პრესკონფერენციას ქართველთან
- საქართველოს ნაკრებზე რა ინფორმაციას ფლობთ?
- ვიდრე ისრაელის ნაკრებში დავინიშნებოდი, საქართველოს ნაკრებზე და ზოგადად, ქართულ ფეხბურთზე ადრეც ბევრი მსმენია. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ქართველი ფეხბურთელები ევროპის ცნობილ კლუბებში თამაშობენ. ამას გარდა, მხოლოდ კარგი მსმენია საქართველოს ნაკრების მწვრთნელზე - თემურ ქეცბაიაზე.
- საბერძნეთი-საქართველოს შეხვედრის ვიდეოფირს საგულდაგულოდ გაარჩევდით...
- არამხოლოდ ეს მატჩი, არამედ საქართველოს ნაკრების წინა სამი ამხანაგური შეხვედრებიც ვნახე. კიდევ ვიმეორებ: ძალიან კარგი ფეხბურთელები გყავთ, უმეტესობა რუსეთში ასპარეზობს; ისიც ვიცი, რომ საქართველოს ნაკრების ცენტრფორვარდი ისრაელის ერთ-ერთ უძლიერეს კლუბში, ჰაიფას "მაქაბიში" თამაშობს. სამწუხაროდ, ქართველი ფეხბურთელების გვარების გამოთქმა მიჭირს და ამაზე უნდა მომიტევოთ...
- შესარჩევი ციკლის დაწყებამდე ამ ჯგუფის ფავორიტებად საბერძნეთსა და ხორვატიას ასახელებდნენ...
- გეთანხმებით, ბევრი მართლაც ასე ფიქრობდა, თუმცა იმავე საბერძნეთი-საქართველოს მატჩის შედეგმა ყველას დაგვანახა, რომ საქართველოს ნაკრებს რეალურად შეუძლია ჯგუფში პირველ-მეორე ადგილებისათვის იბრძოლოს.
- ისრაელის ნაკრებს თბილისში არ ჩამოჰყვა გუნდის ლიდერი და კაპიტანი იოსი ბენაიუნი...
- ბენაიუნი გუნდთან ერთად არ ჩამოსულა; უბრალოდ, თბილისში გამომგზავრების წინ, ბოლო ვარჯიშის მერე გადავწყვიტეთ, რომ საქართველოში ცალკე ჩამოსულიყო. ანუ, აქ ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ...
- თბილისში 12 წლის წინათ იმყოფებოდით, როცა ბილბაოს "ატლეტიკის" ხელმძღვანელობდით. ის მატჩი გახსოვთ?
- საპრესკონფერენციო დარბაზში შემოსულმა კედელზე გაკრული ფოტოების დათვალიერება დავიწყე თუ არა, მაშინვე ყურადღება მიიპყრო ერთმა სურათმა! რაღა თქმა უნდა, "დინამო"-"ატლეტიკის" მატჩის ფოტოა, მიხარია, რომ ასე უფრთხილდებით თქვენს ისტორიას. ის დაპირისპირება კი, მერწმუნეთ, ძალიან კარგად მახსოვს: ბოლოს და ბოლოს, "დინამოს" ბარიერის გადალახვის შედეგად ბილბაოს "ატლეტიკი" თავის ასწლოვან ისტორიაში პირველად და უკანასკნელად მოხვდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე.
ჩემთვის, როგორც მწვრთნელისათვისაც დიდი მიღწევა იყო და მსურს, რომ ისრაელის ნაკრებშიც მსგავს წარმატებას მივაღწიო. კიდევ ერთხელ გულწრფელად გეუბნებით, რომ მიხარია, ქართველებს ფეხბურთისადმი ასეთ სიყვარული რომ გამოძრავებთ...