ლევან ყენია: ზაფხულში გელზენკირხენის "შალკეს" დავტოვებ

AutoSharing Option
"უშენოდ მოსაწ-ყენია ლევან!" - ეს პლაკატი "მიხეილ მესხის" სტადიონზე ქართული სპორტის ქომაგებმა ჯერ კიდევ საქართველო-მოლდოვას მატჩის დროს გადმოფინეს.

2009 წლის ოქტობრის შემდეგ ტრავმისგან გატანჯულ ლევან ყენიას არც ნაკრებში უთამაშია და არც კლუბში. ალბანეთის მატჩის მეორე ტაიმში კი მთელმა სტადიონმა დაიწყო გუგუნი - "ყენია-ყენია!" და 74-ე წუთზე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ლევანი მოედანზე ჯანო ანანიძის ნაცვლად შეიყვანა.

"ყენია მოედანზე მხოლოდ მაყურებლების ხათრით არ შემიყვანია. დიდი ხანია, ის უთამაშებელია და მინდოდა, ფსიქოლოგიურად დავხმარებოდით, მოედანი და თამაში ეგრძნო", - თქვა მატჩის შემდგომ
პრესკონფერენციაზე ქეცბაიამ.

მოედანზე ყენიას თავი დიდად არც გამოუჩენია, თანაგუნდელებიც ბურთს თითქმის არ აწვდიდნენ და თავადაც ამბობს, რომ ჯერ ფორმაში არ არის. მაგრამ თავად ფაქტია მნიშვნელოვანი - 2008 წელს მსოფლიოს გამორჩეულ ტალანტებში დასახელებული ქართველი პლეიმეიკერი მოედანს დაუბრუნდა, დანარჩენი კი მასზეა დამოკიდებული.

- ალბათ, მოედანზე გატარებულ წუთებზე მნიშვნელოვანი თავად მოედანზე შესვლა იყო...
- რა თქმა უნდა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ვითამაშე. მთავარია, რომ ძალიან დიდი შესვენების შემდეგ ნაკრებს დავუბრუნდი.

- შიში არ გქონდა?
- რომ არ დაგიმალოთ, მქონდა. ეს თამაშის დროსაც დამეტყო, ბურთი თითქმის არ მიმიღია. იმედია, შემდეგ მატჩებში ფორმაში შევალ და ნაკრებს მომავალში გამოვადგები.

- რას ფიქრობ, სასურველ ფორმას როდის აღიდგენ?
- დრო მჭირდება, ფორმამდე კი ჯერ ბევრი მიკლია. მაგრამ ვარჯიშებით ეს შესაძლებელია.

- რა უფრო რთულია, შიშის დაძლევა თუ ფორმის აღდგენა?
- ორივე რთულია... ალბათ, ჯერ მაინც შიში უნდა დავძლიო, ფორმის აღდგენაც ამაზე იქნება დამოკიდებული. სხვათა შორის, მოედანზე შესვლამდე ვნერვიულობდი, რადგან ალბანელები ხისტად თამაშობდნენ. მაგრამ მათთან რამდენჯერმე ბრძოლაში შევედი და მგონი, შიშის გრძნობა უკვე დავძლიე.

- ახლა "შალკეში" სრული დატვირთვით ვარჯიშობ?
- დიახ, სრულ დატვირთვაზე გადამიყვანეს.

- უჩვეულო მონდომება ნაკრების ვარჯიშზეც გეტყობოდა...
- რა თქმა უნდა, ჩემთვის ახლა ვარჯიშიც სიხარულია. ორწელიწადნახევრის შემდეგ მოედანზე რომ დავდგი ფეხი, ვერ წარმოიდგენთ, რა გახარებული ვიყავი. არადა, იყო დრო, ფეხბურთისთვის თავის დანებებას ვაპირებდი.

- ამაზე სერიოზულად ფიქრობდი?
- დიახ, მქონდა ასეთი პერიოდი, მაგრამ ამ ფიქრებმა გადამიარა. ქეცბაიამ ნაკრებში რომ გამომიძახა, ამის შემდეგ ჩემთვის სურათი სრულიად შეიცვალა.

- მოულოდნელი იყო, მაყურებელი შენ გვარს რომ სკანდირებდა?
- ძალიან მოულოდნელი იყო და დიდი პასუხისმგებლობა ვიგრძენი.

- "შალკესთან" სხვა გუნდში განათხოვრებაზე არ გილაპარაკია?
- "შალკესთან" კონტრაქტი ზაფხულში მიმთავრდება და არ ვიცი, შემდეგ რა იქნება. მგონია, რომ უფრო გუნდიდან წავალ.

- გერმანელები კონტრაქტის გაგრძელებას აღარ გთავაზობენ?
- ფაქტია, რომ მათგან ძველებურ ყურადღებას ვეღარ ვგრძნობ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული