ გვიეჭვია.

"ფაქტია, ამაზე ძლიერი ჯგუფი იყო ტოპმიოლერის დროს და, ქეცბაიას გუნდის მსგავსად, ჯგუფში 10 ქულა ავიღეთ", - წერს დავით მუჯირი თავის ღია წერილში (იხილეთ სტატია) და ამ მოსაზრებას მხოლოდ ნაწილობრივ დავეთანხმები.

ტოპმიოლერის ნაკრებს მართლაც გაცილებით ძლიერი ჯგუფი შეხვდა, მაგრამ მაშინდელმა ნაკრებმა 10 ქულა 7-გუნდიან ჯგუფში აიღო, ქეცბაიას გუნდმა კი - 6-გუნდიანში. ორივეჯერ ბოლოსწინა ადგილზე გავედით. იმ 10 ქულიდან ტოპმიოლერმა 6 ფარერებთან მოიპოვა და მხოლოდ ერთ ხმაურიან გამარჯვებას მიაღწია - შოტლანდიასთან.

ქეცბაიამ ფარერების მასშტაბის მალტასთან ორივე მატჩი ვერ მოიგო, სამაგიეროდ, სძლია შოტლანდიაზე გაცილებით ძლიერ ხორვატიას და ორივე შეხვედრა არავისთან დაუთმია. ტოპმიოლერმა ორივე მატჩი წააგო ლიტვასთან, რომლის მეზობელ ლატვიასთანაც ქეცბაიამ ოდნავ მეტს, ერთ ქულას მიაღწია. საბერძნეთთან სტუმრად მიღწეული ფრეც ოდნავ უკეთესი შედეგია, ვიდრე ტოპისდროინდელი საშინაო ყაიმი უკრაინასთან.

ახლა თავად შეგიძლიათ იმსჯელოთ, ამ ორიდან რომელმა მწვრთნელმა ჩაატარა უკეთესი ციკლი, თავად განსაჯეთ, მალტასთან ფრე უფრო დიდი სირცხვილია თუ ლიტვასთან ორივე წაგება, ხორვატიის მინიმალურად დამარცხება უფრო დიდი მიღწევაა თუ ფარერული 6:0.

ტოპმიოლერს ჰყავდა უკეთესი შემადგენლობა, ვიდრე ჰყავს ქეცბაიას, სამაგიეროდ, ამ უკანასკნელს ჰყავს ორი საიმედო მეკარე, როცა გერმანელის გუნდმა მეკარის უხეში შეცდომებით არაერთი ქულა დაკარგა. და თავისი მნიშვნელობით რით აღემატება კარგი თავდამსხმელი ან შემტევი ნახევარმცველი დამაჯერებლად მოთამაშე კიპერს? არც არაფრით.

რა მოგვიტანს შედეგს?
სათამაშო სტილზე დავა კი დიდხანს შეიძლება. რასაკვირველია, ქართველ ფეხბურთელებს შეტევის სიყვარული გენეტიკურად მოსდგამთ, მაგრამ ისიც აშკარაა, რომ დღესდღეობით უკანა ხაზში საქმე უკეთ გვაქვს.

მწვრთნელების უმრავლესობა საკუთარი გუნდის ტაქტიკა-სტრატეგიას შემადგენლობიდან გამომდინარე განსაზღვრავს. ილუზიებს თავი დავაღწიოთ და ვაღიაროთ, რომ საქართველოს ნაკრები საშუალოზე დაბალი დონის გუნდია, ასეთები კი უმეტესად "მეორე ნომრად" თამაშს ამჯობინებენ. ვის არ სიამოვნებს სანახაობა, მაგრამ მთავარია ტაბლო და მხოლოდ იმაზე შეიძლება დავა, როგორი სტილი მოგვიტანს უკეთეს შედეგს.

საკითხს ამ კუთხით რომ შევხედოთ, ძალიან გაგვიჭირდება არგუმენტირებული პასუხის გაცემა კითხვაზე - რა რესურსები გვაქვს საიმისოდ, რომ შემტევი ფეხბურთი ვითამაშოთ? ჩვენ არ გვყავს მაღალი დონის თავდამსხმელი და გვაქვს შემტევი ტიპის ნახევარმცველების დეფიციტი. გვყავს დავით თარგამაძე, ჯანო ანანიძე და ორი წლის უთამაშებელი ლევან ყენია. თუ რამდენიმე თვეში ყენიაც კარგ ფორმაში იქნება, ანანიძეც მოუმატებს და თარგამაძე, მინიმუმ, დღევანდელ კონდიციებს შეინარჩუნებს, მხოლოდ შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ, რომ "პირველი ნომრობა" ძალგვიძს.

დრო და ფული
ტოპმიოლერსა და ქეცბაიას საფეხბურთო გემოვნება და ფეხბურთელებთან და მედიასთან ურთიერთობის სტილი ერთმანეთისგან კარდინალურად განსხვავდება, თუმცა მათ ორი რამ აერთიანებთ - საქართველოში გატარებული დრო და გასაიდუმლოებული ხელფასი.

ვფიქრობ, ნაკრების მთავარი მწვრთნელი ქვეყანაში უფრო მეტი ხნით უნდა ჩერდებოდეს, ვიდრე ქეცბაია ჩერდება. თემურმა ერთხელ თქვა, უქმად არც საზღვარგარეთ ვარ და ლეგიონერებს ვაკვირდებიო. ბუნებრივია, ესეც აუცილებელია, მაგრამ ვფიქრობ, ბალანსი აქ ყოფნის სასარგებლოდ შეცვლას საჭიროებს.

"ტოპმიოლერი გავაგდეთ, ცუდი შედეგი ჰქონდაო, ქეცბაიას კი ახალი ოთხწლიანი კონტრაქტი გავუფორმეთ და მომავალ, შედარებით ძლიერ ჯგუფში შედეგს არ ვთხოვთ. სადაა ლოგიკა?!" - ამ შეკითხვასაც მუჯირი სვამს და ისევ სანახევროდ დავეთანხმები. შედეგი მწვრთნელს ყოველთვის მოეთხოვება და ეს შედეგი საქართველოსთვის მაინცდამაინც ფინალურ ეტაპზე გასვლა არ არის, ტოპმიოლერს კი, შეგახსენებთ, ციკლის დასრულების შემდეგ ახალი კონტრაქტი გაუფორმეს, მაგრამ შინ ლატვიასთან და სტუმრად ჩრდილოეთ ირლანდიაში განცდილმა სამარცხვინო მარცხებმა დაგვანახა, რომ გერმანელმა გუნდზე ყოველგვარი კონტროლი დაკარგა.

დემოკრატიულ ქვეყნებში საჯარო პირების ანაზღაურებას არ ასაიდუმლოებენ, ჩვენს საფეხბურთო სამყაროში კი ამ თემას ტაბუ ადევს. საქართველოში პრეზიდენტისა და მინისტრების ხელფასები არ არის გასაიდუმლოებული და ყველას აქვს უფლება, იცოდეს, რამდენს უხდიან მისი ქვეყნის ეროვნული ნაკრების თავკაცს - ეს ნამდვილად არ არის ის შემთხვევა, როცა "სხვის ჯიბეში იხედები".

იძულებულნი ვართ, მოარული ხმებით ვიმსჯელოთ, რის მიხედვითაც ქეცბაიას წლიური ხელფასი შვიდნიშნა რიცხვით განისაზღვრება. თუ მართლა ასეა, გვაქვს უფლება ვიკითხოთ - სჭირდება კი საქართველოს დღევანდელ ნაკრებს მაღალანაზღაურებადი სპეციალისტი? ხომ არ შეიძლებოდა, ან უფრო "იაფი" მწვრთნელი მოგვეწვია, ან ამ თანხად სხვა გვეპოვა? სად არის ის ხალხი, ამ თემაზე ხმას რომ არ იღებს, არადა, ახლო წარსულში მწვრთნელისთვის განკუთვნილი ფულის ბავშვთა ფეხბურთში "ჩადებაზე" აპელირებდა? ხომ არ არის ეს ორმაგი სტანდარტი, რომლის თანახმადაც, ქართველს "რაღაც-რაღაცები" არ უნდა შეახსენო, უცხოელი კი, ზუსტად იმავეს გამო, ჯვარს უნდა აცვა?

არავის საქმე არ არის, ტოპმიოლერმა აქ აღებული ფულით ვენახი გააშენა თუ ლას ვეგასში იგრიალა. მას ჩვენგან არაფერი მოუპარავს და ამ ფულზე პასუხი იმას უნდა მოეკითხოს, ვინც კლაუსს მილიონები გადაუხადა და გული არც მის საეჭვო კვალიფიკაციის ძმას, ჰაინცსა და რალფ მინგეს დასწყვიტა. რომელი სულელი იტყვის ასეთ მიმზიდველ წინადადებაზე უარს? თუ უცხოელი ვალდებულია, აქ ნაშოვნი ფული აქვე დახარჯოს და მშობლიური სოფლის ნაცვლად, ვენახი კახეთში გააშენოს?

ასევე არავის ეკითხება, სად წაიღებს ქეცბაია საკუთარ ხელფასს. მის მიერ კვიპროსზე საფეხბურთო აკადემიის გახსნა ქართულ ფეხბურთს არაფერს შესძენს, მაგრამ რატომაა ქეცბაია ვალდებული, რომ ფული ქართულ ბავშვთა ფეხბურთში ჩადოს? საფეხბურთო აკადემია ქველმოქმედება კი არა, ბიზნესია და იქნებ აქაურმა მაგალითებმა ქეცბაია დაარწმუნა, რომ ფეხბურთში ჩადებული ინვესტიცია ქარს მიაქვს?

კრიტიკა და თვითკრიტიკა
ზემოთ მედიასთან და ფეხბურთელებთან ქეცბაიას ურთიერთობა ვახსენეთ და ეს თემაც გავშალოთ.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ნებისმიერ, თუნდაც ყველაზე მწვავე შეკითხვას გაუღიზიანებლად და, რაც მთავარია, ადეკვატურად უნდა უპასუხოს. თემურს, ჩვენი საფეხბურთო მოღვაწეების აბსოლუტური უმრავლესობისგან განსხვავებით, სიყალბე არ სჩვევია და, თუ საკუთარი შეცდომების ნაწილს მაინც აღიარებს და კითხვის ავტორის მიმართ შეტევაზე არ გადავა, ქომაგთა გულებს აუცილებლად მოიგებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არაერთი გულშემატკივრის კეთილგანწყობას დაკარგავს, რისი ტენდენციაც "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ტელეეთერით მისი გამოსვლის შემდეგ ქართულ ინტერნეტ-სივრცეში უკვე შეიმჩნევა.

ქეცბაიამ თავად თქვა, რომ ინგლისსა თუ საბერძნეთში მედია მწვრთნელს "წურავს". კარგია, ეს რომ ახსოვს. საქართველოში, სადაც იგი ფეხბურთელობის დროინდელი ღვაწლის გამო საყოველთაო სიყვარულით სარგებლობს, მის წნეხში მოქცევას არავინ აპირებს, ჩვენ მხოლოდ ის გვინდა, რომ მან საწინააღმდეგო აზრს პატივი სცეს და უფრო მეტად თვითკრიტიკული იყოს, რაც ისევ თავად მას და საერთო საქმეს წაადგება.

დარწმუნებული ვარ, თემურისთვის საქართველოს ნაკრები ბოლო სამუშაო ადგილი არ იქნება და ერთი წუთით წარმოიდგინოს, რომ წლების შემდეგ ინგლისში რომელიმე პრემიერლიგურ კლუბს წვრთნის. ჩვენზე კარგად იცის, რომ იქ მას მედია ერთ გადაბრუნებულ სიტყვასაც არ შეარჩენს და თავბედს აწყევლინებს.

"კიდევ მოვალ გადაცემაში, ოღონდ არავინ დარეკოს", - შესთავაზა ქეცბაიამ გადაცემის წამყვან დავით მინაშვილს. ესეც გამაოგნებელია, რადგან ნაკრების მწვრთნელი ანგარიშვალდებულია ნებისმიერ, თუნდაც ფეხბურთში არცთუ გარკვეულ ქომაგთან და მის თუნდაც არაკომპეტენტურ შეკითხვას კომპეტენტური პასუხი უნდა გასცეს.

"მაგინებენ" - არაერთხელ თქვა ქეცბაიამ ეს სიტყვა, რაშიც, იმედია, არა ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობა, არამედ კრიტიკა იგულისხმა. თემურს, რომელიც ნაკრებში ყოველთვის თავდაუზოგავად და ჯიგრით თამაშობდა და ცხოვრების წესიც სამაგალითო ჰქონდა, ქართველებისგან გინება არასდროს დაუმსახურებია და ერთეულების გარდა, არც არავინ ლანძღავს, აი, რაც შეეხება კრიტიკას, ამის უფლება ნებისმიერს აქვს - მასაც, ვისაც "ნიუკასლის" დონის კლუბში არ უთამაშია, მასაც, ვინც საქართველოს ჩემპიონატის დონეს არ გასცდენია და მასაც, ვისაც ფეხბურთი საერთოდ არ უთამაშია.

ასე რომ, ის შეურაცხმყოფელი სიტყვები, რაც ქეცბაიამ მუჯირის მისამართით გამოიყენა, არავითარ ეთიკაში არ ჯდება და მეტისმეტად უარყოფითად აისახება ნაკრების მწვრთნელის იმიჯზე.

არც ის იყო სასიამოვნო, მალხაზ ასათიანზე რომ თქვა, მაგას მოსკოვს იქით წასვლა არ უნდა და მე რა ვქნაო. უმჯობესი იქნება, ნაკრების მთავარი მწვრთნელი იმის ნამდვილი მიზეზით დაინტერესდეს, თუ რატომ აღარ თამაშობს ფეხბურთს ნაკრების ყოფილი ლიდერი.

(გაგრძელება იქნება)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
შედეგი მწვრთნელს ყოველთვის მოეთხოვება და ეს შედეგი საქართველოსთვის მაინცდამაინც ფინალურ ეტაპზე გასვლა არ არის.......

ამას როგორ წერ? არ გრცხვენია?
Aleqsa
18:01 01-12-2011
0
Q
ქეცბაია რაც უფრო მალე დატოვებს თავის პოსტს მით უფრო შეინარჩუნებს ქართველების სიყვარულს და პატივისცემას, არადა მუდმივად საგინებლად დარჩება მისი საქართველოს ნაკრებში მუშაობის პერიოდი, აქამდელიც და მომავალი 4 წლისაც...დათიქრდით ბატონო თემურ, ნუ დახარბდებით საქართველოს ფედერაციის უაზრობით გასროლილ მილიონებს... ფულს კიდევ იშოვით, ნაკრები დაგვიბრუნეთ, და მომვლელს ვუპოვით როგორმე... მშვიდობით წადით, წინ დაგხვდებათ ეს სიკეთე... არა ხართ თქვენ საქართველოს ნაკრების მწვრთნელობის ღირსი.
Jigaro
20:20 01-12-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული