TimeLine: ცხრა ჯვაროსნული ლაშქრობა

AutoSharing Option
29 თებერვალს დილით ბრაზილიის ნაკრების ფორმის ფერის სამარშრუტო ტაქსიში 45-50 წლის ქალბატონს მივუჯექი. ჟურნალი გადაშალა, მეორე გვერდზე ჰოროსკოპი ეწერა. თვალი მორიელის ნიშნისკენ გამექცა: თუ ძველს მოიშორებთ და ახლით ჩაანაცვლებთ, წარმატებული დღე გელითო.

ვის არ უნდა წარმატებული დღე, მით უმეტეს, როცა საღამოს შენი ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ალბანეთს ეთამაშება?! ჰოდა, გადავწყვიტე რუბრიკა "ტაიმლაინში" თხრობის ღერძი შემეცვალა და გასული შვიდდღეულის ამბების ნაცვლად საქართველოს ნაკრები ჩამესვა. 29 თებერვალს ხომ ორმაგად მნიშვნელოვანი დღე იყო: პირველი - ეს რიცხვი მსოფლიოს ჩემპიონატივითაა, ოთხ წელიწადში ერთხელ მოდის.

და
მეორე - ფეხბურთელებმა სწორედ ნაკიან დღეს გადადგეს პირველი ნაბიჯი მეათე ციკლისკენ (ხუთჯერ ევროპის პირველობის შესარჩევი აქვთ ნათამაშები, ოთხჯერ - მსოფლიოსი), ალბანეთის ნაკრებს ამხანაგურად გაეჯიბრნენ.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებ-საიტზე შევიხედე, "ჯვაროსნები შეიკრიბნენ", - ასე ერქვა წინასამატჩო სტატიას.

მაშინვე გადავხედე მსოფლიო ისტორიას: შუა საუკუნეებში ცხრა ჯვაროსნული ლაშქრობა მოეწყო, სწორედ იმდენი, რამდენი შესარჩევი ციკლიც საქართველოს ნაკრებს აქვს ჩატარებული. კიდევ უფრო საინტერესო პარალელთან გვაქვს საქმე: ისევე, როგორც ჩვენი ნაკრებისთვის, ევროპელი ჯვაროსნებისთვისაც პირველი ლაშქრობა აღმოჩნდა ყველაზე წარმატებული.

გემახსოვრებათ, ევრო-1996-ის შესარჩევ ციკლში ალექსანდრე ჩივაძის გაწვრთნილმა გუნდმა მესამე ადგილი დაიკავა. ასეთ შედეგზე დღეს მხოლოდ ოცნება შეგვიძლია. რაც დრო გადის, მით მეტად ვშორდებით სანუკვარ მიზანს - მსოფლიოსა თუ ევროპაზე თამაშს.

პირველი ხუთჯვრიანი დროშა იერუსალიმში შესულმა გოტფრიდ ბულონელმა რომ აღმართა, ამაზე და შუა საუკუნეების სხვა ამბებზე თხრობას არ ვაპირებ, რადგან თქვენ წინაშე სპორტული გაზეთია. ქვემოთ მოკლედ გავიხსენებ ცხრა საფეხბურთო ლაშქრობას, რომლებმაც შედეგი ვერ მოგვცა, მსოფლიოსა თუ ევროპის უპირველეს ფორუმზე ხუთჯვრიანი დროშა ერთხელაც ვერ ავაფრიალეთ.

პირველი ლაშქრობა - ევრო 1996
პაპი ურბან მეორის მოწოდებას, იერუსალიმის გასათავისუფლებლად დარაზმულიყვნენ, ბევრი ქვეყანა გამოეხმაურა და 1096 წელს ვროპელი მოლაშქრეები პალესტინისკენ დაიძრნენ. ქართველები პირველად 900 წლის შემდეგ, 1996 წელს ჩაერთვნენ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში.

ჩვენი მეტოქეები იყვნენ ბულგარეთი, გერმანია, უელსი, მოლდოვა, ალბანეთი. 5 მოგება... ასეთი შედეგი მას შემდეგ ჯერ არ გვქონია.

მიტინგებზე ზუსტად რამდენი ადამიანი იკრიბება, არ ვიცი, მაგრამ სპორტული ღონისძიებებიდან 1995 წელს გამართული საქართველო-გერმანიის თამაში იყო სარეკორდო - 110 ათასი გულშემატკივარი დაესწრო. საოცარი სანახავი იყო სიგარეტის ბოლში გახვეული, ხალხით გადაჭედილი სტადიონი. კარგად მახსოვს, შუა გზაში ჩემს ფეხსაცმელს ძირი ასძვრა, შინ ავბრუნდი და მატჩზე ამიტომაც დამაგვიანდა. ისევე, როგორც ბევრმა, ჩემი ადგილი მეც ვერ ვიპოვე. იურგენ კლინსმანის პოვნა კი არ გამჭირვებია, ამაზე თავად გერმანელმა იზრუნა...

ყველაზე კარგად უელსთან მატჩს "ვუყურე": მეზობელ ქუჩაზე ძიასთან გადავედი - სწორედ მასთან უჩვენებდა პირველი არხი. ფეხებზე შემდგარ ტელევიზორში თავიდან ფეხბურთელის სილუეტი რამდენჯერმე გამოკრთა, მაგრამ მალე ეკრანი შავ-თეთრმა წერტილებმა დაფარა... პირველ ტაიმში კომენტატორის ხმა გვესმოდა, მეორეში აღარც ის იყო - სინათლე ჩაქრა.

მეორე - მუნდიალი-1998
მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატის შესარჩევში ორი გველეშაპის გვერდით აღმოვჩნდით: ინგლისისა და იტალიის. მათ გარდა პოლონეთსა და მოლდოვას ვეთამაშეთ.
იტალიასთან მატჩზე სამ მეგობართან ერთად წავედი: ერთი მეკარე იყო, გაბარიტებით პერუცის ჰგავდა და სწორედ პერუცის სანახავად წამოვიდა; მეორე გერმანიის ქომაგია და უბრალოდ, კარგი ფეხბურთის ხილვა სურდა; მე რობერტო ბაჯოს თამაში მაინტერესებდა.

ცხადია, ყველა საქართველოს ვქომაგობდით. მატჩის შემდეგ სტადიონზე ყველა გაზეთი აალდა. ეს კმაყოფილებისა და მადლიერების ნიშანი იყო - იტალიას, რომელსაც გამარჯვება ჰაერივით სჭირდებოდა, 0:0 ვეთამაშეთ.

მესამე - ევრო-2000
წინა ციკლებისგან განსხვავებით გრანდები აგვცდ., საბერძნეთს, სლოვენიას, ნორვეგიას, ალბანეთსა და ლატვიას შორის მეორე ადგილს როგორ ვერ დავიკავებთო - სხვებთან ერთად მეც მეიმედებოდა.

სლოვენიასთან თბილისში ზაზა ჯანაშიამ "გვერდულა მაკრატელათი" რომ გაიტანა, გავიქეცი და მეგობრები ნაყინზე დავპატიჟე, მაგრამ ის მატჩი 1:1 დასრულდა. სწორედ ამ ციკლში გამოჩნდა, რომ ჯგუფიდან გასვლისთვის სხვა რესურსი გვჭირდებოდა (დღემდე ასეა): საბერძნეთთან მატჩში 1:0-ს ვიგებდით. რაც დრო გადიოდა, მით მძიმდებოდა საქართველოს ნაკრები. მწვრთნელი, იოჰან ბოსკამპი კი ხმამაღლა ყვიროდა - უკან დაბრუნდითო, მაგრამ ტოტალური ფეხბურთი ვერ ვითამაშეთ - არც ძალა გვეყო და არც სათადარიგოები იყვნე, ისეთები, თამაშს რომ გამოაცოცხლებდნენ. ბოლო წუთებზე 2 გოლი მივიღეთ.

მეოთხე - მუნდიალი-2002
იაპონია-კორეის (2002) გზას კარგად შევუდექით. იტალიას ვერ ვაჯობებდით, მაგრამ რუმინელებისთვის თბილისში რომ მოგვეგო, ჯგუფიდან გამსვლელ მეორე ადგილზე გავიდოდით. როგორ ველოდით ვლახებთან თამაშს... 0:2 დავმარცხდით.

არადა, კარგად დავიწყეთ: 7 ოქტომბერს ჩვენს პატარა ვენახში რთველი გვქონდა. ლიტვა-საქართველო სწორედ მაშინ დაიწყო, დაღლილები სუფრას რომ მივუსხედით. იუბილარის გარდა ერთი კაცი ორჯერ ედღეგრძელებინოთ, პირველად მაშინ ვნახე - ყველა გოლის ავტორს თითო დალოცვა შეხვდა, თემურ ქეცბაიამ ორი გოლი გაიტანა... 4:0.

მეხუთე - ევრო-2004
ამასობაში ციკლში ერთი გასროლა წესად გვექცა: ევრო-2004-ის შესარჩევში ბოლო ადგილი დავიკავეთ (რუსეთი, ირლანდია, შვეიცარია, ალბანეთი), მაგრამ 30 აპრილს ისტორიული გამარჯვება მოვიპოვეთ. ვის არ ახსოვს მალხაზ ასათიანის თავური რუსეთის კარში...

კიდევ კარგი, რუსეთთან შემოდგომით დაგეგმილი მატჩისას შუქი ჩაქრა და გაზაფხულისთვის გადაიდო.

მეექვსე - მუნდიალი-2006
მსოფლიოს 2006 წლის შესარჩევში უკრაინას, თურქეთს, საბერძნეთს, ალბანეთსა და ყაზახეთს დავუპირისპირდით. ...ბუნდოვნად მახსოვს. თუ არ ვცდები, მაშინ ნაკრებს ალენ ჟირესი წვრთნიდა, მალხაზ ასათიანი შემტევ ნახევარმცველად თამაშობდა. ერთი ასათიანი ახლაც როგორ დაგვხატავდა!

დანიასთან 1:6-იც არ მახსოვდა, მაგრამ საიტ "ვიკიპედიაზე" საქართველოს ნაკრების გვერდზე მნიშვნელოვან ადგილას წერია - სარეკორდო მოგება სომხებთან (7:0) და სარეკორდო წაგება დანიასთან (1:6).

მეშვიდე - ევრო-2008
"ევროპაზე ოცნება საქართველოში დასამარდა", - ასეთი სათაური ჰქონდა საქართველო-შოტლანდიის მატჩს "სკოჩების" ქვეყანაში. 2:0 მოვიგეთ. სხვათა შორის, ეს მატჩიც რთველს დაემთხვა, მაგრამ ბევრი საქმე გვქონდა და ტელევიზორი საწნახელს ამოვუდგით გვერდში. სხვა გასახსენებელი არაფერია.

მერვე - მუნდიალი-2010
მეგობარმა შენიშნა: უიღბლო კაცი ყოფილა ექტორ კუპერი - ნაკრებთან ერთად ყველაზე მეტი იშრომა (საქართველოში ცხოვრობდა, სამშაბათობით შიდა ჩემპიონატის ფეხბურთელებს კრებდა) და ყველაზე უარესი შედეგი "მოიმკა" - გუნდმა ერთი მატჩიც ვერ მოიგო. არადა, მეტოქეები სულაც არ იყვნენ უძლეველნი: კვიპროსი, ჩერნოგორია, ბულგარეთი, იტალია.

მეცხრე - ევრო-2012
1995-96 წლების დროინდელი ნაკრებით ევრო-2012-ის შესარჩევზე რომ გვეთამაშა, ჯგუფიდან უთუოდ გავიდოდით, მაგრამ მას შემდეგ მთელი შემადგენლობა შეიცვალა და 90-იანი წლების ერთ-ერთი ლიდერი, თემურ ქეცბაია მთავარ მწვრთნელად მოგვევლინა.

გავისროლეთ ხორვატიასთან, მაგრამ უფერულად ვითამაშეთ რიგით შეხვედრებში, მაგალითად - ისრაელთან. უფერული იქნებოდა, აბა რა - მატჩისთვის არ მიყურებია, ღამის სიბნელეში, ეზოში რადიოში ვუსმინე (შეხვედრას შვებულება დაემთხვა და შინ არ ვიყავი).

წინასწარ მეათე ლაშქრობაც განწირული ჩანს: ჩვენს ჯგუფში, ბელარუსის და ფინეთის გარდა, საფრანგეთი და ესპანეთია. როგორც მწვრთნელი ამბობს, ამ ციკლში ხმლები უნდა ავლესოთ, შემდეგში კი...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
კრიტიკოსო გივი, ტაქტიკაზე ლაპარაკი კარგი იქნებოდა, გეთანხმები. ასევე, კარგი იქნებოდა, გვესაუბრა ქართულ საფეხბურთო სამყაროში და, ზოგადად, ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე და მარტივი ანალიზის შედეგად მიხვდებოდი, რომ ის, რაც შენ პესიმიზმი გგონია, არის რეალიზმი.
dudu
09:55 02-03-2012
0
დიდი ბოდიში მაგრამ ტვინი შეიჭამა უკვე ამ თქვენი პესიმისტური სტატიებით რა... კრიტიკა და ანალიზი ერთია და ხატოვანი დემაგოგია მეორე... არ გაგჩენიათ სურვილი, რომ დაწეროთ რეალურ ტაქტიკურ მონახაზზე, სათამაშო ლაფსუსებზე, ფეხბურთელების მომზადებაზე და ა.შ.??? იმათ რომ სთხოვთ, თქვენ აკეთებთ თქვენს საქმეს ისე, როგორც საჭიროა?...

თემურის ბევრი ნაკლი აქვს, მაგრამ ამ წუთისთვის საუკეთესო ვარიანტია, ვინც შეიძლება საქართველოს ნაკრების მწვრთნელად წარმოიდგინო...
გუნდი თანდათან შეიკრა და ესაა ყველაზე მთავარი...აი ნახავთ, შედეგი აუცილებლად მოვა თანდათან...
კრიტიკოსი გივი
19:45 01-03-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული