კობიაშვილი ამ შეხვედრაში ბერლინელების კაპიტანი გახლდათ და შეხვედრაც საკმაოდ კარგად ჩაატარა.
"ჰერტა" ბუნდესლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის და მთავარი ბრძოლები წინ აქვს. თებერვლის ბოლოს "ჰერტას" ახალი მთავარი მწვრთნელი დაუნიშნეს - 73 წლის ოტო რეჰაგელი. ამ ჭარმაგი სპეციალისტის რეგალიებს ახლა არ ჩამოვთვლით, მას ისედაც ყველა იცნობს, სანაკრებო თუ საკლუბო დონეზე მან ხომ საკმაოდ ბევრს მიაღწია და იმედია, კობიაშვილის გუნდშიც წარმატებული გამოდგება მისი მწვრთნელობა.
კობიაშვილს ტელეფონით ვესაუბრეთ. მისთვის არაერთხელ
კობიაშვილმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 100 მატჩი ითამაშა, ჩვენი ნაკრებისთვის ყველაზე მეტჯერ გავიდა მოედანზე. ის ახლა ბუნდესლიგურ რეკორდსაც უმიზნებს - რვა ბუნდესლიგური მატჩი და ზე რობერტოს გადაასწრებს, გერმანიის უპირველეს ლიგაში ლეგიონერებს შორის ყველაზე მეტი თამაში დაუგროვდება.
ემოციები კი უფრო ეროვნულ გუნდს უკავშირდება. უკვე ორი მატჩია, კობიაშვილს ნაკრებში აღარ ეძახიან...
ლევანთან საუბარი კი ბუნდესლიგური ამბებით დავიწყეთ:
- ბრემენელებთან მატჩში "ჰერტა" ფავორიტი არ იყო, თუმცა გამარჯვება მაინც მოახერხეთ - რის ხარჯზე შეძლო ეს გუნდმა?
- ბრძოლის და სირბილის ხარჯზე. მოედანზე ჩვენ უფრო მეტი სამუშაო შევასრულეთ, ვიდრე მეტოქემ. აღმოჩნდა, რომ "ვერდერზე" უფრო ორგანიზებული გუნდი ვიყავით ამ კონკრეტულ შეხვედრაში და იღბალიც ჩვენს მხარეს იყო. ასე ვთქვათ, ფეხბურთის თამაშით ეს მატჩი არ მოგვიგია.
ისევ ცხრილის ქვედა ნაწილში ვიმყოფებით და ფსიქოლოგიურადაც ჯერ არ ვართ კარგ სიტუაციაში. ერთი მოგებული თამაში ვითარებას ვერ გამოასწორებს. მომდევნო შეხვედრებშიც ბრძოლისა და მაქსიმალური კონცენტრაციის ხარჯზე უნდა ვეცადოთ წარმატების მიღწევას.
- ოტო რეჰაგელმა რა ცვლილებები განახორციელა "ჰერტაში", რითი ცდილობს გუნდის თამაშის და შედეგის გამოსწორებას?
- როცა ახალი მწვრთნელი შუა სეზონში მოდის გუნდში, ეს მას დამატებით სირთულეებს უქმნის. ასეთ დროს მწვრთნელი ძალიან შეზღუდულია დროში. რეჰაგელმა რამდენიმე ფეხბურთელს პოზიცია შეუცვალა: ფანოლ პერდედაი და კრისტოფ იანკერი ძირითადში ათამაშა, გოლის გამტან ნიკიტა რუკავიციასაც მანამდე არ უწევდა სასტარტოში თამაში. გუნდს დაუბრუნდა კრისტიან ლელიც.
გარდა ამისა, რეჰაგელი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ფსიქოლოგიურ მომზადებასაც. ის ცალ-ცალკე გვესაუბრება ფეხბურთელებს, ცდილობს, ყველას ინდივიდუალურად მიუდგეს და ვფიქრობ, რომ ეს საჭიროა.
- რეჰაგელმა შენც შეგიცვალა პოზიცია...
- კი, ნახევარდაცვაში გამამწესა მცველების წინ. ამ პოზიციაზე "ჰერტაში" მანამდე არასდროს მითამაშია.
- "ვერდერთან" გუნდის კაპიტანი იყავი, ეს მწვრთნელის გარეშე ვერ მოხდებოდა...
- "ჰერტას" კაპიტანი ანდრე მიატოვიჩი "ვერდერთან" შეხვედრაში მოედანზე არ იყო. კაპიტანი ან ლელი უნდა ყოფილიყო, ან მე. კაპიტნობა სასიამოვნოა, თუმცა ამაში განსაკუთრებული მგონი არაფერია.
- მიმდინარე ბუნდესლიგაში "ჰერტა" ახლა მე-15 ადგილზეა, გასავარდნ ზონაში საკმაოდ სიმჭიდროვეა. როგორ გგონია, "ჰერტას" კონკურენტებთან შედარებით უკეთესი რესურსი აქვს?
- ბუნდესლიგაში საერთო დონე ერთობ გათანაბრდა. მაგალითად, "კიოლნი" მხოლოდ ორი ქულით გვისწრებს, არადა, სეზონის წინ ყველას ეგონა, რომ მოწინავეთა შორის იქნებოდა.
"დორტმუნდს" სტუმრად მოვუგეთ, "ვოლფსბურგისა" და "შტუტგარტის" დამარცხებაც მოვახერხეთ, მერე კი "აუგსბურგთან" 0:3 წავაგეთ. ასე რომ, რესურსის მხრივ ბუნდესლიგის თითქმის ყველა გუნდი თანაბარ სიტუაციაშია. ვერავინ იტყვის, რომ "ჰერტას" სხვაზე უფრო გრძელი სკამი აქვს ან პირიქით.
- ბუნდესლიგაში პროგნოზების კეთება ალბათ განსაკუთრებულად რთულია. ალბათ, ცოტას თუ სჯეროდა, რომ მიუნხენის "ბაიერნს" ისევ შეექმნებოდა პრობლემები და ისევ "დორტმუნდი" გახდებოდა ჩემპიონობის უმთავრესი კანდიდატი...
- ფაქტია, რაღაც ხდება "ბაიერნში". სეზონის დასაწყისში თითქოს ყველაფერი ისე მიდიოდა, როგორც ეს მოსალოდნელი იყო, ახლა კი..."დორტმუნდს" მარიო გიოტცე აკლია და მაინც ჩინებულად თამაშობს, ისევ იმ თამაშს აჩვენებს, რასაც წინა, საჩემპიონო სეზონში - არ მეგონა, თუ ყველაფერი ასე მოხდებოდა.
- კიდევ რვა თამაში ბუნდესლიგაში და რეკორდსმენი გახდები - ეს ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა იქნება ლევან კობიაშვილისთვის...
- რა თქმა უნდა, თუ ამას მოვახერხებ, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ყველა მატჩს სერიოზულად ვეკიდები. ფეხბურთის თამაშიდან კვლავ დიდ სიამოვნებას ვიღებ, მიხარია, რომ ბუნდესლიგაში ამდენი მატჩის თამაში (329 - რედ.) შევძელი და ბედნიერი ვარ იმით, რომ ამ ასაკში კიდევ მაქვს ჯანი, ბუნდესლიგაში ვითამაშო.
- შევცვალოთ თემა. ზედიზედ მეორედ ლევან კობიაშვილსა და ალექსანდრე იაშვილს ეროვნულ ნაკრებში აღარ იწვევენ. ეს რას უნდა ნიშნავდეს, თემურ ქეცბაიას აღარ სჭირდებით?
- ფაქტია, რომ ნაკრებში აღარ გვიწვევენ. ამ თემაზე მკაფიოდ საუბარს მაინც მოვერიდები. სანამ ქეცბაიას არ დაველაპარაკები, ამ საკითხის წამოწევას არ ვაპირებ.
- ანუ ქეცბაიას ჯერ არ უთქვამს, კობიაშვილი სჭირდება თუ არა?
- მოლდოვასთან მატჩის წინ დამელაპარაკნენ და მითხრეს, რომ ამ თამაშისთვის ახალი ფეხბურთელების მიწვევას აპირებდნენ. ეს სავსებით ნორმალურია და მეც ჩვეულებრივად მივიღე ეს ყველაფერი.
- არ გეჩვენება, რომ რაღაც უცნაურობა ხდება? ეროვნულ ნაკრებში 100 მატჩის მთამაშებელმა ფეხბურთელმა არ იცის, ნაკრებში ისევ მიიწვევენ თუ არა...
- მიმაჩნია, რომ ვიმსახურებდი იმას, დაერეკათ და პირდაპირ ეთქვათ სათქმელი. მესმის, რომ მწვრთნელი არ არის ვალდებული, ყოველი სანაკრებო თამაშის წინ ფეხბურთელს ახსნა-განმარტება ჩააბაროს, თუ რატომ არ იწვევს ნაკრებში, თუმცა არც მე და არც იაშვილი 20 წლის ბიჭები არ ვართ და ერთი და ორი მატჩი არ გვითამაშია ეროვნულ გუნდში და შეიძლებოდა, სხვანაირად მომხდარიყო ყველაფერი...
- გინდა თქვა, რომ ყველაფერს თავის წესი და ეტიკეტი აქვს?
- კარგად ვიცი, რომ კობიაშვილი ასი წელი ვერ ითამაშებს ნაკრებში. ვერც ქეცბაია იქნება ასე წელი ნაკრების მწვრთნელი და ვერც სიჭინავა იქნება ასი წელი ფედერაციის პრეზიდენტი.
შესაძლოა, ვიღაცას ჰგონია, რომ კობიაშვილს ბრწყინვალე წარსული ჰქონდა. აგრეთვე შესაძლებელია, ვიღაცას ეგონოს, რომ კობიაშვილს ბრწყინვალე აწმყო აქვს. ადრე თუ გვიან ყველაფერს აქვს დასასრული, ოღონდაც როცა გადაწყვეტილებას იღებ ადამიანზე, უნდა გამოინახოს ის ჩარჩო, რომელშიც ამ ყველაფერს მოაქცევ, რომელსაც ეს ადამიანი იმსახურებს...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"