ჩვენი საფიქრალის ნაკრები (დასასრული)

AutoSharing Option
2011 წელი საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებით დაიწყო და სავალალოდ დასრულდა, საფეხბურთო ცხოვრება კი გრძელდება - თემურ ქეცბაიას ახალი კონტრაქტი გაუფორმეს და მომავალი შემოდგომიდან 2014 წლის მუნდიალის შესარჩევ ტურნირში ჩავებმებით.

დიდი აჟიოტაჟი და კამათი, რაც ჩვენს ეროვნულ გუნდსა და მის მთავარ მწვრთნელს უკავშირდება, გაისადაც გაგრძელდება და შეკითხვათა დიდ ნაწილს ნაკრების შედეგები უპასუხებს. მანამდე კი, თითოეულ ჩვენგანს შეუძლია მსჯელობა იმის თაობაზე, ვინ რაშია მართალი.

წინასაახალწლო პერიოდში საფეხბურთო ვნებები შედარებით დამცხრალია და, ვფიქრობ, სწორედ ეს პერიოდია ზედგამოჭრილი საიმისოდ, რომ ემოციებისა და პირადი სიმპათია-ანტიპათიის გვერდზე
გადადებით შევაფასოთ ყველა ის მოვლენა და მოსაზრება, რაც ბოლო დროს დაგროვდა.

დასასრული (იხილეთ დასაწყისი)

ნაკრებისთვის მეტი დათმეთ
გოგიტა გოგუას გაგდება ეროვნული გუნდიდან - ქეცბაიას სანაკრებო საქმიანობიდან, ალბათ, ყველაზე საჭირბოროტო და თანაც, ბურუსით მოცული თემაა. რამდენიმე ვერსია არსებობს იმის შესახებ, თუ რა მოხდა ისრაელში გამგზავრების დღეს ეროვნულ სტადიონზე. ყველაზე გავრცელებული ვერსია ის არის, რომ გოგუამ მწვრთნელის დავალება უგულოდ შეასრულა, რასაც ქეცბაიას მძაფრი რეაქცია მოჰყვა და მან და გოგუამ ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

მოკლედ, ფაქტია, რომ გოგუას ნაკრებსმიღმა დარჩენა ერთი კონკრეტული ინციდენტის შედეგია და ვერაფრით დავიჯერებთ ქეცბაიას ვერსიას - იმიტომ გავუშვი, რომ მისი შესრულებით გოლი და საგოლე პასი ვერ ვნახეო. ეს დაუჯერებლად იმიტომ გვეჩვენება, რომ კონფლიქტის წინა დღეს გოგუამ ხორვატიასთან ითამაშა, სხვათა შორის, რიგიანად, თუმცა საკუთარ სტატისტიკურ მონაგარს ვერაფერი შემატა.

თუ ფეხბურთელის შესაძლებლობები მხოლოდ გოლით და შედეგიანი გადაცემით იზომება, მაშინ ქეცბაიას პრეტენზიები ნაკრების წევრთა უმრავლესობის მიმართ უნდა ჰქონდეს - მოკლედ, ნაკრების მწვრთნელმა მეტისმეტად დაუჯერებელი ვერსია შემოგვთავაზა.

ძალიან ცუდია, თუ ქეცბაიამ გოგუას პირადი შეურაცხყოფა მიაყენა. ეს დამთრგუნველად სხვა ფეხბურთელების ფსიქიკაზეც იმოქმედებდა.

თემურმა ისიც თქვა, გოგუასთან კონტაქტი ვერ დავამყარეო - ეს კი ნამდვილად მჯერა. გოგიტას რომ რთული ხასიათი აქვს, ყველასთვის ცნობილია და ნამდვილად არ არის გასაკვირი, რომ ნაკრების თავკაცმა მასთან საერთო ენა ვერ გამონახა.

ისიც ფაქტია, რომ ქეცბაია არ არის ნაკრების პირველი მწვრთნელი, რომელმაც გოგუა გუნდიდან დაითხოვა - მანამდე იგივე ტოპმიოლერმა და კუპერმაც გააკეთეს. იმასაც გაგახსენებთ, რომ მეტისმეტი უხეშობის გამო გოგუა "დინამოს" ყოფილმა თავკაცმა გია გეგუჩაძემ სინჯებზე გამართული პირველივე მატჩისას დაიწუნა.

მწვრთნელი არ არის ვალდებული, გუნდის თითოეულ ფეხბურთელს მოერგოს - უფრო პირიქით უნდა იყოს, მით უმეტეს, ეროვნულ ნაკრებში, სადაც ბევრს ავიწყდება ხოლმე, რომ ქვეყნის ღირსებას იცავს და პირადი ამბიციები გვერდზე უნდა გადადოს. ფეხბურთელმა არც იმაზე უნდა გამოთქვას პრეტენზია, რომ მწვრთნელმა მისთვის არასასურველ პოზიციაზე გაამწესა. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ქეცბაია ყოველთვის სწორ საკადრო გადაწყვეტილებებს იღებს, მაგრამ ფეხბურთელები მასთან კამათით (თუნდაც რაიმეს თხოვნით) ვერაფერს მოიგებენ და საერთო საქმეც ფუჭდება.

ძალიან გამიკვირდება, გოგუამ ქეცბაიას ნაკრებში ოდესმე კიდევ ითამაშოს. მას ურთიერთობა უკვე არაერთ მწვრთნელთან გაჰფუჭებია და ამით, უპირველესად, საკუთარ კარიერას ავნო.

გოგიტას კარიერაში იყო ორი მწვრთნელი, რომლებმაც მასთან კონტაქტიც შესანიშნავად დაამყარეს და გუნდისთვის უაღრესად სასარგებლო ფეხბურთელადაც აქციეს - გიორგი დევდარიანი და რუსი იური კრასნოჟანი. ძალიან ძნელი წარმოსადგენია, ეს უკანასკნელი ოდესმე საქართველოს ნაკრების თავკაცი გახდეს, დევდარიანი კი, პირიქით, არცთუ შორეულ მომავალში, ალბათ, ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელობის ერთ-ერთი რეალური კანდიდატიც იქნება - ოღონდ, ვფიქრობ, იმ დროისთვის გოგუა უკვე იმ ასაკისა იქნება, რომ ნაკრებისთვის სარგებლობის მოტანას ვეღარ შეძლებს.

ფეხბურთს თამაშობენ თვინიერი ვარსკვლავებიც და ეგრეთ წოდებული "ცუდი ბიჭებიც". ამ უკანასკნელებს გონიერი მწვრთნელი ჩინებულად იყენებს, მაგრამ გუნდში მათ არავინ გააჩერებს, თუ ერთსა და იმავე სისულელეს გაუთავებლად სჩადიან. ფეხბურთის ისტორიას ახსოვს სწორ გზაზე დამდგარი მძიმე ხასიათის ფეხბურთელებიც და გუნდიდან კინწისკვრით გაგდებული კაშკაშა ვარსკვლავებიც - სხვა რომ არაფერი გავიხსენოთ, ისიც საკმარისია, როგორ ესროლა სახეში ბუცი სერ ალექს ფერგიუსონმა მადრიდის "რეალში" მიმავალ დევიდ ბექჰემს და როგორი შეურაცხმყოფელი სიტყვებით გააგდო ფაბიო კაპელომ იმავე "რეალიდან" ლეგენდარული ბრაზილიელი რონალდო.

ქეცბაიას გუნდის მიღმა ისეთი უპრეტენზიო, მაგრამ ნაკრებისთვის სასარგებლო ფეხბურთელიც აღმოჩნდა, როგორიც დავით სირაძეა. მწვრთნელი და მოთამაშე ურთიერთგამომრიცხავ ისტორიებს ჰყვებიან და ძალიან ცუდია, რომ სიმართლეს რომელიმე მხარე მალავს.

ვშიშობ, ნაკრებიდან წასული მნიშვნელოვანი ფეხბურთელების რაოდენობა მალე პერმანენტულად არ გაიზარდოს და საშიშ ტენდენციაში არ გადაიზარდოს. თუ ნაკრების წევრებს ქეცბაიასთან ურთიერთობა უჭირთ, ეს ახლავე უნდა ითქვას, თორემ ურემი ძალიან, ძალიან მალე გადაბრუნდება.

ვიღაცებს ჯერაც ვჯობივართ
მუჯირი წერს: "საქმე კი იმაშია, რომ ქეცბაიამ კარგად იცის, ნებისმიერი კონფლიქტი, რომელმაც გუნდს საბედისწეროდ ავნო, უკვე მწვრთნელის შეცდომად ითვლება, და ამიტომ იგი ყველგან და ყველაში ეძებს წაგების მიზეზებს, საკუთარი თავის გარდა".

დავითს ამაში დავეთანხმები. ფაქტია, რომ მაღალი დონის ფეხბურთელების კატასტროფული დეფიციტი გვაქვს, მაგრამ საქართველოს ჯერაც ჰყავს ლატვიაზე უკეთესი ფეხბურთელები და ვალდებულები ვიყავით, ცხრილში მასზე მაღალი ადგილი დაგვეკავებინა. ქეცბაიას ვერც იმაში დავეთანხმები, რომ ლატვიასთან შინ ათწლეულის საუკეთესო მატჩი ჩავატარეთ.

სამაგიეროდ, არ ვფიქრობ, რომ მუჯირი ნაკრებს გააძლიერებდა, რადგან მისი პიროვნებისადმი ღრმა პატივისცემის მიუხედავად, მგონია, რომ ეროვნული გუნდისთვის მნიშვნელოვან ფეხბურთელად ვერ იქცა მაშინაც კი, როცა უფრო ახალგაზრდა იყო და "ჰიროშიმაზე" უკეთეს გუნდებში თამაშობდა.

რაც შეეხება მუჯირის მოსაზრებას, რომ ქეცბაია რესურსის მხოლოდ 10 პროცენტს იყენებს, ვერც ამას გავიზიარებ და უფრო პირიქით მგონია: ნაკრების მთავარ მწვრთნელს 10 პროცენტისთვისაც ვერ მიუგნია - დღეს სულ ეს ვართ, რაც ვართ.

უარესიდან ცუდისკენ
ისტორიამ გვიჩვენა, რომ ნაკრებს მკაცრი მწვრთნელი სჭირდება და აშკარად იგრძნობა, რომ ქეცბაიას გუნდში მეტი დისციპლინაა, ვიდრე მისი წინამორბედებისაში. მჯერა, მატჩისას აღარ განმეორდება ისეთი ფაქტი, როგორიც ტოპმიოლერის მწვრთნელობისას მოხდა - ტელეეკრანიდან გარკვევით გაისმა, როგორ თქვა შეცვლილმა (დღეს უკვე ვეტერანმა) ფეხბურთელმა, რატომ შემცვალა ამ ყ..-მო. თუმცა, არც ისე უნდა მოხდეს, რომ იგივე სიტყვა მწვრთნელმა იხმაროს ფეხბურთელის მისამართით. მოკლედ, ოქროს შუალედის პოვნა აუცილებელია და ძალიან მინდა, მჯეროდეს, რომ ქეცბაია ამას შეძლებს.

რაც შეეხება გოგუას, სირაძისა და მუჯირის კომენტარებს, კარგია, რომ მათ პრობლემებზე თვალი არ დახუჭეს, მაგრამ ძალიან მეეჭვება, რომელიმე მათგანს სიტყვა დაეძრა, ნაკრებს შესარჩევ ჯგუფში თუნდაც მესამე ადგილი რომ დაეკავებინა. სირაძე ნაკრებსმიღმა სულ ახლახან დარჩა, გოგუა და მუჯირი კი მტკივნეულ საკითხებზე მხოლოდ ციკლის ჩამთავრების შემდეგ ალაპარაკდნენ.

ციკლის ქეცბაიასეულ შეფასებას კი, არა მგონია, დიდი კამათი სჭირდებოდეს - მან თქვა, რომ ნაკრებმა უკეთ ითამაშა წინა შესარჩევთან შედარებით და წარმატებაც შედარებითია. ეს ციკლი არ ყოფილა კატასტროფული, ბოლოსწინა ადგილი, უბრალოდ, ცუდი შედეგია.

ვეტერანები ისევ სდუმან
ვერავინ დამარწმუნებს, რომ ქეცბაიამ ვეტერანებს რაიმე უსამართლოდ უთხრა - თუნდაც იმიტომ, რომ მას არც იქვე და არც მედიით არგუმენტირებული პასუხი ვერავინ გასცა. ცხადია, ქართულ ფეხბურთს ღირსეული ვეტერანებიც ჰყავს, რომელთა ნაწილიც მას ერთგულად ემსახურება, ნაწილი კი, თუ არაფერს აკეთებს, არც აფუჭებს.

სამაგიეროდ, მრავლად არიან ისეთები, რომლებიც ქართულ ფეხბურთში წლების განმავლობაში გამეფებულ განუკითხაობაზე ხმას არ იღებდნენ და ჩვეული კონფორმიზმით ფეხბურთის ფედერაციის ყველა ხელმძღვანელობის ტაშის დამკვრელები იყვნენ და არიან, რის სანაცვლოდაც პირადი ბიზნესებიც აიწყვეს. ზოგი ჯერაც ვერ მიმხვდარა, რომ მისი მწვრთნელობის დრო ისტორიას ჩაბარდა და საკუთარ თავს მაინც უტიფრად სთავაზობს კლუბებისა თუ ფედერაციის პრეზიდენტებს, ზოგმა კი საფეხბურთო აკადემიისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე ბაზრობა მოაწყო.

მოვუგეთ, მაგრამ გაგვისწრეს
ქეცბაიას ვერ მოვედავებით იმაში, რომ მომავალ შესარჩევ ეტაპზე ვერაფრის გარანტიას ვერ გვაძლევს - "სიკვდილის ჯგუფიდან" კი არა, საქართველოს ნაკრები შედარებით სუსტი მეტოქეების გარემოცვაშიც არ ყოფილა ახლოს ფინალურ ეტაპთან, ცრუ დაპირებები და უსაფუძვლო პიარი კი ხეირს ვერ დაგვაყრის. ეს იმას არ უნდა ნიშნავდეს, რომ ქეცბაია აუცილებლად უნდა დარჩეს ნაკრებში ევრო-2016-ის შესარჩევ ტურნირშიც - მან ძლიერ ჯგუფშიც უნდა დაამტკიცოს, რომ მისი ხელმძღვანელობით გუნდი ვითარდება, თუნდაც იმ დონეზე, რა დონეზეც წლეულს სომხეთის ნაკრები განვითარდა, რომელმაც, სხვა რომ არაფერი, მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე სლოვაკეთს ორი მატჩის ჯამში 7:1 აჯობა.

"სომხეთს ხომ მოვუგეთ?!" - თქვა ქეცბაიამ ტელეეთერით, არადა, დარწმუნებული ვარ, თავადაც ერჩივნა, სომხეთთან ამხანაგური მატჩი წაგვეგო და, მეზობლების მსგავსად, ჯგუფში მესამე ადგილი დაგვეკავებინა, თან ისე, რომ საპლეიოფო შანსი ბოლო ტურამდე შეგვენარჩუნებინა.

ქეცბაიამ ასევე ძალიან არადამაჯერებელი პასუხი გასცა შეკითხვას: რატომ მივიდა პლეი ოფამდე ჩვენზე სუსტი შემადგენლობის ესტონეთი? პასუხი იყო - სწორი ფეხბურთისა და სათამაშო დისციპლინის ხარჯზეო. და ვის ევალება, რომ სწორი ფეხბურთიც ათამაშოს და გუნდში სათამაშო დისციპლინაც დაამყაროს? მწვრთნელს ხომ არა?

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
დიდი მადლობა ბატონო ლევან, ძალიან რთული იქნებოდა ამაზე ზუსტი და ობიექტური სტატიის დაწერა! ეს სტატია უდავოდ წაადგება ჩვენს ფეხბურთს.
Tornike
16:08 02-12-2011
0
კარგი სტატიაა-საქმეში ჩახედული ადამიანის მიერ დაწერილი.
mimino
11:42 03-12-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული