დათო სირაძე: ეს ფეხებზე დაკიდებაა! თემურ ქეცბაიას გულისწყრომა რითი დავიმსახურე?

AutoSharing Option
უკვე მესამე მატჩია, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია დავით სირაძეს შეკრებებზე აღარ იწვევს. საბერძნეთთან, მოლდოვასა და ალბანეთთან მატჩებმა გამოცდილი თავდამსხმელის გარეშე ჩაიარა.

ამის გამო ევროშესარჩევ ციკლში ყველაზე მეტი გოლის გამტანი მოთამაშე გაკვირვებული და უკმაყოფილოა.

დავით სირაძეს ინტერვიუ სწორედ სანაკრებო თემაზე ჩამოვართვით.

- ნაკრებში არგამოძახებას შეეგუე?
- ამას ვერასოდეს შევეგუები. მიზეზს ვერ ვხედავ და ვერ ვხვდები, ნაკრების მწვრთნელის გულისწყრომა რითი დავიმსახურე.

საერთოდ ჩამომაშორეს ნაკრებსაც და რაც ყველაზე გულდასაწყვეტია, არავინ არსად მახსენებს
- არც ტრავმირებულებში და არც გამოსაძახებლებში. რატომ, დავაშავე რამე?

- ქეცბაია ემოციური კაცია და იქნებ შენგან რაიმე ეწყინა?
- ვერ ვხვდები, ჩემგან რა უნდა სწყენოდა? ფეხბურთელი ვარ და ნაკრებში გამოუძახებლობაც მე მწყინს. არც კონფლიქტური ვარ და მწვრთნელთან დაპირისპირებაც აზრად არ მქონია, მაგრამ ჩემი გულისტკივილი არ უნდა ვთქვა? არა მგონია, ამის ხმამაღლა თქმა გამაღიზიანებელი იყოს.

როდესაც ნაკრებში დანიშნეს, ქეცბაია ამბობდა, ფეხბურთელს არ უნდა აკმაყოფილებდეს მხოლოდ ნაკრებში გამოძახება, თამაშის ამბიციაც უნდა ჰქონდესო.

- მიწვევის იმედიც აღარ გაქვს?
- ნაკრებში თამაშის იმედი ყოველთვის მექნება. მთავარია, რომ ნაკრებში "ცარიელი ადგილი" არ ვყოფილვარ და გოლებიც გამქონდა. რუსეთის პრემიერლიგაში ვთამაშობ და არა დაბალი დონის ჩემპიონატში, ნალჩიკის "სპარტაკის" ძირითადი შემადგენლობის მოთამაშედ მთვლიან. გუნდს რომ არ ვჭირდებოდე, იცით, რა იოლად შემელეოდნენ?

შესაძლოა, "სპარტაკი" რუსეთის პრემიერლიგაში ერთ-ერთი ღარიბი კლუბია, მაგრამ იმდენი ფინანსები მაინც აქვს, სასურველი მოთამაშეები რომ მიიწვიოს.

- თუ იმსახურებ, რატომ არ გიწვევს ქეცბაია? ემოციურია, მაგრამ უწესობას ვერავინ დასწამებს...
- შეიძლება უწესობის გამო არ გამოიძახო, მაგრამ ფეხბურთში არგამოძახების კიდევ ბევრი მიზეზი არსებობს. ხომ უნდა თქვა და აუხსნა მოთამაშეს და გულშემატკივარს, ამა და ამის გამო აღარ მჭირდება სირაძეო. მაგრამ მსგავსი არაფერი თქმულა. ფეხებზე დაკიდებაა, როცა აღარავინ გიკავშირდება და არ გახსენებენ.
ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, თითქოს ნაკრებში არასოდეს ვყოფილვარ.

კიდევ გავიმეორებ, რა იყო პოლონეთთან ამხანაგურ მატჩზე ჩემი ჩამოუსვლელობის მიზეზი: ნაკრებში თამაშისთვის თავი ნაღდად არ ამირიდებია, - ეს აბსურდია. ვიზის აღებას ვერ ვასწრებდი. არც უთამაშებელი ვყოფილვარ, როგორც ამბობდნენ. რუსეთის პრემიერლიგაში ვინ თამაშობს და ვინ არა, ამის გაგება ადვილია. და კიდევ, ხორვატებთან სტუმრად თამაშისას ქეცბაიასთვის შეცვლა არ მითხოვია.

- ალბანეთთან საქართველოს ნაკრების თამაშს ნახავდი. რა შთაბეჭდილება დაგრჩა?
- სამწუხაროდ, ვერ ვუყურე, მაგრამ ძალიან გამიხარდა, გუნდმა წელი გამარჯვებით რომ დაიწყო. არავინ იფიქროს, რადგან არ მიწვევენ, ნაკრების წარმატება მწყინს. ეს ჩვენი ქვეყნის ნაკრებია და მისი თითოეული გამარჯვება ჩემთვის ძვირფასია.

აქვე კიდევ ერთხელ ვიტყვი გუჯა რუხაიაზე: მას ჩემზე კარგად არავინ იცნობს და დარწმუნებული ვარ, საქართველოს ნაკრებს დიდ ძალას შემატებდა. რამდენი ხანია ვუყურებ და ძალიან საჭირო მოთამაშეა. ასევე ვფიქრობ გოგიტა გოგუაზე. ის ნაკრებში თამაშს იმსახურებს, რაც არაერთხელ დაამტკიცა.

- ლადო დვალიშვილის შესახებ რას იტყვი, ახლა მას ნაკრებში მძიმე დღეების გადატანა მოუხდა...
- ლადო ჩემი მეგობარია და გულწრფელად ვგულშემატკივრობ. ყოველთვის მქონდა მისი იმედი და დარწმუნებული ვარ, მალე ისევე დაიწყებს გატანას, როგორც პირველი სანაკრებო მატჩების დროს. იქნებ ეს ვინმეს დაავიწყდა? ნაკრებში რომ პირველად გამოიძახეს, ყველას დიდი იმედი გაუჩნდა, რადგან ბევრი გაჰქონდა.

პენალტის გაფუჭება და დათარსული პერიოდი კი ყველაზე ცნობილ თავდამსხმელებსაც ჰქონიათ და ლადოს ახლა გამხნევება და თანადგომა უფრო სჭირდება, ვიდრე ხელის კვრა და ძაგება.

- ნალჩიკის "სპარტაკმა" სეზონი წარუმატებლად დაიწყო და "ვოლგასთან" წააგო. შენი აზრით, გუნდს პრემიერლიგაში დარჩენის რა შანსი აქვს?
- "ვოლგასთან" არახელსაყრელ პირობებში ვითამაშეთ. ჯერ ერთი, მატჩი ხელოვნურ საფარზე ჩატარდა, სადაც "ვოლგა" ემზადებოდა. ჩვენ კი ანტალიიდან მატჩის წინა დღეს ჩამოვფრინდით და მინდორზე ვარჯიშების შემდეგ ხალიჩაზე თამაში გაგვიჭირდა. მეორეც, სითბოდან უცებ სიცივეში მოვხვდით და ჩვენი შესაძლებლობები ვერ ვაჩვენეთ. მაგრამ პრემიერლიგაში დარჩენის იმედი გვაქვს და ბოლომდე ვიბრძოლებთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
genacvalet ra chemi komentarebi ar modis tkven madashi rom ar debt??? tu akac mishas xeli urevia blin
სანდრო
17:47 10-03-2012
0
alex--მეგობარო, ვერც ახალგაზრდები იტანენ ბურთს-ბურთზე, მაგრამ მათ დათოსგან განსხვავებით მომატების პერსპექტივა გააჩნიათ.
გოგუასთან დაკავშირებით გეთანხმები.
Burton
18:33 10-03-2012
0

სიახლეები პოპულარული