ზვიად სიჭინავა: სომხებისთვის ბოდიში არ მომიხდია! რა გვაქვს გასაყოფი?

AutoSharing Option
კოლხიდამ კონტრაქტი გაწყვიტა, საქართველო კი უეფაში ერთადერთი უსპონსორო ნაკრებია

გუშინ "ლოკომოტივის" სტადიონზე ზვიად სიჭინავამ პრესკონფერენცია გამართა. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მედიასთან ქართულ ფეხბურთში ბოლო დროს დაგროვილ აქტუალურ თემებზე ილაპარაკა და საკმაოდ საინტერესო სიახლეები გაგვაცნო.
წინასწარ გეტყვით, რომ მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში უნიკალური მოვლენა ჩვენთან დაფიქსირდა - ალბათ, საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთად-ერთია მსოფლიოში, რომელსაც გენერალური სპონსორი არ ჰყავს. არადა, წლებსი განმავლობაში არ გვიმტკიცებდნენ, ქართული ფეხბურთი ფიფა-უეფაში დიდი ავტორიტეტით სარგებლობსო. ამაზეა ნათქვამი, რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო: წლების განმავლობაში "გაწეულმა უდიდესმა ამაგმა" ქართული
ფეხბურთი ლოგიკურ მდგომარეობამდე მიიყვანა, წაიქცა და რომელი თავმოყვარე კომპანია მოისურვებდა მუდმივად წაგებულ და ერის სირცხვილად მიჩნეულ ნაკრებთან და ფედერაციასთან გაიგივებას?

ქეცბაიათი კმაყოფილი ვარ...

ზვიად სიჭინავა: - საქართველოს ნაკრების თამაში თქვენ და გულშემატკივრებმა უნდა შეაფასოთ. თუმცა მიმაჩნია, რომ საბერძნეთთან და ისრაელთან ფრე ჩვენი ნაკრებისთვის კარგი შედეგია. აქვე იმასაც ვიტყვი, რო ფეხბურთის ფედერაციამ ყველა ის პირობა შეასრულა, რაც ქეცბაიამ მოითხოვა... საბერძნეთი ძალიან ძლიერი გუნდია, რასაც მათ მიერ გასვლაზე ხორვატიასთან ნათამაშები ფრეც ადასტურებს. ისიც სათქმელია, რომ ბიჭებმა მაგრად იბრძოლეს და თუ საწყის ორ მატჩში ექვსი ქულა ვერ მოვიპოვეთ, არც წაგვიგია. ჯერჯერობით, ჯგუფში მეოთხე ადგილიც არაა ცუდი შედეგი...

ორი რთული შეხვედრა გვქონდა - საბერძნეთთან, რომელიც ფიფას რეიტინგში მე-12 პოზიციაზეა და ისრაელთან, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევში ციკლში 16 ქულა დააგროვა. ბუნებრივია, უკეთესი შედეგი ყველას გვსურდა, მაგრამ მთავარი მაინც ისაა, რომ ქეცბაიას დანიშვნის შემდეგ, ეროვნულ ნაკრებს მატჩი აღარ წაუგია და ბუნებრივია, მისი მუშაობით კმაყოფილი ვარ.

ბაზა 30 დეკემბერს გაიხსნება

- რა მდგომარეობაშია ამჟამად ეროვნული ნაკრების საწვრთნელი ბაზა და როდის დასრულდება მისი რეკონსტრუქცია?
- როცა ქეცბაია მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, "ბასაზე" კოსმეტიკურ რემონტს ვგეგმავდით, მაგრამ შემდეგ მოთხოვნები გაიზარდა და აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრი რამ იყო შესაცვლელი. მაგალითად, ფიტნეს-დარბაზში ნაკრების ფიზმომზადების მწვრთნელმა 5 სავარჯიშო იარაღის ნაცვლად, 14 ველოტრენაჟორი და 30 "ძელი" მოითხოვა. ამას სხვა ნიუანსებიც დაემატა და სრული რეკონსტრუქცია გადავწყვიტეთ. ბაზას 1200 კვადრატული მეტრი ფართობის შენობა-ნაგებობა დაემატება, მათ შორის, დამატებითი ნომრები ფეხბურთელებისთვის, კვების ბლოკი და ა. შ.

შეიცვლება ბუნებრივი ბალახის საფარი და ამგვარად, ორი სტანდარტული მოედანი გვექნება - ხელოვნურსაფარიანი უკვე დაგებულია. ამას გარდა, კეთდება ჩოგბურთის კორტი, "გრეჰეტბოლის" ორი და ერთიც მინიმოედანი. საბოლოოდ, ეროვნული ნაკრების ტექნიკურ ცენტრში სამუშაოები წლის ბოლოს დასრულდება და "ბასას" 30 დეკემბერს გავხსნით. მანამდე კი, იმედია, წლის ბოლომდე დარჩენილი მატჩებისთვის მზადებაში "ბასას" რეკონსტრუქცია ეროვნულ გუნდს ხელს არ შეუშლის.

ერთადერთი უსპონსორო ნაკრები უეფაში

- მსურს კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხს შევეხო: სახელმწიფოს ფეხბურთისთვის აკეთებს იმას, რაც შეუძლია, მაგრამ ფედერაციას მთავრობა ლატარეაში არ მოგვიგია. დღეისათვის პრობლემა ისაა, რომ უეფაში შემავალი 53 ქვეყნიდან, მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს არ ჰყავს სპონსორი - ეს საქართველოა.

- "მადნეული" აღარ გაფინანსებთ?
- გვაფინანსებდა, მაგრამ "მადნეულს" ფეხბურთის ფედერაციასთან სასპონსორო კონტრაქტი 2009 წელს დაუმთავრდა. ასე რომ, სპონსორული დახმარებები აღარ მოგვდის. სპონსორებიდან დარჩა მხოლოდ "ნატახტარი", რომელიც წლიურად 80 ათას ლარს გვირიცხავს. თავადაც ხვდებით, რომ სანაკრებო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ეს მიზერული თანხაა და არანაირად არ გვეყოფა. არადა, სპონსორულ დახმარებებს ველოდით.

დღემდე, დახმარებას სახელმწიფოსგან ვიღებთ, რომლის საშუალებითაც ნაკრების შესამოსად "იაკოს" 600 ათასი გადაურიცხა. ამას დაამატეთ ფორმის შემოტანისას განბაჟების თანხა, დამატებითი ღირებულების გადასახადი და თავად მიხვდებით, რომ ასეთ მდგომარეობაში მუშაობა რთულია, ფეხბურთი 100 ათასი ლარით ვერ განვითარდება.

...იქნებ, საფარი უეფამ მაინც დაგვიგოს

- თემურ ქეცბაიამ ეროვნული სტადიონის საფარის მიმართ მკაცრი პრეტენზია გამოხატა. ამ არენას თქვენ ქირაობთ და არ შეგიძლიათ, ნორმალური პირობების უზრუნველყოფა მოითხოვოთ?
- თემურის გამონათქვამებს რაც შეეხება - რა თქმა უნდა, საფარი ისეთი არ იყო, როგორი მოვლაც ინგლისში იციან, მაგრამ ესაა რეალობა და ფეხბურთის ფედერაციას ეროვნული სტადიონის ხელმძღვანელობის მიმართ პრეტენზია არ აქვს. ვის არ სურს კარგ საფარზე თამაში, მაგრამ სტადიონის დირექცია იჯარიდან იმხელა თანხას ვერ იღებს, საფარი რომ გამოცვალოს. ეროვნულ სტადიონს ერთი მატჩის გასამართად 18-დან 22 ათასამდე ევროს ვუხდით და ეს ხელს გვაძლევს. თუ მერია საფარს შეცვლის - და ვიცი, რომ ამას აპირებენ და მუშაობაც უკვე მიდის - იჯარის საფასურიც გაიზრდება.

სტადიონზე ისრაელთან მატჩს 45 ათასი მაყურებელი მაინც დაესწრო, როცა მხოლოდ 32 000 ათასი ბილეთი გაიყიდა. ამ პრობლემის მოსაგვარებლად კი საჭიროა შესასვლელში სპეციალური დანადგარი, რომლის დამონტაჟებაც ასევე გაზრდის სტადიონის იჯარის ღირებულებას. ჩვენთან კიდევ დაბალი გადასახადებია: "ლუჟნიკის" ერთი მატჩით დაქირავება 150 000 დოლარი ღირს, ევროპაში კი უფრო კატასტროფული ფასებია - 200 000 ევროდან 300 000-მდე. ამ სოლიდური გადასახადების შედეგად, ევროპის ცნობილ სტადიონებზე საფარს ერთ წელიწადზე მეტხანს არ აჩერებენ.

- ...და ბევრგან წელიწადში ორჯერაც ცვლიან, დორტმუნდის სტადიონზე კი სულაც - ოთხჯერ...
- რა თქმა უნდა, და ამიტომაც აქვთ კარგი საფარი, ეროვნული სტადიონი კი იჯარით მიღებული თანხით საფარის შეცვლას ვერ გაწვდება. მაქსიმუმ 600-700 ათასი ლარით როგორ უნდა დააგონ ახალი მოედანი, როცა უამრავი ხარჯია - საფარის გარდა, დასამონტაჟებელია სარწყავი სისტემა, გადასახდელია მომსახურე პერსონალის ხელფასები, წყლისა და ელექტროენერგიის გადასახადი, რაც ძალიან დიდ თანხებს საჭიროებს...

სხვათა შორის, ბაზაზე მიწას რომ ვამუშავებდით და ვრწყავდით, წყლის გადასახადი 11 060 ლარი მოგვივიდა. საფეხბურთო მეურნეობა რომ ავაწყოთ, დიდი ფული გვჭირდება, ამაში კი სპონსორები უნდა გვეხმარებოდნენ, სპონსორები, რომლებიც არ გვყავს... მოკლედ, მრავალი პრობლემაა. ახლა რეზო არველაძე უეფაში მიემგზავრება. იქნებ, დაფინანსებას მივაღწიოთ და ინფრასტრუქტურის განვითარებაში დაგვეხმარონ. საქართველო დღეს მზად არ არის იმისთვის, რომ ფეხბურთში 200 მილიონი დააბანდოს.
- მოედნის მოსარწყავად ბევრგან არტეზიულ ჭას იყენებენ - მაგალითად, "ამერზე", "ლოკომოტივზე"... ბაზაზე ეს არ გიცდიათ?

- მოედნის მოსარწყავად ტექნიკური წყალია საჭირო, ამის საშუალება კი არ გვაქვს. ჩვენ კარგად ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ, რათა თავიდან ავიცილოთ ის ფსიქოზი, რაც თამაშის შემდეგ იყო...
- ვისი მხრიდან იყო ეს ფსიქოზი?
- ჩვენი მხრიდან, რადგან მოგება გვინდოდა. ისრაელს აზრადაც არ მოსვლია მოგება, ისედაც ვიცოდით, რომ ფრე აწყობდათ... რას ვიზამთ, სასურველ ქულებს ყოველთვის ვერ ავიღებთ. საბერძნეთში ვიბრძოლეთ და ქულა მოვიპოვეთ, შინ კი ქულას დავჯერდით. გარკვეული პრობლემები არის, მაგრამ ეს ჩემი კომპეტენცია არაა, ქეცბაიამ ჩემზე უკეთ იცის...

ბოდიში? საიდან მომიგონეს?!

- ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელ ოთარ გაბელიას ფეხბურთის ფედერაციასთან მალე კონტრაქტი უმთავრდება. თანამშრომლობის გაგრძელებას თუ აპირებთ?
- კონტრაქტით გაბელიამ კიდევ სამი თვე უნდა გაწვრთნას. პირადად მე მისი მუშაობით კმაყოფილი ვარ. ახალგაზრდებს ციკლი დაუმთავრდათ, 3 ოქტომბერს ეროვნული ნაკრები იკრიბება, შემადგენლობა მალე გვეცოდინება და ვნახოთ, თემური ეროვნულში ვის გამოიძახებს. მერე მალტის საერთაშორისო ტურნირზეც მივემგზავრებით. ახლა ორივე ნაკრებს სჭირდებოდა ფეხბურთელები და ამის გამო, ყველა სასურველ მოთამაშეს ვერც ერთ ნაკრებში ვერ იწვევდნენ...

ახალგაზრდული ნაკრების თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ. მართალია, პლეი ოფში გასვლის მცირე შანსი იყო, მაგრამ 15 ქულა ავიღეთ და ესეც მშვენიერი შედეგია. ჩვენ ისიც გვახსოვს, რომ ესტონეთთან და თურქეთთან გაბელიამ ყველა სასურველი მოთამაშე ვერ გამოიძახა და მუდმივი საკადრო პრობლემები ჰქონდა.
- სომხეთთან მატჩის ბოლოს ატეხილ ჩხუბზე უეფას სანქციები როდის გვეცოდინება?
- სამწუხაროდ, "ლოკომოტივის" სტადიონი მატჩის დასრულებამდე 15 წუთით ადრე დავტოვე, რათა ეროვნულზე საქართველო-ისრაელის თამაშისთვის მიმესწრო. სომხებთან გასაყოფი არაფერი გვაქვს, ჩვენი მეზობლები არიან და ტრადიციული ურთიერთობები გვაქვს. იმედია, მომხდარი ამ ურთიერთობებში არაფერს შეცვლის. უეფაში კი ამაზე 23 სექტემბერს იმსჯელებენ.

- მსაჯობაზე რას იტყვით? რატომ დაგვინიშნა უეფამ როგორ რუსი ყაზახეთიდან?
- რას ვიზამთ, ყაზახეთში ბევრი რუსია. მსაჯი ტენდენციური იყო, მაგრამ ეს ჩემი გასარჩევი არ არის. ჩვენ იღბალი გვწყალობდა, მაგრამ როცა ყველაზე მეტად დაგვჭირდა, მაშინ გვაქცია ზურგი.
- ერთ-ერთმა რუსულმა საიტმა გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს მომხდარის გამო მატჩის შემდეგ სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ბოდიში მოუხადეთ...
- მე ბოდიში არ მომიხდია, ან რისთვის უნდა მომეხადა?! ჩვენ ერთმანეთის მიმართ პრეტენზიები არ გვაქვს. გავარკვევთ, რა მოხდა მატჩის შემდეგ...

კოლხიდამ კონტრაქტი გაწყვიტა...

- ბატონო ზვიად, გასაგებია, რომ "კოლხიდასთან" პრობლემები იყო, მაგრამ ტურში ეროვნული ჩემპიონატის ერთი მატჩის ტრანსლაცია რა პრობლემა გახდა?
- სამივე წამყვანი ტელეკომპანიის წარმომადგენელი აქ ბრძანდებით, ვისაც ეროვნული პირველობის ტრანსლაცია უნდა გაინტერესებდეთ. "კოლხიდასთან" 25-წლიანი კონტრაქტი იყო გაფორმებული, რომელიც გაუქმდა. ამიერიდან, ეროვნულ პირველობაზე ყველა უფლება ფედერაციას დაუბრუნდა. ახლა კი დაინტერესებულ მხარესთან მოლაპარაკებას დავიწყებთ. ჩემპიონატი აქამდე მაინც "პირველი არხით" გადაიცემოდა. მოლაპარაკება ორშაბათს იწყება და მას ჩვენი პრესატაშე ლაშა დვალიშვილი გაუძღვება.

- წელს ჩემპიონატში საპრიზო ფონდი თუ იქნება?
- ჯერ ტელეკომპანიების ხელმძღვანელებს შევხვდებით და შემდეგ კლუბებს მათ მიერ შემოთავაზებულ პირობებს გავაცნობთ. ეტყობა, ჩვენ ყველაფერში განსხვავებული ქვეყანა ვართ. თუ უცხოეთში ჩემპიონატის ჩვენებისთვის ფულს ტელევიზიები იხდიან, აქ ჩვენ ვიხდით... ფედერაცია ამ უფლებას ხანგრძლივი ვადით აღარავის გადაცემს. ჩემი პრეზიდენტობის ვადა 2011 წელს იწურება და ახალ პრეზიდენტს ხანგრძლივმა კონტრაქტმა პრობლემა არ უნდა შეუქმნას. ამიტომ, ჩვენ ახალ ხელშეკრულებას სამი თვით გავაფორმებთ და ეროვნულ ჩემპიონატს პირველი წრის ბოლომდე აუცილებლად გავაშუქებთ.

შეცდომა აღარ უნდა მოხდეს...

- მცხეთაში "ვიტ ჯორჯიას" სტადიონის მშენებლობა რატომ ყოვნდება? კლუბში ამბობენ, რომ თავისი ვალდებულება შეასრულეს და საფარის დაგებას ახლა თქვენგან ელიან...
- მცხეთაში საქმე ასე მარტივადად არ არის. სტადიონზე უეფას წარმომადგენელი ჯოზეფ კლიმენტი იმყოფებოდა და რამდენიმე შენიშვნაც გააკეთა. ამ შეცდომებს კი გამოსწორება სჭირდება, თორემ საფარის დაგება პრობლემა არ არის. ჩვენ არ გვინდა, რომ მცხეთის სტადიონზეც იგივე მოხდეს, რაც რუსთავში და შეცდომების გამოსწორება უკვე დაგებულ მოედანზე დაიწყოს. შეცდომები თავიდანვე, საფუძვლის ჩაყრისას უნდა ავიცილოთ, სამუშაოები ხარისხიანადაა შესასრულებელი და სექტემბრის ბოლოს საფარის დაგებას წინ არაფერი დაუდგება.
მკითხველის კომენტარები / 14 /
აი მაგან დაგვუპა კარტველობა სჰავლეგ კველასია რომ ვიზახიტ სომხების , და სომხებმა კულაც არ მოგვცეს არფერსჰი რომ არ ცჰირდებოდატ ისეტი,ცჰვენ რომ ვკოფილიკავიტ 1000იანი მივცემდიტ ხომ ვიციტ, ლარსიც გავუხსენიტ აგერ
besa
12:19 12-09-2010
0
ხო კალოევი :)))რა კალოევი ან ტუ კალოევი ზიდანიც არ დაგავიცკდეს ,მარადონა არამეგრელები არიან. ისე ხურცილავასტან ესენი რა მოსატანია მსოფლიო ცჰემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორტან,
besa
12:08 12-09-2010
0

სიახლეები პოპულარული