აზერბაიჯანული რეალობა - რაც შეძლო კახა ცხადაძემ, ვერ შეძლეს სხვა უცხოელებმა

AutoSharing Option
ზოგადად, ნებისმიერ ქვეყანაში უცხოელებს გამადიდებელი შუშით აკვირდებიან. ლეგიონერ მოთამაშესაც მეტი მოეთხოვება და მწვრთნელსაც, მათ თითოეულ ნაბიჯს ადგილობრივზე მეტი სკეპტიციზმით აფასებენ.

გამონაკლისი არც აზერბაიჯანია, სადაც თავისიანებს მეტად ეფერებიან, უცხოელები კი მუდმივ სამიზნეში ჰყავთ ამოღებული.

"ყარაბახის", "ბაკისა" და "ნეფთჩის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი ბეიუქაღა აგაევი "აზერისპორტს" უცხოელ მწვრთნელებზე ელაპარაკა და ბაქოს "ინტერის" მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე უცხოელებში გამოარჩია:

"კლუბებში უფრო უცხოელ სპეციალისტებს ენდობიან. მათ მეტსაც უხდიან, მაგრამ შედეგები არ არის. ბოლო რამდენიმე თვეში აზერბაიჯანი დატოვეს ცნობილმა სპეციალისტებმა: მირჩა რედნიკმა, ტონი ადამსმა, სერგეი იურანმა,
ახლა - ალექსანდრ სტარკოვმაც. მათ ყველა პირობა შეუქმნეს.

ჩვენი მწვრთნელებისთვისაც მსგავსი პირობები რომ შეექმნათ "ხაზარსა" და "გაბალაში", აუცილებლად გახდებოდნენ ჩემპიონები. პრობლემა მწვრთნელებშია. უცხოელები თვლიან, რომ აზერბაიჯანში საერთოდ არ არის ფეხბურთი, აქ მუშაობა კი ადვილია. მაგრამ როდესაც რეალობას აწყდებიან, ხვდებიან, რომ ბრძოლის გარეშე ფულის გამომუშავება შეუძლებელია.

არ ვიცი, რატომ წავიდნენ უცხოელები, მაგალითად, მირჩა რედნიკი. ადამსის ამბავი გასაგებია - ის "არსენალის" ლეგენდა იყო, მაგრამ მწვრთნელობამდე ვერ გაიზარდა. სერგეი იურანი კი დიდხანს ვერსად ჩერდება და ისეთი აზრი იქმნება, რომ ეს არც შეუძლია. ალექსანდრ სტარკოვის ამბავიც ცხადია - როდესაც მწვრთნელი შედეგს ვერ აჩვენებს, ადრე თუ გვიან უნდა წავიდეს და ეს გადადგომაც მოსალოდნელი იყო.

"ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ კი თავისი გუნდი შექმნა. გასულ წელთან შედარებით, აზერბაიჯანელებს მეტად ენდობა. მისი გუნდი კარგად თამაშობს, ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერია და ოქროს მედლების მოპოვების შანსიც აქვს.

როგორც ჩანს, აზერბაიჯანში გატარებული რამდენიმე წელი კახას დაეხმარა შეექმნა ისეთი კლუბი, როგორიც თავად სურდა".

წაიკითხავ ამ სიტყვებს და უცებ გაავლებ პარალელებს - როგორ ვექცევით საქართველოში უცხოელ სპეციალისტებს. როგორც ჩანს, ლეგიონერი მწვრთნელის ხვედრი ყველგან მძიმეა, მას ორმაგი ჯვარი აწევს მხრებზე და რაც უფრო ძლიერი სპეციალისტია, ადგილობრივებს მით უფრო უჩნდებათ ჯიბრისა და ჯობნის სურვილი. თუმცა თავად ეს პროცესი ფეხბურთის განვითარებას უწყობს ხელს, ადგილობრივებს კი მეტი დაფიქრებისა და სწავლის სურვილს უჩენს.

P.S. აზერბაიჯანის ჩემპიონატში 15 მარტს კიდევ ერთი უცხოელი მწვრთნელი გაათავისუფლეს: "ხაზარის " თავკაცს, თურქ სპეციალისტ ჯუნეით ბიჩერს თასზე "ინტერთან" მარცხი არ აპატიეს. სხვათა შორის, ბიჩერის წინამორბედიც, რუმინელი სპეციალისტი მირჩა რედნიკიც "ინტერთან" წაგების მერე მოხსნეს ამ სამი თვის წინ.

აი, ასე ძვირად დაუჯდათ "ხაზარის"" უცხოელ მწვრთნელებს ქართველ კოლეგასთან, კახა ცხადაძესთან დამარცხება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული