ლევან კობიაშვილი: რატომ უნდა გავიზიარო ის ყველაფერი, რასაც კახა კალაძე გააკეთებს?

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი - ლევან კობიაშვილი 2 წელზე მეტია, გერმანიის დედაქალაქ ბერლინში, მეუღლესა და შვილებთან ერთად ცხოვრობს და კლუბ "ჰერტაში" თამაშობს. ლევანი იქაური ცხოვრებისა და თბილისური ამბების შესახებ გვესაუბრა.

- აქაური ცხოვრებით კმაყოფილი ვარ. რაც შეეხება ფეხბურთს, რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია, რომ ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი ვერ დავძლიეთ, მაგრამ მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ 2011 მაინც კარგი წელი იყო ჩემთვისაც და გუნდისთვისაც. იმედია, მომავალში უკეთეს თამაშებს ვუჩვენებთ...

საერთო ჯამში, კმაყოფილი ვარ იმ ყველაფრით, რაც ჩემს ცხოვრებაში ხდება. ასაკიდან
გამომდინარე, ვაცნობიერებ, რომ შესაძლოა, ჩემი საფეხბურთო კარიერა რამდენიმე წელიწადში დასრულდეს, ამიტომ ყველა მატჩსა და ვარჯიშს განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ვუდგები; მაქსიმუმს ვაკეთებ, რადგან შესაძლოა, რომელიმე მათგანი ჩემთვის ბოლოც კი აღმოჩნდეს.

- დღის განმავლობაში ვარჯიშის გარდა, რას საქმიანობთ?
- ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო დღე ორშაბათია, რადგან დატვირთული შაბათ-კვირის შემდეგ ვისვენებ და ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად ვერთობი. თუმცა, კვირის დანარჩენ დღეებსაც საკმაოდ მრავალფეროვნად ვატარებ და ზოგჯერ, მეუღლესთან ერთად კინოში წასასვლელადაც ვიცლი.
Sportall.Ge
- გასართობად სად დადიხართ? როგორი ურთიერთობა გაქვთ გერმანელებთან?
- გერმანელების გარდა, ჩემს სამეგობრო წრეში ბევრი ქართველი და სხვა ეროვნების ადამიანიცაა. ჩვენ ძირითადად, ერთმანეთის ოჯახებში ან რესტორანში ვიკრიბებით.

- საკუთარ თავს როგორ დაახასიათებთ?
- საკუთარ თავზე ლაპარაკი გამიჭირდება. გეტყვით მხოლოდ იმას, რომ თავმდაბალი და წესიერი ადამიანი გახლავართ. არ ვარ ეჭვიანი და საერთოდაც, ეს უაზრობად მიმაჩნია.

- თქვენი მეუღლე - თამუნა წულეისკირი რას საქმიანობს?
- დიუსელდორფში, სადაც 7 წელი ვიცხოვრეთ, თამუნას საკუთარი მაღაზია ჰქონდა, სადაც სხვადასხვა დიზაინერის შექმნილი საბავშვო სამოსი იყიდებოდა. მას შემდეგ კი, რაც ბერლინში გადმოვედით, რაღაც ახლის ძიებაშია.

რაც შეეხება შვილებს: ნიკა 12 წლისაა, სალომე - 4-ის. ნიკა ინგლისურენოვან, ინტერნაციონალურ სკოლაში დადის, მეშვიდე კლასშია. 8-დან 3 საათამდე სკოლაშია, მერე კი ფეხბურთზე მიდის. სპორტი უყვარს, მაგრამ მომავალში რა პროფესიას აირჩევს, არ ვიცი. ვფიქრობ, აუცილებელი არაა, ფეხბურთელის შვილი ფეხბურთელი გახდეს. მიხარია, რომ კომპიუტერსა და ტელევიზორზე მიჯაჭვული არ არის. ჩემი სურვილია, კარგი განათლება მიიღოს.

- ნაკრების თამაშებს თუ არ ჩავთვლით, საქართველოში ჩამოსვლას ხშირად ახერხებთ?
- მთელი წლის განმავლობაში, საქართველოში მხოლოდ 4-5 კვირის გატარებას ვახერხებ. სამაგიეროდ, ბავშვებს ქართული სულისკვეთებით ვზრდი და ოჯახში გერმანულად არ ვლაპარაკობთ. და კიდევ, ბავშვები არდადეგებს თბილისში ატარებენ - ანუ საქართველოში ჩემზე მეტხანს არიან.

- გერმანიაში ცხოვრებამ თქვენს მენტალიტეტში რაიმე ხომ არ შეცვალა? როცა სხვა ქვეყანაში დიდხანს გიწევს ცხოვრება, ბუნებრივია, იქაურ წეს-ჩვეულებებსაც ითვისებ.
- აქ ცხოვრებამ ჩემში ბევრი რამ დადებითისკენ შეცვალა. როგორც პიროვნება, უკეთ ჩამოვყალიბდი. ადრე გერმანელები ცივი ხალხი მეგონა, მაგრამ ასე არ ყოფილა. შესაძლოა, ფეხბურთელი რომ ვარ, ვინმე ამიტომ მცემს პატივს, მეხმარება...

აბა, რა გითხრათ, აქაურებისგან სიცივე არასდროს მიგრძნია. პირიქით, ბედნიერი ვარ და მიხარია, რომ ეს წლები სწორედ გერმანიაში გავატარე და როგორც სპორტსმენი, პროფესიონალად ჩამოვყალიბდი.

- როგორც ვიცი, ცოტა ხნის წინ "უეფასგან" ჯილდო მიიღეთ...
- დიახ. ერთი წელიც არაა, რაც ეს ჯილდო დააწესეს: იმ ფეხბურთელებს, რომლებიც თავიანთ ქვეყანაში 100-ზე მეტ მატჩს ჩაატარებენ, სიმბოლურად, მედალსა და ქუდს ჩუქნიან, რომელზეც მისივე სახელი და გვარი წერია. ძალიან გამიხარდა, როცა ეს ჯილდო მეც გადმომეცა. მეამაყება, რომ ნაკრებში ვთამაშობ.

- ამ 100 მატჩიდან გამორჩეულად რომელი დაგამახსოვრდათ?
- თბილისში ხორვატიაზე გამარჯვება, თანაც - მაშინ გოლი გავიტანე. ემოციურად დატვირთული თამაში იყო, რადგან გოლი სწორედ ბოლო წუთს გავიდა. მიმაჩნია, რომ 2011 წელი ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იყო.
Sportall.Ge
- მახსოვს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, ჯგუფური ეტაპის ერთ-ერთ მატჩზე გატანილი 3 გოლისთვის გერმანელებმა "მისტერ საიმედოობა" გიწოდეს.
- ეს რამდენიმე წლის წინ იყო. ჩემი ამპლუის ფეხბურთელისთვის ეს ცუდი შედეგი არ გახლდათ და თანაც - ერთ მატჩში 3 გოლი ხშირად არ გადის. მართლაც, კარგ გუნდსა და კარგ დონეზე ვთამაშობდი.

- ინტერნეტსაიტებზე წავიკითხე, რომ ნაკრებიდან კახა კალაძის წასვლის შემდეგ, თქვენც მსგავსი ნაბიჯის გადადგმას გეგმავდით. ეს სიმართლეა?
- ვიცი, ამ თემაზე ბევრს ლაპარაკობენ, მაგრამ მერწმუნე, წასვლაზე არც კი მიფიქრია. ყველა ადამიანის აზრს პატივს ვცემ, მაგრამ...

ეროვნული ნაკრები კლუბისგან განსხვავდება: აქ ხელშეკრულება გაქვს დადებული და ვალდებულებები გაკისრია, მაგრამ ვადის გასვლის შემდეგ კლუბთან თანამშრომლობის შეწყვეტის შესაძლებლობა გეძლევა.

რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს - როცა შენი ქვეყანა დაგიძახებს, მოვალე ხარ, ჩახვიდე და ითამაშო! როცა გამომიძახებენ და მეტყვიან, - გვჭირდები და ჩამოდიო, რა თქმა უნდა, სიხარულით ჩამოვალ. არასდროს მითქვამს, - ნაკრებში თამაში არ მინდა-მეთქი!

- ლაპარაკი იყო იმაზე, რომ თქვენ, როგორც ნაკრების ვიცე-კაპიტანს, კალაძისთვის მხარი უნდა აგებათ...
- არ მესმის, რატომ უნდა გავიზიარო ის ყველაფერი, რასაც კალაძე გააკეთებს? კახამ, თავის ამ ნაბიჯთან დაკავშირებით, საზოგადოებას საკუთარი მოსაზრება და არგუმენტები გააცნო. მე სხვა ადამიანი ვარ და შესაბამისად, ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით ჩემი შეხედულებები მაქვს...

- როგორ აფასებთ მის ამ გადაწყვეტილებას?
- მიმაჩნია, რომ როგორც ფეხბურთელს, თავისუფლად შეეძლო კიდევ რამდენიმე წელიწადს ეთამაშა და ნაკრებს გამოსდგომოდა, მაგრამ მან ჩამოთვალა ის მიზეზები, რის გამოც წავიდა და ეს მისი გადასაწყვეტი იყო. პირადად მე, როგორც მის მეგობარსა და კოლეგას, ძალიან დამწყდა გული. მიმაჩნია, რომ ეროვნულმა ნაკრებმა გაცილებით მეტი დაკარგა კალაძის წასვლით, ვიდრე პოლიტიკამ მოიგო.

- ცოტა ხნის წინ სოციალური ქსელის მეშვეობით გიორგი დემეტრაძის წერილი გავრცელდა: ის გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის და კიდევ ერთხელ ირწმუნება, რომ უდანაშაულოა. თბილისში ყოფნისას თუ ახერხებთ მის მონახულებას?
- ფეხბურთელებს მასთან შეხვედრის სურვილი და მცდელობა გვქონდა, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო, ნაკრების წევრებმა ეს ვერ მოვახერხეთ. ჩვენთვის გიორგის ამბავი მტკივნეული თემაა და ძალიან მწყდება გული, რომ ასეთ ცუდ დღეშია. გიორგი დემეტრაძე ის ფეხბურთელია, რომელსაც წლების განმავლობაში ბევრი კარგი რამ გაუკეთებია, ქართველი გულშემატკივარი გოლებითა და წარმატებული თამაშით გაუხარებია.

მიჭირს რაიმეს თქმა. ამბობენ, - ფეხბურთელები მის მხარდასაჭერად არაფერს აკეთებენო. მე არ ვიცი, ვის როგორი სახით წარმოუდგენია ეს ამბავი, მაგრამ ჩვენ რა უნდა ვქნათ? აქციებსა და მიტინგებს ვერ მოვაწყობთ, რადგან ვიცით, ეს სისულელეა.

არა მგონია, რომელიმე ოპოზიციონერი ჩვენზე მეტად განიცდიდეს გიორგი დემეტრაძის ციხეში ყოფნას. უბრალოდ, ამ ამბავს სხვანაირად იყენებენ და აქედან გამომდინარე, ფეხბურთელების მიმართ შეურაცხმყოფელ კომენტარებს აკეთებენ. იმ ამბავს, რომ კახა კალაძე გიორგის უჭერს მხარს და ხმამაღალ განცხადებებსაც აკეთებს, მივესალმები.

ბოლოს და ბოლოს, დიდი ხნის მეგობრები არიან, ერთად თამაშობდნენ, ერთად ცხოვრობდნენ, მაგრამ იმის თქმაც, რომ რომელიმე სხვა ფეხბურთელს მისი გარეთ ყოფნა არ უნდა, უაზრობაა. დაუჯერებლად მიმაჩნია მისი კავშირი ქურდულ სამყაროსთან... მე ვიცნობ ფეხბურთელ გიორგი დემეტრაძეს და ვფიქრობ, რომ ციხეში ყოფნას არ იმსახურებს.

თამთა დადეშელი
ჟურნალი "გზა" (გამოდის ხუთშაბათობით)
მკითხველის კომენტარები / 6 /
პროვოკაციული სათაურია სტატიის.ჩემი აზრით ჟურნალისტები ესეთ რაღაცეებს უნდა შეეშვათ.უცხოეთში მსგავსი ხრიკები კარგა ხნის მოძველებულია!
zaza
14:17 10-02-2012
1
მადლობა კობი საღი აზრისათვის და სამშობლოს სიყვარულისთვის
karoltuzi
14:29 10-02-2012
0

სიახლეები პოპულარული