მეტოქე: ბელარუსი გიორგი კონდრატიევს ჩააბარეს

AutoSharing Option
მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ჩვენი ეროვნული გუნდის მეტოქეს, ბელარუსის ნაკრებს გუშინ ახალი მთავარი მწვრთნელი დაუნიშნეს - გიორგი კონდრატიევი, გასული საუკუნის 80-იანი წლების მინსკის "დინამოსა" და საბჭოთა კავშირის ნაკრების თავდამსხმელი.

მანამდე ბელარუსებს 5 წლის განმავლობაში ბერნდ შტანგე ავარჯიშებდა. დასრულებულ შესარჩევ ციკლში გერმანელის თავკაცობით ბელარუსმა ჯგუფის 10 მატჩში 13 ქულა დააგროვა და მეოთხე ადგილი დაიკავა. ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ შტანგეს მუშაობა არადამაკმაყოფილებლად შეაფასა და მისი სამსახური აღარ ისურვა.

51 წლის კონდრატიევი ეროვნულ გუნდს ოთხი წელი გაწვრთნის. იგი 2009 წლიდან ქვეყნის ახალგაზრდულ
ნაკრებს ავარჯიშებდა, მისმა შეგირდებმა 2011 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გააღწიეს და მესამე ადგილი დაიკავეს. გარდა ამისა, ლონდონის 2012 წლის ოლიმპურ თამაშებში მონაწილეობის უფლებაც მოიპოვეს.

გუშინვე, პრესკონფერენციაზე კონდრატიევმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

- ჩემთვის ყველაზე პრინციპული იყო ნაკრებში მუშაობის ხანგრძლივობის საკითხი. გადაწყდა, რომ გუნდს ორი ციკლი გავწვრთნი. ახალგაზრდული და ეროვნული ნაკრებების მწვრთნელობის შეთავსებაში პრობლემას ვერ ვხედავ. მხოლოდ თებერვალში ემთხვევა ამ ორი გუნდის თამაშები.

ძლიერ ჯგუფში მოვხვდით, მაგრამ ბიჭების შესაძლებლობებს კარგად ვიცნობ და მიმაჩნია, რომ ისინი ვერ გაიხსნენ, მათ მეტი პოტენციალი აქვთ. გუნდი ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფში აუცილებლად უნდა გასულიყო. შევეცდები, ფეხბურთელები დავმუხტო და ჯგუფიდან გასვლის იმედი ჩავუნერგო. თუ ამ ციკლში არა, შემდეგში მაინც.

- თქვენ გიცნობთ როგორც რევოლუციონერ მწვრთნელს, გუნდში რას შეცვლით?
- რევოლუცია არ იქნება. შტანგეს შემუშავებულ დაცვით სქემებს დავტოვებ, ნახევარდაცვასა და თავდასხმაში კი რაღაც უნდა მოვიფიქროთ. შევეცდებით, აქცენტი გრძივ გადაცემებზე გავაკეთოთ და არა განივებზე. დღეს ძალიან ბევრი ცდილობს "ბარსელონას" მიბაძვას და, სხვათა შორის, წარუმატებლად. ჩვენ ამ გზით არ წავალთ.

- "ბატეს" ბრაზილიელი ნახევარმცველის, რენან ბრესანის ნატურალიზაციისა და ნაკრებში მიწვევის შანსი თუ არსებობს?
- შანსი ძალიან დიდია! საიდუმლოს გაგიმხელთ - მისი ნატურალიზაციის იდეა მე მეკუთვნის. ამასთან, ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის, ალექსანდრე გლების დიდი იმედიც მაქვს.

- შესარჩევ ციკლში მიზნად რას ისახავთ?
- რომ ვთქვა, პლეი ოფში მოსახვედრად ვიბრძოლებთ-მეთქი, ყალთაბანდად ჩამთვლით. ჩინებული შედეგი იქნება მესამე ადგილი. თუმცა ყველა მატჩში ვიბრძოლებთ.

- იზიარებთ თუ არა აზრს, რომ ნაკრების თავდასხმაში კრიზისია?
- დიახ, ასეა. ეს პრობლემა ახალგაზრდული ნაკრებების მწვრთნელებმა უნდა მოაგვარონ, ეროვნულში უცებ ვერაფერს მოვახერხებთ.

- ფეხბურთელებს მაგარ-მაგარი სიტყვებით შეამკობთ?
- მე იშვიათად ვიგინები, ასე მხოლოდ მათ ვამკობ, ვისაც თამაში ეზარება.

- ნაკრები შემოდგომაზე სად ითამაშებს?
- ეს ჯერ უცნობია. რა თქმა უნდა, სასურველი იქნებოდა, მეტოქეები მინსკში მიგვეღო, მაგრამ დედაქალაქში არ გვაქვს სათანადო სტადიონი, სადაც ესპანეთსა და საფრანგეთს ვუმასპინძლებთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული