მაგრამ მცველები მაინც ძვირად ფასობენ, ხანდახან შემტევებზე უფრო ძვირადაც - მცველის ერთი შეცდომა ხომ ზოგჯერ მართლაც ძვირად უჯდება გუნდს.
ფეხბურთი უნივერსალიზმისკენ მიდის, რაც მცველის დიაპაზონს აფართოვებს და, შესაბამისად, უფრო ღირებულს ხდის ამ პოზიციას.
ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, შარშანდელ ამბავს გაგახსენებთ - რუსულმა "კრასნოდარმა" თურქული "ქაისერისფორიდან" ალექსანდრე ამისულაშვილი გადაიბირა და ოსმალოებს მის სანაცვლოდ სამი მილიონი ევრო ჩაუთვალა. ბრგე, ხისტი და
რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, როცა ქართველ ფეხბურთელში, თანაც, მცველში, მილიონებს იხდიან. ამისულაშვილი ბოლო წლებში მართლაც სტაბილურად თამაშობს, რაც შეუმჩნეველი ვერ დარჩებოდა.
მისი კარიერა კი ისე აეწყო, რომ თერთმეტჯერ მოუწია კლუბიდან კლუბში გადასვლამ. ამისულაშვილთანაც საუბარი აქედან დავიწყეთ...
- ფეხბურთელის კარიერაში რა არ ხდება, არიან ისეთებიც, უფრო მეტჯერ რომ გამოუცვლიათ კლუბი. შენს შემთხვევაში რით იყო ეს გამოწვეული?
- ყველაფერი ერთმანეთს დაემთხვა. ხუთ გუნდში იჯარით ვიყავი გაშვებული და კლუბის ხშირ ცვლაზე ამანაც მნიშვნელოვნად იმოქმედა. როცა ნალჩიკის "სპარტაკში" გადასვლის ვარიანტი გამოჩნდა, სამწლიან კონტრაქტს მოვაწერე ხელი, რადგან მობეზრებული მქონდა აქეთ-იქით სიარული.
- ჯერ კიდევ მაშინ, როცა 16 წლის იყავი, საფეხბურთო სამყარო კარგად გიცნობდა და პერსპექტიულ ფეხბურთელად გთვლიდა. თელავის "კახეთიდან" ქუთაისის "ტორპედოში" გადახვედი, თუმცა წარმატება მალევე არ მოსულა...
- ალბათ, ყველა ფეხბურთელს ჰქონდა ისეთი მომენტი, როგორიც მე - ძალიან ძნელია, 16-17 წლისამ სტაბილურად ითამაშო. "ტორპედოს" მაშინ დავით ყიფიანი წვრთნიდა, მასთან ზურაბ მაისურაძემ მიმიყვანა. ფეხბურთელი რომ ვარ, ერთ-ერთი მაისურაძეცაა, მნიშვნელოვანი წვლილი რომ მიუძღვის ამაში.
თავიდან კარგად მიდიოდა ყველაფერი, მერე სტაბილურობა ვერ "დავიჭირე", "ტორპედოს" კი მხოლოდ საჩემპიონო ამბიცია ჰქონდა. გუნდში 5-6 გამოცდილი, მაღალი კლასის მცველი მოგროვდა და ჩემთვის იქიდან წამოსვლა სწორი გადაწყვეტილება იყო. ნახევარწლიანი იჯარით "სამტრედიაში" გადავედი, გუნდის მწვრთნელი ნოდარ აკობია ყველანაირად გვერდში მედგა. თუ ერთ-ორ გამონაკლისს არ მივიღებთ მხედველობაში, მწვრთნელებში გამიმართლა...
- "სამტრედიას" შემდეგ კი უკვე მართლაც პროფესიულ დონეზე ახვედი - საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბში მოხვდი..
- მაისურაძემ რეკომენდაცია გამიწია რევაზ არველაძესთან, რომელიც მაშინ "დინამოს" პრეზიდენტი იყო. "დინამოში" ვარჯიში გოჩა ტყებუჩავას მწვრთნელობისას დავიწყე, შემდეგ გუნდის თავკაცი გივი ნოდია გახდა და ამის შემდეგ მოვაწერე კონტრაქტს ხელი.
- გივი ნოდია ამბობდა, ამისულაშვილს ისეთი მონაცემები აქვს, მომავალი კალაძეაო. მწვრთნელისგან ასეთი ნდობა ცოტას არ ნიშნავს, თანაც, მაშინ მხოლოდ მცველი არ იყავი...
- ძალიან მიყვარს საყრდენ ნახევარმცველად თამაში და ნოდიაც უფრო ხშირად ამ პოზიციაზე მათამაშებდა. ნახევარმცველობისას მეტი სირბილი გიწევს, მაგრამ მცველობა მაინც განსაკუთრებულად რთულია - ერთი შეცდომა და შენს უკან მხოლოდ მეკარეა...
- "დინამოში" ივო შუშაკის მწვრთნელობის პერიოდს როგორ გაიხსენებდი? მაშინ "დინამოსგან" გაცილებით მეტს ელოდნენ...
- "დინამოში" იმ დროს კარგი პირობები იყო და გუნდიც კარგი გვყავდა, თუმცა ევროსარბიელზე ხელმოცარულები დავრჩით. ალბათ, ყველას გახსოვთ ალბანურ" ტირანასთან" შეხვედრა. პირველი მატჩი 3:0 მოვიგეთ და ვინ იფიქრებდა, რომ მომდევნო ეტაპზე ვერ გავიდოდით...
- "ტირანასთან" მარცხმა დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, რას აღარ ამბობდენ. ალბათ, ფეხბურთელებამდეც აღწევდა ხმები იმაზე, რომ ეს ყოველივე შუშაკის წინააღმდეგ გამიზნული ქმედების შედეგი იყო...
- ბევრ სისულელეს გაიგებ კაცი, მერწმუნეთ, მსგავსი არაფერი მომხდარა. შუშაკს დიდი პატივისცემით ვეპყრობოდით და ისიც პატივს სცემდა გუნდის ყველა ფეხბურთელს. "ტირანასთან" მარცხის შემდეგ "დინამოდან" 7-8 ფეხბურთელი წავიდა, მალე მეც წამოვედი.
- კიევის "დინამოში" გადასვლის პერიპეტიები საინტერესო უნდა იყოს...
- კიევის "დინამოდან" ჯერ კიდევ "ტირანასთან" მატჩამდე დამიკავშირდნენ. მაშინ უკვე მქონდა რამდენიმე შეხვედრა ნათამაშები ნაკრებში. კიეველებმა მითხრეს, ჩამოდი, ჩუმად მოაწერე ხელი კონტრაქტს და მერე მოველაპარაკებით თბილისის "დინამოსო". ცხადია, ამაზე უარი ვუთხარი, საქმის კურსში ჩავაყენე "დინამოს" მმართველი დავით პეტრიაშვილი და შევთანხმდით, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გამიშვებდნენ, ასეც მოხდა, თუ მეხსიერება არ მღალატობს, კიეველებმა ტრანსფერში ნახევარი მილიონი დოლარი გადაიხადეს.
- სანამ უკრაინულ ამბებზე ვისაუბრებდეთ, ერთს გკითხავ - თელავიდან ხარ და რას იტყოდი იმაზე, რომ კახეთში ფეხბურთი თითქოს ნაკლებად უყვართ...
- კახეთში ფეხბურთი ძალიან უყვართ, როცა კახელებს უმაღლეს ლიგაში ჰყავდათ გუნდი, სტადიონი თითქმის ყოველთვის ივსებოდა. თუ ამ რეგიონს ისევ არ ეყოლება გუნდი უმაღლეს ლიგაში, იქაურ ბავშვებს ფეხბურთი ვერ შეუყვარდებათ, ასეთ ვითარებაში კი კახეთში ფეხბურთელის გაზრდა გაძნელდება. თუ იქ "დინამო", "ზესტაფონი" და "ტორპედო" არ ჩავა, საფეხბურთო ცხოვრება ვერ გამოცოცხლდება.
- უკრაინულ კარიერას დავუბრუნდეთ. ყველაზე მეტად რამ შეგიშალა ხელი?
- სხვა ატმოსფერო, ენის ბარიერი, ცივი დამოკიდებულება... მაშინ კიეველთა თავკაცი მიხაილიჩენკო იყო, მას შეეძლო, მეტი თანადგომა გამოეჩინა, მაგრამ პირველივე ჩაგდებული თამაშის მერე წითელი ხაზი გადამისვა და, ფაქტობრივად, უშანსოდ დავრჩი. გამანათხოვრეს "დნიპროში", უთამაშებელი ვიყავი და ახალ გუნდში უცბად ფეხის მოკიდება გამიჭირდა. დნეპროპეტროვსკელთა მწვრთნელმა კუჩერევსკიმაც მითხრა, ვერ გათამაშებ, უპრატესობას უკრაინელებს ვანიჭებო. ვუთხარი, თუ არ მენდობით, რაღას წამომიყვანეთ "დინამოდან", სათადარიგოთა სკამზე ხომ იქაც ვიჯექი-მეთქი. ამ საუბრის მერე "დნიპროში" წესიერად არც კი მივარჯიშია, ფსიქოლოგიურად ვერ ვიყავი კარგად...
- და დაბრუნდი საქართველოში...
- კახა ცხადაძის ინიციატივით თბილისის "დინამოში" დავბრუნდი. შეიძლება ითქვას, რომ ცხადაძემ მარტო "დინამოში" კი არა, ფეხბურთში დამაბრუნა. ფორმაში არ ვიყავი, მაგრამ გვერდში დამიდგა და მეც თანდათან ავკრიფე. კახას ამ სიკეთეს არასდროს დავივიწყებ.
- "დინამოში" დიდი ხნით არ გაჩერებულხარ, ისევ უკრაინას მიაშურე.
- ისევ კიევის "დინამოს" ვეკუთვნოდი, მივედი კლუბის ბაზაზე და არ შემიშვეს, თუ აქედან წასვლა გინდა, ფული უნდა გადაიხადოო. მოკლედ, ყველაფერი ისე ლამაზად არ არის, როგორც ეს გარედან ჩანს. უკრაინული ამბები უნდა დავივიწყო.
"ნალჩიკში" მისვლამდე იჯარით "ტავრიასა" და "შინიკში" ვიყავი, როგორც კი ნალჩიკელებმა გამომისყიდეს, სტაბილურად ავთამაშდი.
- რუსეთ-უკრაინის შემდეგ შოთა არველაძის "ქაისერისფორში" გადახვედი, საიდანაც ისე წახვედი, რომ არველაძე განაწყენებული დარჩა...
- ასე რომ მოხდა, არც შოთას უნდოდა და არც მე. "ქაისერისფორში" ყოფნისას დამიკავშირდნენ მოსკოვის "ლოკომოტივიდან", სადაც უკვე "ნალჩიკის" ყოფილი მწვრთნელი კრასნოჟანი მუშაობდა. კონტრაქტის პირობებზე ვერ შევთანხმდით, მოლაპარაკება გაიწელა. ამ დროს უცბად გამოჩნდა "კრასნოდარის" ვარიანტი, რომელიც იხდიდა იმ თანხას, რაც ჩემი ტრანსფერის გამოსყიდვას სჭირდებოდა.
24-25 წლის რომ ვყოფილიყავი, არ წავიდოდი, მაგრამ "კრასნოდარმა" "ქაისერისფორზე" უკეთესი პირობები, უფრო ხანგრძლივი კონტრაქტი შემომთავაზა. შოთა მწვრთნელია და ის რომ წასულიყო "ქაისერიდან", ისე სტაბილურად ვეღარ ვიგრძნობდი ამ კლუბში თავს.
ვიცი, რომ შოთას ვაწყენინე, თუმცა ჩვენ ვისაუბრეთ და ყველაფერი გავარკვიეთ. "ქაისერისფორში" 28 წლისა მივედი და როგორც ფეხბურთელი, გავიზარდე, რაც პირველ რიგში მწვრთნელის ფაქტორით იყო განპირობებული. შოთას საქმე ისე მიჰყავდა, რომ ფეხბურთელს თამაშისგან რაც შეიძლება მეტი სიამოვნება მიეღო.
- "კრასნოდარში" გუნდის კაპიტნად აგირჩიეს, სტაბილურად თამაშობ, კარგი პრესა გაქვს, თუმცა გუნდი პრემიერლიგის ნაღებ რვა გუნდში ვერ მოხვდა, რაც, ალბათ, ხინჯად გრჩება...
- მთლად კმაყოფილი ვერ ვიქნები, ფიზიკურად ბოლომდე კარგად ვერ შევხვდი სეზონს, მანამდე ორი წელი გადაბმულად, შეუსვენებლად ვითამაშე. სეზონის პირველ ეტაპზე რამდენიმე გაუთვალსიწინებელი ქულა დავკარგეთ, თუმცა, ამის მიუხედავად, "კრასნოდარის" შედეგი სეზონის პირველ ეტაპზე დადებითად უნდა შეფასდეს. ასეთი ძლიერი პრემიერლიგა მე ჯერ არ მახსოვს, რუსეთის პირველი შვიდი გუნდი ისეთია, ვისაც ხელს დაადებს, ნებისმიერი ფეხბურთელის ყიდვა შეუძლია.
- რუსეთის პრემიერლიგაში მცველებს ყველაზე მეტად რომელი თავდამსხმელის წინააღმდეგ უჭირთ თამაში?
- ვაგნერი და დუმბია ცსკა-დან, კერჟაკოვი "ზენიტიდან", ველიტონი "სპარტაკიდან", ტრაორე "ყუბანიდან"... სხვათა შორის, "კრასნოდარშიც" გვყავს ძალიან ძლიერი ცენტრფორვარდი - იური მოვსისიანი. სისწრაფე, ტექნიკა, ბოლომდე ბრძოლა - ამ თავდამსხმელებს ყველაფერი აქვთ.
- საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებზე ბევრს ლაპარაკობენ - არ არიან მაღალი კლასის მოთამაშეები, რესურსი მწირია, კარგი შემტევების ნაკლებობაა და ასე შემდეგ. ეს ისეთი თემაა, უპასუხოდ, ალბათ, არ უნდა დარჩეს. ნაკრებიდან წავიდა კახა კალაძე და გუნდს კიდევ ერთი მაღალი კლასის ფეხბურთელი გამოაკლდა. როგორ ფიქრობ, ჰყავს ჩვენს ნაკრებს ლიდერი?
- ვფიქრობ, ნაკრებში სამი-ოთხი მოთამაშე უნდა იყოს ისეთი, ლიდერობა რომ შეუძლია. ცუდია, კალაძე რომ ნაკრებიდან წავიდა, მას ისევ შეეძლო სარგებლობის მოტანა გუნდისთვის. თუ როგორი განცხადება მოჰყვა კალაძის წასვლას, ამაზე იმას ვიტყვი, რომ ასე არ შეიძლება, კალაძე ერთ მადლობას მაინც არ იმსახურებდა?! რაც შეეხება ლიდერებს ნაკრებში, ეს უფრო მწვრთნელის სალაპარაკო თემაა.
- ფეხბურთელების რესურსზე არაფერი გითქვამს...
- ამას წინათ საქართველოს ჩემპიონატის ხუთი თამაში გადაიდო, ჩვენ კი ამ დროს ციმბირში "ტომს" ვეთამაშეთ - ალბათ, ამაზე უნდა დავფიქრდეთ - საიდან უნდა გამოჩნდეს სანაკრებო ფეხბურთელი, თუ არა ეროვნული ჩემპიონატიდან?! და საერთოდ, რომ ამბობენ, საქართველოს ნაკრებს ფეხბურთელები არ ჰყავსო, აბა, ჩვენ ვინ ვართ - ფეხბურთელები თუ პარიკმახერები?
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"