ლევან კობიაშვილი: დიდი ხანია, ვფიქრობ, წავიდე თუ არა ნაკრებიდან

AutoSharing Option
ლევან კობიაშვილმა საქართველოს ნაკრებში ყველაზე მეტი, 100 მატჩი ითამაშა, რაც პატარა საქმე ნამდვილად არ არის.

იგი ყოველთვის გამოირჩეოდა სტაბილურობით, ყოველთვის გულიანად აკეთებდა საქმეს. ალბათ, არავის უნახავს მისი ქედმაღლობა და ამის გამოც ის განსაკუთრებულად უყვარს გულშემატკივარს.

ლევანმა საფეხბურთო კარიერაში ბევრი ნახა, არცთუ ცოტას მიაღწია და ისევ აგრძელებს თამაშს.

კობიაშვილის რეგალიების ჩამოთვლას არ შევუდგებით - 100 თამაში დასასრული ნამდვილად არ არის, უბრალოდ, უკან მოტოვებული დიდი ნაწილია იმ საქმის, რაც მან კარგად იცის.

ის ახლა ბერლინის "ჰერტას" ფეხბურთელია, უკვე მერამდენე სეზონია, ბუნდესლიგაში თამაშობს,
თუმცა ამჯერად მას გერმანულ ამბებზე არაფერი ვკითხეთ - მან ხომ წლეულს მეასე "კეპი" მოინაგრა.

მას არ უყვარდა მკვეთრი განცხადებების გაკეთება, ახლა კი, ალბათ, უფრო თამამად ამბობს სათქმელს.

- 100 სანაკრებო თამაში - როგორი ემოციით შეხვდი ამ მონაგარს?
- როგორ გითხრათ... რაღაც განსაკუთრებული სიამაყის გრძნობა ნამდვილად არ მაქვს, ნაკრებში ჩატარებული ასი შეხვედრის გამო თავაწეული დავდივარ-მეთქი, ასე არ არის. იყო ისეთი სანაკრებო თამაშებიც, ბედნიერების წუთები რომ მოჰქონდა და კარგია, რომ ეს შევძელი.

- ანუ ასი თამაშიდან უმრავლესობა ისეთი იყო, მოედანს თავაწეული რომ ვერ ტოვებდი.
- ალბათ, ამიტომაც შინაგანად განსაკუთრებულ ემოციებს ვერ ვგრძნობ. წინა შესარჩევში ხორვატიას რომ მოვუგეთ, ასეთი მატჩი ბევრი არ ყოფილა და როცა საქართველოს ნაკრებზეა ლაპარაკი, თავს უხერხულადაც კი ვგრძნობ. მოკლედ, მიჭირს სწორი სიტყვების მოძებნა ას სანაკრებო თამაშზე.

- იმაზეც ძნელია სწორი სიტყვების მოძებნა, რაც ბოლო დროს ხდება ქართულ ფეხბურთში და საქართველოს ნაკრების ირგვლივ?
- კალაძის ნაკრებიდან წასვლა, ნაკრების ვეტერანი ფეხბურთელების თემა, დავით მუჯირის წერილი... სალაპარაკო მართლაც ბევრია და შესაძლოა, ამ ყველაფერზე ადრევე უნდა გამომეთქვა აზრი. ზოგჯერ უარი მითქვამს კომენტარზე, არ მიპასუხია ჟურნალისტის ზარისთვის, მაგრამ ამჯერად ალბათ საჭიროა, რომ რაღაც ითქვას.

- კალაძის ნაკრებიდან წასვლით დავიწყოთ.
- მიუღებელია ის კრიტიკა, რაც ფეხბურთელ კალაძეს დაატყდა. იმ ფორმაზე, თუ როგორ წავიდა ის ნაკრებიდან, ყველას საკუთარი აზრი აქვს და კალაძესაც აქვს უფლება, თვითონ აირჩიოს, პოლიტიკაში წავა თუ სხვა სფეროში. ამის გამო კალაძეზე სულ ის კი არ უნდა იძახონ, ნაკრებში ორი ავტოგოლი გაიტანაო. მან ფეხბურთში ძალიან ბევრს მიაღწია და თუ ვიღაცას ჰგონია, რომ ეს ცოტაა და კალაძე მადლობას არ იმსახურებს, ძალიან ცდება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, კახა მისაბაძი მაგალითია ახალგაზრდებისთვის - მან ხომ ყველაფერს საკუთარი შრომით მიაღწია.

- დავით მუჯირის ცნობილი წერილიც რეზონანსული გამოდგა. გამოითქვა ასეთი ვერსიაც - მუჯირი კობიაშვილის მეგობარია და ამ წერილით ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელის პოზიცია გაახმოვანაო.
- ჩემი და მუჯირის ურთიერთობა საფეხბურთო სამყაროში ყველამ იცის და გასაგებია, რომ ზოგს ასეთი აზრი გაუჩნდა. როცა ვესაუბრე, ვუთხარი, მე რომ ნაკრებში ვარ, ეს არაფერ შუაშია, ჩემ გამო ნუ მიიღებ ამ გადაწყვეტილებას-მეთქი. მუჯირის ამ წერილს არასასურველი რაღაცები მოჰყვა...

- რას გულისხმობ?
- ფეხბურთელი ვარ და კრიტიკა არაერთხელ მიმიღია. როცა ის გაკრიტიკებს, ვინც ფეხბურთშია და რეალურად იცის, რა ვითარებაა, ასეთი კრიტიკა გასაგებია და ამას შეურაცხყოფით არ უნდა უპასუხო. მეტს აღარ დავაკონკრეტებ, ფაქტია, რომ მუჯირს ზოგმა შეურაცხყოფით უპასუხა.

- კულუარებში არ წყდება იმაზე ლაპარაკი, რომ თემურ ქეცბაია ნაკრების ფეხბურთელებთან ურთიერთობაში ერთობ ხისტია.
- ჩემთვის ძნელია მწვრთნელზე ლაპარაკი. მე არასდროს მქონია პრობლემა მწვრთნელთან ურთიერთობაში. თუ რამე არ მომეწონება, ამას პირდაპირ ვეუბნები და ეს პრესაში არ გადამაქვს. ისე კი, სხვათა გარდა, ფელიქს მაგათთან მიმუშავია და არა მგონია, ვინმე მასზე ხისტი იყოს ურთიერთობაში.

- მივადექით ნაკრების ვეტერანების თემასაც. შენ და ქეცბაიას ამ საკითხზე არ გისაუბრიათ?
- არა, ასეთი საუბარი არ ყოფილა. ჯობს, ყველაფერს წერტილი დაესვას. ასე ვფიქრობ - რადგან ქეცბაია არ აკეთებს განცხადებას ნაკრების ვეტერან ფეხბურთელებზე, ალბათ, საჭიროდ მიიჩნევს, რომ ჩვენ ისევ ვითამაშოთ ეროვნულ გუნდში.

- 34 წლის ხარ, ფეხბურთში მრავლისმნახველი გეთქმის. საქართველოს ნაკრებს უწინდელზე გაცილებით ძლიერ ჯგუფში მოუწევს თამაში. თუ გუნდს არ აქვს ფინალურ ეტაპზე მოხვედრის შანსი, სანაკრებოდ რა მოტივაცია რჩება ლევან კობიაშვილს?
- დიდი ხანია, ვფიქრობ, წავიდე თუ არა ნაკრებიდან. ჩემთვის ეს არ არის ადვილი გადასაწყვეტი. კლუბში თამაში სულ სხვაა, იქ კონტრაქტი და კონკრეტული ვალდებულებები გაქვს, ნაკრებში კი, თუ საჭიროდ მიმიჩნევენ, თავს იმის უფლებას ვერ მივცემ, რომ არ ჩამოვიდე. ჩემი ასაკის მიუხედავად, ვარჯიშისა და თამაშისგან ისევ დიდ სიამოვნებას ვიღებ.

არ დამითვლია, რამდენი საათი გამიტარებია ვარჯიშებსა და თამაშებში, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ჩემი ცხოვრებაა. მიხარია ნაკრებში თამაშიც, ყოველი სანაკრებო მატჩისთვის ერთი თვით ადრე ვემზადები ფსიქოლოგიურად. რა თქმა უნდა, სანაკრებო შეხვედრებიდან ხშირად ცუდ ხასიათზე ვბრუნდები კლუბში, მაგრამ ხომ ყოფილა კარგი სანაკრებო მატჩები და ეს ცოტაც კი მიღვივებს ნაკრებში კვლავ თამაშის სურვილს.

- იმაზე თუ ჩამოყალიბდი, რას გააკეთებ ფეხბურთელის კარიერის შემდეგ?
- პოლიტიკა და სხვა რამ ჩემი საქმე არ არის. ფეხბურთელობის შემდეგ საქართველოში ჩამოვალ და ისევ ფეხბურთში ვიქნები, კონკრეტულად რას გაავკეთებ, ჯერ არ ვიცი, მთავარია, ისეთი გარემო შეიქმნას, ფეხბურთში დარჩენა შესაძლებელი იყოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
გაიხარე კობი. ყოველთვის ალალი და მართალი კაცი იყავი, ასეთივე ხარ მოედანზეც. სამომავლო წარმატებები შენს კარიერაშიც და პირად ცხოვრებაშიც. არ შეიძლება, რომ შენ ქართველ (და არამარტო) ქომაგს არ უყვარდე. გენაცვალე გვიყვარხარ კობიი!
rosoneri_95
16:15 29-12-2011
0
კობი ძალიან კარგი ადამიანი და ძალიან კარგი ფეხბურთელი ხარ
გიორგი
16:32 29-12-2011
0

სიახლეები პოპულარული