მეტოქე. საქართველო ისრაელის წინააღმდეგ

AutoSharing Option
ჩვენი დღევანდელი მეტოქე არასდროს განეკუთვნებოდა მსოფლიოს გრანდთა რიცხვს და აქედან გამომდინარე, ვერც განსაკუთრებული ტიტულებით მოიწონებს თავს. ერთადერთი სანაკრებო დონეზე მიღწევა, 1964 წელს აზიის თასზე გამარჯვება იყო - 1994 წლამდე ისრაელი აზიის კონფედერაციის ეგიდით ჩატარებულ ტურნირებში მონაწილეობდა.

უეფაში გაწევრიანებას კი ხელი პოლიტიკურმა პროცესებმა "შეუწყო": ყველას კარგად მოეხსენება, თუ როგორი რთული მდგომარეობა იყო ისრაელსა და არაბულ სახელმწიფოებს შორის. ანუ, 1994 წლიდან ისრაელის საფეხბურთო ნაკრები თუ ამ ქვეყნის კლუბები ევროპული საფეხბურთო "ოჯახის" წევრები გახდნენ.


ზემოთაც აღვნიშნეთ, რომ ამ ქვეყნის ნაკრები გრანდთა რიცხვს არ
მიეკუთვნებაო, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ბოლო წლების განმავლობაში ისრაელი მუდამ სტაბილურად ასპარეზობდა და ევროპისა თუ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპზე მოსახვედრადაც მცირედი აკლდებოდა. აი, თუნდაც 1999 წელს, როცა პლე-ოფში ვერ დაძლიეს დანიის წინააღმდეგობა, თორემ არსებობის ისტორიაში პირველად იასპარეზებდნენ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე. აი, რაც შეეხება მუნდიალის ფინალურ ეტაპს, ისრაელს ერთხელ უკვე აქვს მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობა მიღებული (1970 წელს).

ისრაელის ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელს ევროპის ცნობილ კლუბებში უთამაშიათ: ელი ოჰანას, ავი ნიმნის, ეიალ ბერკოვიჩს, ნირ კლინგერს, ამირ შელახს, ალონ ხარაზის, არიკ ბენადოს, ხაიმ რევივოს, რონი როზენტალს, დუდუ ავატს, იდან ტალის, ნილ დავიდოვიჩს. თუმცა, ისრაელის ფეხბურთის ნომერ პირველი ვარსკვლავი 30 წლის იოსი ბენაიუნია - ნაკრების კაპიტანი და უპირობო ლიდერი. 1998 წლის 18 ნოემბერს პორტუგალიასთან მატჩში ბენაიუნის სანაკრებო დებიუტი შედგა და მის მერე 12 წელიწადია ისრაელის ნაკრები ამ ნიჭიერი ნახევარმცველის გარეშე წარმოუდგენელია.

საკლუბო კარიერა სამშობლოში, მოკრძალებულ "ჰაპოელში" (ბეერ-შევა) დაიწყო, შემდეგ კი ოთხი სეზონი ისრაელის ერთ-ერთ უძლიერესი კლუბის, ჰაიფას "მაკაბის" ლიდერი გახლდათ. 2002-05 წლებში, ესპანეთში, კერძოდ სანტადერის "რასინგში" თამაშობდა, საიდანაც ინგლისურ პრემიერლიგაში, "ვესტ ჰემ იუნაიტედში" გადავიდა. ბენაიუნმა ამ გუნდშიც გაიბრწყინა და არავის გაუკვირდა, როდესაც 2007 წელს "ლივერპულმა" შეიძინა.

მერსისაიდულ კლუბში ბენაიუნმა სამი სეზონის განმავლობაში არაერთი შთამბეჭდავი მატჩი ჩაატარა, რამდენიმე მნიშვნელოვანი გოლიც გაიტანა, მაგრამ "ლივერპულის" იმდროინდელი თავკაცი რაფა ბენიტესი 100 პროცენტით მაინც არ ენდობოდა. ამ ზაფხულს კი, როგორც უკვე იცით, ბენაიუნი "ჩელსიში" გადავიდა, არადა, ერთი პერიოდი თითქმის გადაწყვეტილი იყო ისრაელის ნაკრების კაპიტნის... რუსულ პრემიერ-ლიგაში გადასვლა.

აქვე, ბარემ ისრაელის ნაკრების მწვრთნელებზეც ვთქვათ და უპირველესად შლომო შარფი უნდა ვახსენოთ, ყველაზე დიდხანს, 8 წლის განმავლობაში რომ თავკაცობდა თავისი ქვეყნის ნაკრებს; 2000 წელს შარფი რიკარდ მიოლერ-ნილსენმა შეცვალა - 1992 წლის დანიის ნაკრების წარმატების სულისჩამდგმელმა. მერე იყო ავრამ გრანტის ოთხწლიანი პერიოდი; ვის შემდეგაც ასევე ოთხი წელი დრორ კაშტანი ხელმძღვანელობდა ისრაელის ნაკრებს და ამჟამად კი უცხოელი სპეციალისტი, ქართველებისათვის კარგად ნაცნობი ფრანგი ლუის ფერნანდესი მუშაობს. როგორც ფეხბურთელს, ფერნანდესს მართლაც ჩინებული კარიერა ჰქონდა: ათი წლის განმავლობაში(1982-1992) საფრანგეთის ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე და მიშელ პლატინისთან, ალენ ჟირესთან და ჟან ტიგანასთან ერთად ამ გუნდის მართლაც ზღაპრული ნახევარდაცვის წევრი გახლდათ.

კარიერა მოკრძალებულ "კანში" დაასრულა, სადაც დაიწყო კიდეც მწვრთნელობა; შემდეგ იყო წარმატებული პერიოდი თავის მშობლიურ "პარი სენ-ჟერმენში", რის შემედგაც ბილბაოს "ატლეტიკში" გადავიდა და ეს ბასკური გუნდი, ისტორიაში პირველად, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა. თანაც, 1998 წლის ზაფხულში ამისათვის "ატლეტიკს"... თბილისის "დინამოს" დამარცხება დასჭირდა. სხვათა შორის, ბილბაოში მუშაობის შემდეგ ფერნანდესს სამწვრთნელო ასპარეზზე განსაკუთრებული წარმატებები არ ჰქონია; გარკვეული პერიოდი სულაც დაუსაქმებელი გახლდათ და აი, ამა წლის მარტში ისრაელის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.

საქართველოსა და ისრაელის ნაკრებები დღემდე ოთხჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და წინა ოთხივე დაპირისპირება ამხანაგური მატჩები იყო. პირველი შეხვედრა 1994 წლის 23 თებერვალს ჩატარდა: იმ დროისათვის საქართველოს ნაკრებისთვის საერთაშორისო მატჩები სასიამოვნო იშვიათობას წარმოადგენდა; აშდოდში ჩატარებული ის მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით დამთავრდა:

"დუბლი" შეასრულა ვეტერანმა ფორვარდმა ელი ოჰანამ; არადა, მეორე ტაიმში ზაზა რევიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა (იმ დროს მინიმალური სხვაობით ვაგებდით). ის მატჩი მნიშვნელოვანი სხვა ფაქტორებითაც იყო: პირველად იასპარეზეს ნაკრებში ერთად შოთა და არჩილ არველაძეებმა (ამ უკანასკნელს, სულაც დებიუტი ჰქონდა, ისე როგორც ბათუმის "დინამოს" შემტევს თეიმურაზ ტუღუშს); ხოლო გია გურული საქართველოს ნაკრებს ოთხწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა.

ისრაელთან მომდევნო მატჩიც სტუმრად ჩავატარეთ - ჩვენ ნაკრებს დავით ყიფიანისა და რევაზ ძოძუაშვილის "ტანდემი" ხელმძღვანელობდა და ის მატჩი ფრედ დასრულდა (1:1). პირველ ტაიმში თავი გიორგი ქინქლაძემ გამოიჩინა, მატჩის მიწურულს კი მასპინძელთა ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა ეიალ ბერკოვიჩმა ანგარიში გაათანაბრა. 2001 წლის 24 აპრილს კი ისრაელის ნაკრებს პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი მარცხი ვაგემეთ.

აღსანიშნავია, რომ დავით ყიფიანმა და რევაზ ძოძუაშვილმა ჩვენი ნაკრების შემადგენლობა სერიოზულად გადაახალისეს (ისრაელთან მატჩამდე თბილისში რუმინეთთან პრინციპულ მატჩი წავაგეთ). ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, საქართველოს ნაკრებში დებიუტი ჰქონდათ გიორგი ლომაიას და 19 წლის მალხაზ ასათიანს. მატჩის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელი კი, თემურ ქეცბაია გახლდათ - საქართველოს ნაკრების დღევანდელმა თავკაცმა მეტოქის კარში 2 გოლი გაიტანა!

უკანასკნელი შეხვედრა კი 6 წლის წინათ იყო; სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ალენ ჟირესის დებიუტი წარუმატებელი გამოდგა - ისრაელთან მინიმალური სხვაობით დავმარცხდით. თუმცა ამხანაგური შეხვედრების სტატისტიკას ნუ "გამოვეკიდებით" - ისრაელის ნაკრებთან, მთავარია, დღეიდან გვქონდეს დადებითი ბალანსი...

ყველა დაპირისპირება

ამხანაგური მატჩი
ისრაელი-საქართველო 2:0
23.02.1994. აშდოდი. 15 000 მაყურებელი
1:0 ოჰანა (28), 2:0 ოჰანა (77)
ისრაელი: რ. კოენი (46. გინზბურგი) - ა. ხარაზი (46. კეისი), კლინგერი, შელახი, ბიტონი - რ. ლევი, ხაზანი (69. ბენ შიმონი), ნიმნი (46. ატარი, 82. ტურჯმანი), ბერკოვიჩი (46. ზოჰარი) - რ. ხარაზი (46. ტიკვა), ოჰანა.
მწვრთნელი: შლომო შარფი
საქართველო: ა. დევაძე - ბ. ბერაძე (73. დ. ჯანაშია), კ. ცხადაძე, ნ. ლობჟანიძე, გ. ჯიშკარიანი - ზ. რევიშვილი, გ. ნემსაძე, გ. ჯამარაული, თ. ტუღუში (46. გ. გურული) - შ. არველაძე, ა. არველაძე (46. მ. ყაველაშვილი).
მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე
გაფრთხილება: ცხადაძე, ჯამარაული
არბიტრი: ჰ. ლიპკოვიჩი (ისრაელი)

ამხანაგური მატჩი
ისრაელი-საქართველო 1:1
29.03.2000. აშქელონი. 8 500 მაყურებელი
0:1 ქინქლაძე (27), 1:1 ბერკოვიჩი (83)
ისრაელი: კოენი (46. კორფეინი) - ა. ხარაზი (85. ჰალფონი), ალქარი, შელახი, ბენადო - კეისი, ტალი, ბადირი, რევივო - ბერკოვიჩი - კფირი (24. სივიდია).
მწვრთნელი: რიკარდ მიოლერ-ნილსენი
საქართველო: ს. გრიშიკაშვილი (46. დ. გვარამაძე) - ზ. ხიზანიშვილი, ლ. სილაგაძე, გ. ნემსაძე, კ. კალაძე - გ. ჯამარაული (73. ზ. მენთეშაშვილი), თ. ქეცბაია, გ. ქინქლაძე, ლ. კობიაშვილი - გ. დემეტრაძე (46. თ. სიჭინავა), ა. არველაძე (81. რ. ალექსიძე)
მწვრთნელები: დავით ყიფიანი-რევაზ ძოძუაშვილი
გაფრთხილება: ხარაზი
არბიტრი: მ. თუქათი (თურქეთი)

ამხანაგური მატჩი
საქართველო-ისრაელი 3:2
24.04.2001. თბილისი. ეროვნული. 10 000 მაყურებელი.
1:0 ქეცბაია (9), 1:1 მიზრახი (16), 2:1 ქეცბაია (36), 2:2 მიზრახი (73), 3:2 ა. არველაძე (88)
საქართველო: გ. ლომაია - ვ. აბრამიძე, ლ. სილაგაძე, ზ. ხიზანიშვილი (64. გ. ჭანკოტაძე), რ. ქემოკლიძე - თ. ქეცბაია, ა. რეხვიაშვილი, გ. ქინქლაძე (46. რ. ალექსიძე), გ. გახოკიძე (68. მ. ასათიანი) - შ. არველაძე, ა. არველაძე (89. ლ. მელქაძე).
მწვრთნელები: დავით ყიფიანი-რევაზ ძოძუაშვილი
ისრაელი: ელიმელეხი - ა. ხარაზი (80. შელახი), ბრუმერი (46. ბენადო), ზეიტუნი, გერშონი - კეისი, ბადირი, კატანი (46. ბენ დაიანი), რევივო - ბენაიუნი - მიზრახი (80. ენ ამი).
მწვრთნელი: რიკარდ მიოლერ-ნილსენი
გაფრთხილება: სილაგაძე; ბადირი, ბენ ამი, რევივო
არბიტრი: ს. კვარაცხელია (საქართველო)

ამხანაგური მატჩი
საქართველო-ისრაელი 0:1
27.05.2004. თბილისი. ლოკომოტივი. 25 000 მაყურებელი
0:1 ბადირი (34)
საქართველო: გ. ლომაია - კ. მჟავანაძე, ო. ხიზანეიშვილი, გ. კვარაცხელია, კ. კალაძე - ლ. ცქიტიშვილი, მ. ასათიანი (89. ზ. მენთეშაშვილი), დ. მუჯირი (66. დ. სირაძე), ლ. კობიაშვილი (90. თ. აფციაური) - რ. ალექსიძე, ა. იაშვილი.
მწვრთნელი: ალენ ჟირესი
ისრაელი: დავიდოვიჩი - ბენ იოსეფი, ბენ ჰაიმი, გერშონი, გაზალი, - ანტები, ტალი, აფეკი (69. ჰოლცმანი), ბენაიუნი - ბადირი, გოლანი (46. ნიმნი).
მწვრთნელი: ავრამ გრანტი
გაფრთხილება: კალაძე; აფეკი, გოლანი, ბენ იოსეფი, გერშონი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული