ლიოვი ამბობს,
"პატარა ქვეყნები დიდებთან თამაშით ფულს აკეთებენ და მათთვის ეს სპორტული პროგრესიცაა, მაგრამ მე მინდა, რომ კალენდარი ცოტა განიტვირთოს. კლუბებთან უკვე სერიოზულ წინააღმდეგობას ვაწყდებით, ფეხბურთელების დაშავების შანსიც იზრდება. ვფიქრობ, გრანდები მესამეხარისხოვან ქვეყნებთან თამაშების გამართვით დროს და ენერგიას უმეტეს ტყუილად ვკარგავთ," - აღნიშნა ბუნდესმწვრთნელმა.
ლიოვის განცხადებას გამოეხმაურენ და მხარი დაუჭირეს ინგლისში. მაგალითად, "არსენალის" თავკაცმა არსენ ვენგერმა თქვა, სუსტი ნაკრებები გაძლიერებას ვერ ახერხებენ, ფეხბურთის ხარისხი კი უკან უკან მიდისო. მისმა კოლეგამ, ჰარი რედნაპმა (ტოტენჰემი) კი განაცხადა: "ჩემი აზრით, უნდა არსებობდეს საკვალიფიკაციო ეტაპის შესარჩევი რაუნდი, ძალიან სუსტმა გუნდმებმა საკვალიფიკაციო ეტაპის საგზურებისთვის უნდა იბრძოლონ და გრანდებთან ჯგუფებში ავტომატურად ვერ უნდა ხვდებოდნენ."
გასულ პარასკევს ფიფას რეიტინგში 141-ე ადგილზე მყოფმა ლიხტენშტაინმა ესპანეთთან 0:4 წააგო, ტრადიციისამებრ დამარცხდნენ სან მარინო (202-ეა) და ფარერებიც (118-ე). თუმცა უნდა ითქვას, რომ ბოლო წლებში ფარერების პროგრესი აშკარაა, ლიოვს კი ამის დანახვა არ სურს. აი, სან მარინო კი მართლაც მძიმე შემთხვევაა: წინა შესარჩევში ამ გუნდმა ყველა თამაში წააგო და 57 გოლი გაუშვა, აქედან 19 მარტო გერმანიის ნაკრებისგან.
ლიოვს არ ეთანხმება იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჩეზარე პრანდელი: "დღესდღეობით ძალიან სუსტი მხოლოდ რამდენიმე ნაკრებია. აგერ, ესტონეთი ძლივს დავამარცხეთ. მე ვფიქრობ, რომ არსებული სქემის შენარჩუნება ფეხბურთისთვის აუცილებელია. ფეხბურთი იმიტომაც არის სპორტის ნომერ პირველი სახეობა, რომ მსოფლიოს ჩემპიონი ვალდებულია, უსუსტეს ფარერებზე ჩავიდეს და იქაც ითამაშოს."
პრანდელის დარი მოსაზრება აქვს ინგლისის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელ ჯონ ბერნსსაც, რომელიც ამბობს: "შეხედეთ საბერძნეთს! მე რომ ბერძნების წინააღმდეგ ვთამაშობდი, ამ გუნდის კარში ოთხი, ხუთი, ხშირად ექვსი გოლიც გაგვქონდა. და რა მოხდა 2004 წელს? საბერძნეთმა ევროპის ჩემპიონატი მოიგო. ახლა მითხარით, რა მოიგო ინგლისმა ამ ხნის მანძილზე?"
ვფიქრობთ, ბერნსი ჩვენს სათქმელსაც ამბობს. ვეთანხმებით არა მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოს ნაკრებიც სუსტია, არამედ პირველ რიგში იმის გამო, რომ ფეხბურთის ერთ-ერთი უმთავრესი ხიბლი მისი დემოკრატიულობაა...
მაგ:თი აუტიდან. 10 აუტიდან სემოგდებული ბურთიდან 7 ბერძნებს დარჩა. ბერდძნების შემოგდებული კი ვერცერთი ვერ მოიგეს. საბჭოთებს და რამდენიმე სხვას ევროპაში უნდა შეუქმნა ცალკე ჩემპიონატი და იბლაყუნებენ ერთად :))))