ირაკლი ძარია: თემურ ქეცბაიას ნდობამ უზომოდ გამახარა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოძახებულ მოთამაშეთა შორის თემურ ქეცბაიამ ირაკლი ძარიაც დაასახელა. 23 წლის საყრდენი ნახევარმცველი 6 წელი "ზესტაფონში" თამაშობდა, თბილისის "დინამოში" კი წლეულს გადავიდა.

"ნაკრებში პირველად გამომიძახეს, რაც ჩემთვის ძალიან მოულოდნელი და უზომოდ სასიხარულო ამბავია. ყველა მოთამაშის ოცნება თავის ქვეყნის ნაკრებში თამაშია. ამ ნდობისთვის დიდი მადლობა თემურ ქეცბაიას. შევეცდები, მისი ნდობა გავამართლო", - ამბობს ძარია.

ახალგაზრდა ფეხბურთელს არ დავიწყებია მადლიერების გამოხატვაც:

"არ შეიძლება, ეს რომ არ ვთქვა: მე რომ ნაკრებში მოვხვდი, ეს ჩემი კლუბების დამსახურებაა - "ზესტაფონისა" და "დინამოსი". "ზესტაფონში"
ექვსი წელი ვთამაშობდი და მთელი ცხოვრება ამ კლუბისა და მისი პრეზიდენტის მადლიერი ვიქნები, რადგან ბევრი რამ შემძინეს. თბილისის "დინამოს" ყველა ფეხბურთელი ნაკრების პოტენციური კანდიდატია და ამიტომაც გადმოვედი. მიხარია, ამ დიდი კლუბის წევრი რომ გავხდი, რომ მენდობიან და მათამაშებენ. ნაკრებში ხომ "დინამოდან" გამომიძახეს".

ბოლო ტურში "დინამომ" ბოლნისის "სიონს" 90-ე წუთზე სწორედ ძარიას გატანილი ბურთის წყალობით მოუგო. თუმცა გოლი უცნაურად გავიდა და ძნელი გასარკვევი იყო, ირაკლიმ ბურთი კარში როგორ გააგზავნა.

"ორთაბრძოლისას მცველმა ხელი მკრა, ვიქცეოდი და დღემდე ვერ მივმხდარვარ, როგორ დავარტყი, ბურთი კისერზე მომხვდა თუ ზურგზე, ფაქტია, რომ კარში უცნაური ტრაექტორიით ჩაეშვა და ეს ოფიციალურ შეხვედრაში თბილისის "დინამოს" მაისურით გატანილი ჩემი პირველი გოლი იყო", - თქვა ირაკლიმ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მერებაშვილი რატო არ გამოიდძახა?
gaga
14:13 24-02-2012
0
ეს ბიჭი იმდენად მიზანდასახულია რომ ყველას ჯეროდეს მაქსიმუმს გააკეთებს ნაკრების წარმატებისთვის. ყველა მის გულშემატკივარს მოვუწოდებ,მეტი გამხნევება და თანადგომა გაუწიოს ღირსეულ ფეხბურთელს:*
0

სიახლეები პოპულარული