როგორც ამგვარ შემთხვევებში ხდება ხოლმე, ვარჯიშის ღია მონაკვეთში ფეხბურთელებს ბურთით ფაქტობრივად, არაფერი გაუკეთებიათ და საქმეში არა ალბანელთა იტალიელი მთავარი მწვრთნელი ჯანი დე ბიაზი, არამედ მისი თანამემამულე ფიზიკური მომზადების სპეციალისტი იყო ჩართული.
ვარჯიშს კი წინ პრესკონფერენცია უძღოდა. რაკი ამის პარალელურად "ბასაზე" საქართველოს ნაკრები ვარჯიშობდა, "მიხეილ მესხზე" ჟურნალისტთა
მედიის წინაშე "ბრეშაში", "ტორინოში", "ლევანტესა" და "უდინეზეში" ნამუშევარი ჯანი დე ბიაზი და ალბანეთის ნაკრების კაპიტანი ერვინ ბულკუ წარსდგნენ.
დე ბიაზი:
- დიდ მადლობა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მოწვევისა და გულთბილი მასპინძლობისთვის. ჩემთვის ეს პირველი მატჩია ალბანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში და მის შედეგს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ასე რომ, ყველანაირად ვეცდებით, ამ შეხვედრაში ჩვენი საუკეთესო თვისებები გამოვავლინოთ.
- რა პოტენციალს ხედავთ ალბანეთის ნაკრებში?
- საკმაოდ პერსპექტიული გუნდი ჩავიბარე, რომელსაც პროგრესირება და განვითარება შეუძლია. ახლა ჯერ კიდევ გაცნობის პროცესში ვარ და მინდა, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის გუნდის ოპტიმალურ ბირთვს მივაგნო. სწორედ ამიტომ, თბილისში თავის გამოჩენის შანსს ბევრ ფეხბურთელს მივცემ.
- საქართველოს ნაკრებზე რა ინფორმაციას ფლობთ?
- ვნახე თქვენი ნაკრების მიერ ბოლო შესარჩევ ციკლში ჩატარებული რამდენიმე მატჩის ჩანაწერი და დავრწმუნდი, რომ საკმაოდ ძლიერ და ბრძოლისუნარიან გუნდს ვეთამაშებით. სწორედ ასეთი დონის მეტოქეებთან თამაში მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ჩვენი დადებითი და უარყოფითი მხარეები კარგად დავინახოთ და სათანადო დასკვნები გავაკეთოთ.
ბულკუ:
- საქართველოს ნაკრებს კარგად ვიცნობ, რადგან მის წინააღმდეგ უკვე მითამაშია. ჩვენი ნაკრებები ერთმანეთს ბევრჯერ შეხვედრიან და თუკი შინ წარმატებით ვთამაშობთ, სტუმრად ყოველთვის ვმარცხდებით. სწორედ ამიტომ გვინდა, თბილისში ეს ისტორია ჩვენდა სასიკეთოდ შევცვალოთ.
* * *
ალბანეთის ნაკრებმა ევრო 2012-ის შესარჩევ ციკლში ექვსგუნდიან ჯგუფში, ჩვენს მსგავსად, ბოლოსწინა ადგილი დაიკავა. 10 შეხვედრაში ალბანელებმა 9 ქულა დააგროვეს, საიდანაც ყველაზე გამოსარჩევი რუმინეთთან მიღწეული ორი ფრე და შინ ბელარუსის დამარცხება იყო. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ალბანეთის ნაკრებმა ლუქსემბურში წააგო.
ალბანელები თბილისში ამ შემადგენლობით ჩამოვიდნენ:
მეკარეები: სამირ უჯკანი (ნოვარა, იტალია), ორგეს შეჰი (შკენდერბეუ);
მცველები: ტეფიკ ოსმანი (ტეუტა), არმენდ დალკუ (ვორსკლა, უკრაინა), ფრანც ველიუ (ფლამურტარი), ანდი ლილა (იანინა, საბერძნეთი), კრისტი ვანგელი (ჩერნომორეცი, უკრაინა);
ნახევარმცველები: ერვინ ბულკუ (ოლიმპიკ-შუვალანი, აზერბაიჯანი), გილმან ლიკა (ტირანა), ოდისე როში (კიოლნი, გერმანია), ჯაჰმირ ჰიკა (ლუცერნი, შვეიცარია), ემილიანო ვილა (იანინა, საბერძნეთი), გჯერჯ მუზაკა (შკენდერბეუ), ანსი აგოლი (ყარაბახი, აზერბაიჯანი), ჰაირ ზექირი (რიზესფორი, თურქეთი), ელის ბაკაჯი (დინამო, რუმინეთი);
თავდამსხმელები: აჰმედ ჯანუზი (ვორსკლა, უკრაინა), არმანდო სადიკუ (ლოკარნო, შვეიცარია), ედგარ კანი (პოლონია, პოლონეთი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"