ოთარ ხიზანეიშვილი: საქართველოს ნაკრებში გამოუძახებლობის გამო არავის ვემდური

AutoSharing Option
ოთარ ხიზანეიშვილი თბილისის "დინამოს" დაუბრუნდა და უკვე რამდენიმე დღეა, გუნდთან ერთად ვარჯიშობს.

30 წლის გამოცდილი მცველი, რომელსაც ეროვნული ნაკრების ფორმა 20-ჯერ მოურგია, "დინამოში" თავისუფალი აგენტის სტატუსით ჩაირიცხა.

ოთარი 17 წლის ბიჭი იყო, როდესაც იოჰან ბოსკამპმა საქართველოს ნაკრებში ათამაშა და დუბლებიდან ეროვნულ გუნდში დაწინაურებულმა სკოლის მოსწავლემ უზარმაზარი პოტენციალი გამოავლინა.

2000-01 წლებში მოსკოვის "სპარტაკში" თამაშობდა, 2001 წლიდან "როსტსელმაშში", 2002–04 წლებში "დინამოში" დაბრუნდა, მაგრამ შემდეგ იყო "ფრაიბურგი" (2005-08), "აუგსბურგი" (2008-10), მახაჩყალის "ანჟი" (2010).

სამწუხაროდ, ნიჭიერი მცველის კარიერა ისე ვერ აეწყო, როგორც მას წარმოედგინა
და ბოლოს უსტ-კამენოგორსკის "ვოსტოკში" აღმოჩნდა; მაგრამ თბილისის "დინამოში" დაბრუნება აიმედებს, რომ ჯერ კიდევ შეძლებს დიდი ფეხბურთის თამაშს - 30 წელი კი კატასტროფული ასაკი არ არის.

- ბოლოს "ოლექსანდრიადან" ტრავმის გამო წამოხვედი. ახლა რა მდგომარეობაში ხარ?
- ფეხის კუნთის მცირე ნაწილი მქონდა გაწყვეტილი, მაგრამ ტრავმა მოვირჩინე. ერთი კვირაა, დღეში ორჯერ ვვარჯიშობ და მიმაჩნია, რომ ფორმის 70 პროცენტი აღვიდგინე. თავს უკვე ნორმალურად ვგრძნობ და მალე თამაშსაც შევძლებ.

"ზესტაფონთან" მატჩამდე მწვრთნელი მელაპარაკა, მაგრამ იმ დონეზე მზად არ ვარ, 90 წუთი რომ ვითამაშო, სრულად დავიხარჯო და გაუმართლებელ რისკს ვერიდები. შემდეგი თამაშისთვის კი, შესაძლოა, მზად ვიყო.

თანაც დღეში ორჯერადი ვარჯიშით ორგანიზმი ცოტა გადამეღალა. 23 მარტიდან კი დატვირთვებს ოდნავ შევამსუბუქებ, ჯანი რომ მოვიდეს. დანარჩენს დრო გვაჩვენებს.

- ბოლოს "ოლექსანდრიაში" იყავი და კონტრაქტზე სიტყვიერადაც შეთანხმდით...
- თითქმის ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, პრეზიდენტთან პირობებზე მოვილაპარაკეთ და ერთწლიან კონტრაქტს ვაწერდი. უკრაინულ გაზეთებშიც დაიწერა, რომ "ოლექსანდრიაში" ვითამაშებდი, მაგრამ პირველი შეკრების დასრულებამდე ორი დღით ადრე ტრავმა მივიღე და გუნდი დავტოვე. სამწუხაროდ, ასეთი რამ ხდება.

- ეროვნულ ნაკრებში დებიუტის შემდეგ შენს თავზე ერთი - წისქვილის ქვა არ დატრიალებულა... მაგრამ იმასაც ამბობენ, დიდი მწუხარება დიდი სიხარულის დასაწყისიაო. "დინამოში" მოხვედრაც დამაიმედებელია...
- 30 წელი არაა პატარა ასაკი, მაგრამ, ჩემი აზრით, ფეხბურთში მთავარი მონდომებაა, მით უფრო, მცველისთვის. გამოცდილება კი მაქვს. ჩემს ასაკში ფეხბურთზე ხელის ჩაქნევა ნაადრევია, მაგრამ წინასწარ ლაპარაკი არ მინდა.

- "დინამოს" ვებგვერდთან ემოციური კომენტარი გააკეთე - ბაზაზე შემოსვლის დროს, მგონი, ახლა უფრო ვღელავდი, ვიდრე პირველად მოსვლისასო...
- ეს სიტყვები შემთხვევით არ მითქვამს. "დინამოში" დაბრუნებისას მართლაც ვინერვიულე, რაღაც სხვა შეგრძნება იყო - სიხარულიც, ბედნიერებაც. აქ ავიდგი ფეხი და თავი პროფესიონალად ვიგრძენი...

- ძველ და ახალ "დინამოს" შორის რა განსხვავებას ხედავ?
- დრო გავიდა და გუნდი ძალიან შეიცვალა, პროფესიონალურად გაზრდილია. ახლა ყველაფერია, კაცმა მხოლოდ ფეხბურთზე რომ იფიქროს - დაწყებული საცხოვრებელი კორპუსით, სავარჯიშო პირობებითა და კვების ბლოკით დასრულებული.

სხვათა შორის, ვერ ვიტყვი, რომ "დინამოს" მოსკოვის "სპარტაკზე" ან "ფრაიბურგზე" ნაკლები ბაზა აქვს. ისიც მომეწონა, ყველა თავის საქმეს რომ აკეთებს, ისევე, როგორც ევროპაშია. ამას საქართველოში მიჩვეული არ ვიყავი და გაოცებული დავრჩი.

- უკრაინა-ყაზახეთში გითამაშია და საინტერესოა, სათამაშო კლასით "დინამოს" "ოლექსანდრიასა" და "ვოსტოკთან" შედარება...
- დიდი ხანი არ არის, რაც გუნდში ვარ. ჯერ მხოლოდ ხუთიოდე ვარჯიშსა და მარტვილის "მერანთან" შეხვედრას დავესწარი. ასე რომ, გუნდზე სრული წარმოდგენა არ გამაჩნია, მაგრამ ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ "ოლექსანდრიას" არც ბაზით ჩამოუვარდება და არც ფეხბურთელებით.

"დინამოსა" და "ვოსტოკის" შედარება კი არ შეიძლება. სიმართლე გითხრათ, ყაზახეთის ჩემპიონატი, მოედნები და მათი მიდგომები არ მომეწონა. თითქოს ჩემპიონატს დავალებით ატარებენ, მათი სხვა მიზანი ვერ დავინახე. თუმცა რამდენიმე გუნდი შედარებით გამოირჩევა და რომ იცოდეთ, საკმაოდ დიდ ფულსაც იხდიან.

- საერთოდ, ყაზახეთში როგორ აღმოჩნდი?
- მაშინ "ანჟიში" არეულობა იყო, კერიმოვი მერე მოვიდა. გუნდთან კონტრაქტი ერთ წელიწადში მიმთავრდებოდა, როდესაც საკმაოდ საინტერესო წინადადება მივიღე.
გაჯიევს ვთხოვე და გამიშვა. სამწუხაროდ, მენეჯერმა ბევრი მოითხოვა და დაპირებულ გუნდში ვერ წავედი. ასე დავრჩი უგუნდოდ და ისეთ მდგომარეობაში ჩავვარდი, ყაზახეთში წასვლაც მიღირდა.

- გულახდილად ვთქვათ, ნაკრებში მოხვედრის იმედი კიდევ გაქვს?
- უიმედოდ არასოდეს ვყოფილვარ, თუმცა 2007 წელს ტოპმიოლერმა რომ გამომიძახა, მას შემდეგ ნაკრებში აღარ მითამაშია. მაგრამ ნაწყენი არავისზე ვარ. ნაკრების მწვრთნელი რომ ვყოფილიყავი, ჩემნაირ მდგომარეობაში მყოფ მოთამაშეს არ გამოვიძახებდი.

ჯერ იყო, ცხოვრებისეული პრობლემები შემექმნა და "ფრაიბურგიდან" "აუგსბურგში" წავედი; მაგრამ იმედი მაქვს, რომ მაშინდელს ახლა მაინც გამოვასწორებ.

ხომ იცით, გაჭირვებულს ქვა აღმართში დაეწიაო... ჯვარედინი იოგი გამიწყდა, 2008-იდან 2010 წლამდე ფსიქოლოგიური და ჯანმრთელობის პრობლემები მქონდა, მაგრამ მადლობა ღმერთს, ეს ყველაფერი დავძლიე.

მჯერა, დავდგები ფეხზე და კიდევ არის შესაძლებელი დიდ ფეხბურთში დაბრუნება. ახლა მხოლოდ ფეხბურთზე ვფიქრობ.

დიდი მადლობა მათ, ვინც მენდო და "დინამოში" დამაბრუნა. ამ ხალხის იმედები უნდა გავამართლო. დანარჩენს კი დრო გვაჩვენებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს მაგარი იგროკი ჩამოიყვანეს და თან მაგარი კაცია. წარმატებები
guja
00:24 23-03-2012
0

სიახლეები პოპულარული